საქართველოში აგვისტოდან ნაკლები თვითმმართველი ქალაქი იქნება

გამოწერა
ქალაქებს, რომლებიც თვითმმართველი ქალაქების სტატუსს დაკარგავენ, რაიონების მერები უხელმძღვანელებენ.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები რიგ კანონებში, რომელთა თანახმად თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან ხუთამდე მცირდება.

ცვლილებებს, რომლებიც ძალაში 1 აგვისტოს შევა, 83-მა დეპუტატმა, ხუთის წინააღმდეგ, დაუჭირა მხარი. ამგვარად, თვითმმართველი ქალაქის სტატუსს დაკარგავს ამბროლაური, ახალციხე, გორი, ზუგდიდი, თელავი, მცხეთა და ოზურგეთი. ამ ქალაქებს რაიონების მერები უხელმძღვანელებენ.

თვითმმართველი ქალაქის სტატუსს შეინარჩუნებს თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი და ფოთი.

გორის ციხე - Sputnik საქართველო
საქართველოს რაიონებს მერები უხელმძღვანელებენ

გარდა ამისა, 1 აგვისტოდან უქმდება გამგებლის თანამდებობა, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირია.

ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ რაიონის მერის თანამდებობა გაჩნდება. ამ თანამდებობაზე კანდიდატურებს, ისევე, როგორც თვითმმართველი ქალაქების მერებს, პირდაპირი კენჭისყრით ოთხწლიანი ვადით აირჩევენ.

ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში გაიმართება.

ამ ცვლილებების მიზანია ყველა მუნიციპალიტეტის ერთიანი პრინციპით განვითარება, ეფექტური მართვის ხელშეწყობა და ადმინისტრაციული რესურსების შემცირების გზით კაპიტალური ხარჯების გაზრდა. ეს, მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თვალსაზრისით, მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება.

ყველა ახალი ამბავი
0