თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი ზაქარია (შაქრო) კალაშოვი ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ რესტორანთან მომხდარი სროლის საქმეზე დააკავეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სამართალდამცველ ორგანოებში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.
„ის გუშინ, შუადღისას მოწმის სახით დააკავეს. ბრალდება ჯერ არ წაუყენებიათ“, — განაცხადა ანონიმურმა წყარომ.
მისი თქმით, კალაშოვის გარდა კიდევ ორი ადამიანი დააკავეს. დაკავებულებისთვის ბრალდების წაყენებას იარაღის უკანონო ბრუნვის, ხულიგნობისა და გამოძალვის მუხლებით აპირებენ.
2015 წლის დეკემბერში მოსკოვის ცენტრში, ერთ-ერთ რესტორანთან სროლა მოხდა. სროლის შედეგად დაიჭრა ხუთი მამაკაცი, მათგან ორი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ზაქარია კალაშოვი 1953 წელს თბილისში დაიბადა. „კანონიერ ქურდად“ ის 1971 წელს საქართველოს დედაქალაქში „აკურთხეს“. 1990-იანი წლების დასაწყისში კალაშოვი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.
ის რუსეთში, სადაც გავლენიან კრიმინალურ ავტორიტეტად მიიჩნევა, სამჯერ გაასამართლეს. 2000 წელს ის ესპანეთში წავიდა.
2005 წელს ესპანეთის სპეცსამსახურებმა დაახლოებით 30 ადამიანი, ე.წ. რუსული მაფიის წევრები დააკავეს. მაშინ კალაშოვმა მიმალვა შეძლო.
2006 წელს კალაშოვი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დააკავეს და ესპანეთს გადასცეს. მას 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოგვიანებით სასჯელი შეუმსუბუქეს. 2014 წელს კალაშოვი რუსეთში დაბრუნდა.
2006 წელს საქართველოს სასამართლომ შაქრო კალაშოვს აშშ-ის მოქალაქის გატაცებისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის დაუსწრებლად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.