არჩევნები: დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია

გამოწერა
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. ქალაქებისა და რაიონების მერების, ასევე რაიონული და საქალაქო საკანონმდებლო ორგანოების (საკრებულოების) დეპუტატების არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდება.

განკარგულებას არჩევნების დანიშვნის თარიღის შესახებ ხელი უკვე მოაწერეს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა და ის გამოქვეყნდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ვებ-გვერდზე.

ცესკოს მონაცემებით, სულ საქართველოში აირჩევენ 2 ათას 58 დეპუტატს 64 საკრებულოში და 64 მერს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი არჩევნების ჩატარების დღე დაასახელა

ადგილობრივ არჩევნებზე 39 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება. ეს თანხა დაიხარჯება საარჩევნო ადმინისტრაციებისა და ასევე უფასო პოლიტიკური რეკლამის დაფინანსებაზე.

ამ დროისთვის განაცხადი არჩევნებში მონაწილეობაზე შეიტანა 9 პარტიამ, აქედან ორს ცესკომ რეგისტრაციაზე უარი უთხრა. ცესკო პარტიების რეგისტრაციას 27 აგვისტოს შეწყვეტს.

სიახლეები

ეს არჩევნები წინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისგან არსებითად განსხვავებული იქნება.

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პარლამენტმა თვითმმართველი ქალაქების სტატუსი ჩამოართვა ამბროლაურს, ახალციხეს, გორს, ზუგდიდს, თელავს, მცხეთასა და ოზურგეთს. ეს სტატუსი შეინარჩუნეს თბილისმა, ბათუმმა, რუსთავმა, ქუთაისმა და ფოთმა.

ამასთან, პარლამენტმა გააუქმა გამგებლის თანამდებობა და ის რაიონების მერებით შეცვალა.

მცხეთა - Sputnik საქართველო
საქართველოში აგვისტოდან ნაკლები თვითმმართველი ქალაქი იქნება

სიახლე ეხება ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის ვადებსაც. ამ არჩევნებზე საკრებულოების დეპუტატებსა და ქალაქებისა და რაიონების მერებს აირჩევენ სამის ნაცვლად ოთხი წლით.

აკრძალვები

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებასთან ერთად ამოქმედდა შეზღუდვები, რომლებიც არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე იმოქმედებს.

22 აგვისტოდან აიკრძალა მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ნებისმიერი ახალი სახელმწიფო პროგრამის განხორციელება, რაც 2017 წლის ბიუჯეტით არ არის გათვალისწინებული.

ასევე, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე არ შეიძლება გაიზარდოს სოციალური დახმარებების ოდენობა და შეღავათების დაწესება, რომლებიც კანონით მანამდე არ იყო გათვალისწინებული.

გარდა ამისა, 22 აგვისტოდან იკრძალება ადმინისტრაციული შენობებისა და სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული ორგანიზაციების შენობების ან სხვა ქონების გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიისთვის.

ამ დღიდან პარტიებსა და მათ წარმომადგენლებს არ შეუძლიათ საჩუქრების, თანხის ჩუქება და ამომრჩევლისთვის მატერიალური ჯილდოს დაპირება.

მონაწილეები

ამჟამად ცნობილია შვიდი პარტია, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ადგილობრივი არჩევნებისთვის ბურჯანაძისა და კუკავას პარტიები გაერთიანდნენ

უკვე ცნობილია, რომ არჩევნებში მონაწილეობას შემდეგი პარტიები მიიღებენ: "საქართველოს ევროპული დემოკრატები", "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", "საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია, " "ხალხის პარტია" "მამულიშვილთა ორდენი სამშობლო", "საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია" და "ახალი მემარჯვენეები".

გარდა ამისა, კიდევ რვა პარტიამ მონაწილეობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მათ უკვე წარადგინეს კანდიდატები თბილისის მერის თანამდებობაზე.

თბილისის მერობის კანდიდატები ამჟამად არიან კახა კუკავა, კახა კალაძე, ზაალ უდუმაშვილი, ელენე ხოშტარია, თენგო შერგელაშვილი და ირმა ინაშვილი. ასევე, მერის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა.

პარტიებსა და კანდიდატებს ცესკოში რეგისტრაციისთვის ვადა 27 აგვისტომდე აქვთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0