ძვირფასო მკითხველო, მადლობა შენ ერთგულებისთვის!
აბა, სხვა რას უნდა დავაბრალო, რომ ზაფხულის გაუსაძლის სიცხეშიც გულისყურით ეცნობი ახალ სტრიქონებს. ხშირად, არც რჩევასა და კრიტიკულ სიტყვებს იშურებ შემთხვევით შეხვედრისას თუ სოციალურ ქსელში პირადი მიმოწერისას. რევერანსები დაასრულე და საქმეს მიხედეო, — შესაძლოა ბრძანოთ და მეც შევისმენ ნათქვამს.
აგვისტოს მეორე დეკადის ბოლოს მმართველმა პოლიტიკურმა ელიტამ ოპონენტებთან საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის თავიდან დაწყება მოისურვა. სამისოდ შეხვედრის დრო და ადგილიც დაითქვა.
რა გასაკვირია, მეც მეგონა, რომ მორიგი სტატიით ზოგადად რეფორმისა და კონსტიტუციის პროექტის სადავო საკითხებზე თანხმობის მიღწევის მცდელობას გამოვეხმაურებოდი. მაგრამ შეხვედრა დასრულდა და მივხვდი, რომ დასკვნების გაკეთება ნაადრევია. ამიტომ გადავწყვიტე, თქვენი ყურადღება ოქტომბერში დაგეგმილი თბილისის მერის არჩევნებისკენ მივაპყრო.
წლის მთავარ პოლიტიკურ ბატალიებამდე ორი თვე რჩება. პოლიტიკური პარტიებისა და მათი ყოჩების რეალური რეიტინგები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ხმამაღლა ადანაშაულებენ სოციოლოგიური კვლევებით მანიპულაციაში. თუმცა, „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახი კალაძე უკლებლივ ყველა კვლევით უალტერნატივო ლიდერია. ამავე კვლევებში ციფრები სდუმან მრავლისმეტყველად, თუ რა მოხდება მეორე ტურის შემთხვევაში.
ჩვენი და „თვითმყოფადი“ ქართული პოლიტიკური ველის მკვლევარი ყოვლისშემძლე უცხოელი სოციოლოგები ჯერჯერობით დაბნეულები არიან, სავარაუდო კონფიგურაციების ციფრებში ასახვას ერიდებიან, ან, არ გაგიკვირდეთ და, შესაბამისი „დაკვეთა“ ჯერ არ მიუღიათ. დრო კიდევ არის და იმედია, ეს „ხარვეზი“ შეუმჩნეველი და „გამოუსწორებელი“ არ დარჩება.
ამასობაში კი პოლიტოლოგთა ნაწილი მეორე ტურს გარდაუვლად მიიჩნევს, ნაწილი კი უბრალოდ დარწმუნებულია, რომ თბილისისთვის ბრძოლა პირველივე ტურში დასრულდება სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ.
სოციოლოგიურ კვლევის შედეგებს პერიოდულად ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) აქვეყნებენ. NDI-ის ბოლო კვლევით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახი კალაძე 30 პროცენტით ლიდერობს, მეორე პოზიცია კი 19 პროცენტით ალეკო ელისაშვილს უკავია, შემდეგია „ნაციონალური მოძრაობის“ რჩეული ზაალ უდუმაშვილი 18 პროცენტით, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ელენე ხოშტარია მეოთხეა 5 პროცენტით. არ ჩამოყალიბებულა გამოკითხულთა 12 პროცენტი.
ცნობილია, რომ შიდა კვლევა მმართველმა გუნდმაც ჩაატარა. პროცენტული მონაცემები და საერთო პოლიტიკური სურათი განსხვავებულია. ერთადერთი მსგავსება ისაა, რომ თბილისის მერობისთვის ბრძოლაში პირველი ადგილი კახა კალაძეს უჭირავს, თუმცა თუ NDI-ის კვლევაში მას 30 პროცენტი აქვს და მეორე ტურის ალბათობა დიდია, „ქართული ოცნების“ შიდა კვლევაში მას 40 პროცენტამდე აქვს და მეორე ტურის გარდაუვალობა არ იკვეთება — ოპოზიცია სერიოზული კონკურენციისათვის საკმარის ხმებს ჯამურადაც ვერ აგროვებს.
მმართველი ძალისთვის შიდა კვლევებს ჯერ კიდევ 2012 წლიდან ატარებს კომპანია „ფსიქოპროექტი“. პოლიტიკური ოპოზიცია და საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი სხვადასხვა კვლევითი ჯგუფები „ფსიქოპროექტს“ მუდმივად ადანაშაულებდნენ მმართველი გუნდის სასარგებლოდ ციფრებით თამაშში. თუმცა, ფაქტია, რომ ამ კომპანიის კვლევის შედეგები ყოველთვის ახლოს იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებთან.
კომპანია „ფსიქოპროექტის“ ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავა ხელმძღვანელობს. სწორედ მისგან შევიტყვეთ, რომ მმართველი გუნდისთვის ჩატარებული კვლევის შედეგებში მეორე პოზიცია ზაალ უდუმაშვილს უკავია, ხოლო ალეკო ელისაშვილისა და ელენე ხოშტარიას მაჩვენებლები დაახლოებით ერთნაირია.
ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავა: „ნდობის რეიტინგი შევადგინეთ, კახა კალაძე პირველ ადგილზეა და მისი რეიტინგი გაცილებით მაღალია, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენისა. ოპოზიციის ჯამური რეიტინგი ვერ აჭარბებდა კახი კალაძის რეიტინგს. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ბევრი იყო — 30 პროცენტზე მეტი. ამ კვლევამ არ აჩვენა, რომ მეორე ტური იქნება თბილისში. კახა კალაძეს აქვს შანსი, პირველივე ტურში მოიგოს. კვლევისას არსებობს ალოკაციის მეთოდი, რომლითაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, ის ხალხი, ვისაც ჯერ გადაწყვეტილი არა აქვს არჩევანი, საბოლოოდ საით გადაიხრება. ჩვენი კვლევის მიხედვით, გადამწყვეტად დიდი პროცენტი სახელისუფლებო კანდიდატებისკენ გადაიხრება… როცა ვეკითხებოდით, იმის მიუხედავად, თქვენ ვის აძლევთ ხმას, თქვენი აზრით, რომელი პარტიის წარმომადგენლები გაიმარჯვებენ-თქო, 62 პროცენტი ამბობდა, რომ გაიმარჯვებდნენ „ქართული ოცნების“ კანდიდატები… პარადოქსულად არ მოგეჩვენოთ, მაგრამ კახა კალაძისთვის ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგე შეიძლება იყოს ელენე ხოშტარია, ზაალ უდუმაშვილსა და ალეკო ელისაშვილს კი ადვილად მოუგებს“.
პოლიტოლოგთა უმრავლესობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდისა და მისი კანდიდატების გამარჯვებას პროგნოზირებს. გამონაკლისი არც თბილისის საკრებულოს და მერის არჩევნებია.
ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე: „მიუხედავად იმისა, რომ NDI-ის მიმართ კრიტიკული ვიყავი, ამ შემთხვევაში რაღაც პარალელური კვლევები ვიცი და დაახლოებით იგივე შედეგებია. აქედან გამომდინარე, მათი შედეგები სანდოა, ოღონდ ამ მომენტისთვის. ცხოვრება დინამიკურია და მრჩება შთაბეჭდილება, რომ კახა კალაძე გაცილებით უფრო აქტიურობს სოციალურ ქსელებში თუ ეკრანზე, ვიდრე მისი კონკურენტები. მედიააქტიურობა კი რეიტინგს ყოველთვის ზრდის. მგონი, პარტიებიც იმიტომ არიან გაჩუმებულები, რომ ელოდებიან სექტემბერს. ვნახოთ, თითოეული რას შემოგვთავაზებს, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობის მიხედვით, მგონია, რომ თბილისის მასშტაბით კახა კალაძე ნომერ პირველი კანდიდატია“.
მმართველი გუნდის გარდაუვალი გამარჯვების მოლოდინში ექსპერტ-ანალიტიკოსთა დიდი ნაწილის ინტერესს ე.წ. მეორე ადგილის „ბედი“ იწვევს. „ვინ მოირგებს მთავარი ოპოზიციური პარტიის მანტიას?“ — ეს კითხვა ახლაც აქტუალურია, თუმცა არის მოსაზრება, რომ ამჯერად შესაძლოა ეს „საპატიო მისია“ მესამეადგილოსანს ერგოს, რადგან არც ისე მცირეა შანსი, მეორე პოზიცია დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა დაიკავოს.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე: „უკლებლივ ყველა კვლევა ადასტურებს, რომ თბილისის მერობისთვის ბრძოლაში, კახი კალაძის შემდეგ, კანდიდატებს მეტ-ნაკლებად თანაბარი შანსები აქვთ. ორი ყოფილი ჟურნალისტის დაპირისპირებაში ელექტორატის სიმპატიები, სავარაუდოდ, „ცხრაწლიან პოლიტიკური წარსულზე“ პასუხისმგებლობისგან თავისუფალი კანდიდატისკენ გადაიხრება. ალეკო ელისაშვილს შანსი აქვს მოიპოვოს მმართველ გუნდზე გაბრაზებული ელექტორატის ხმები. რაც შეეხება ზაალ უდუმაშვილს, მისი რესურსი, უკეთეს შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ რესურსის ტოლფასია“.
საარჩევნო ბატალიებში რამდენიმე დღეა ირმა ინაშვილიც ჩაერთო. და როგორი იქნება ახალი კონფიგურაცია სარეიტინგო ციფრებში, ამას დრო გვიჩვენებს.