თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი შეუდგა თვითმმართველობის სისტემის რეფორმირების შესწორებების პაკეტის განხილვას, რომლის თანახმად რაიონებს უხელმძღვანელებენ მერები და არა რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელები.
ამჟამად ადგილობრივი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირია გამგებელი – რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მერი – თვითმმართველ ქალაქში. ამასთან შვიდ თვითმმართველ ქალაქში მოქმედებენ როგორც მერიები, ისე რაიონული ადმინისტრაციები, რომლებიც ხშირად ერთსა და იმავე სამუშაოს ასრულებენ.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გადაწყვიტა, გაუუქმდეს სტატუსი ამ თვითმმართველ ქალაქებს: ამბროლაური, ახალციხე, გორი, ზუგდიდი, თელავი, მცხეთა და ოზურგეთი. ამ ქალაქებს უხელმძღანელებენ რაიონების ხელმძღვანელები, ამასთან მათ შემდეგ უწოდებენ არა გამგებლებს, არამედ მერებს.
თვითმმართველი ქალაქის სტატუსს შეინარჩუნებენ თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი და ფოთი.
შესწორებების თანახმად, მერებს, უწინდებურად, პირდაპირი კენჭისყრით 4 წლის ვადით აირჩევენ.
რეგიონული განვითარების სამინისტროში განმარტავენ, რომ შემოთავაზებული ცვლილებები არ არის დამოუკიდებელი თვითმმართველობის შესუსტების ან ხელისუფლების დეცენტრალიზაციის კურსიდან გადახვევის მცდელობა.
„განსახორციელებელი ცვლილება მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტების განვითარების ერთიანი ხედვით, ეფექტიანი მართვის ხელშეწყობას და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების გზით, კაპიტალური ხარჯების მოცულობის გაზრდას, რაც დადებითად აისახება მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე“, – აღნიშნულია კანონპროექტის ავტორის განმარტებაში პარლამენტის ვებ–გვერდზე.
შესწორებები 2017 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზე ჩატარდება.