თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ოპოზიციურმა პარტიამ "ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი", რომელმაც ამომრჩევლების ხელმოწერები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ცხენებშებმული ფაეტონით მიიტანა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი მიიღო.
არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიამ ცესკოში მინიმუმ 25 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა უნდა წარადგინოს. "გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, წარდგენილი 27 990 ხელმოწერიდან ცესკომ 27 977 გააუქმა. მან აღნიშნა, რომ სინამდვილეში ყველა ხელმოწერა ყალბი იყო, მაგრამ ცესკომ 13 ნამდვილი ხელმოწერა აღმოაჩინა.
"ყოველივე ეს ნათლად აჩვენებს, რომ ხელმოწერების წარდგენასთან დაკავშირებული კანონის ეს მოთხოვნა რეალურად გულისხმობს მხოლოდ მაკულატურის შეგროვებას და უბიძგებს პარტიებს არა რეალური მხარდამჭერების მოძიებისკენ, არამედ ცესკოს ბლანკებში არსებული ბაზებიდან მონაცემების ზედმიწევნით სიზუსტით გადმოწერისკენ… პარტიები ან ვერ აცნობიერებენ ამ პროცესის აბსურდულობას, ან, უბრალოდ, ცდილობენ სისტემის საკუთარ თავზე მორგებას", — განაცხადა ჯაფარიძემ პრესკონფერენციაზე.
არჩევნების წინ, რომელიც 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს გაიმართება, "გირჩმა" შექმნა ვებ-პორტალი, სადაც ყველა მსურველს შეეძლო რეგისტრაცია.
ხელმოწერების მისატანად "გირჩმა" ფაეტონი იმისთვის შეარჩია, რომ ეჩვენებინა ძველი მეთოდების გამოყენების უაზრობა. 21-ე საუკუნეში დოკუმენტების წარდგენა ელექტრონული ფორმით უნდა ხდებოდეს და არა ქაღალდებით, აღნიშნა ჯაფარიძემ.
მიუხედავად იმისა, რომ "გირჩი" არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, ეს არ ნიშნავს, რომ პარტია საარჩევნო პროცესს მთლიანად ჩამოშორდება, განაცხადა პოლიტიკოსმა.
"ჩვენ თვე-ნახევრის წინ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ თუ ონლაინ ვერ შევაგროვებდით 25 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერას, არჩევნებში არ მივიღებდით მონაწილეობას. ჩვენ შევაგროვეთ 7 ათასზე მეტი ხელმოწერა… თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მთლიანად ჩამოვცილდებით საარჩევნო პროცესს. ასეთ ბედნიერებას არ მივცემთ სხვა პოლიტიკურ პარტიებს", — განაცხადა ჯაფარიძემ.
პარტია ორიგინალური დასახელებით "გირჩი" 2015 წელს შეიქმნა. ის დააარსეს პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა. პარტიის ერთ-ერთ მიზანს ასევე წარმოადგენს საქართველოში მარიხუანის შეძენა-შენახვისა და მოხმარების ლეგალიზაცია.
2016 წლის ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს პარტიის აქტივისტებმა საკუთარ ოფისში კანაფი პირდაპირ ეთერში დათესეს. 11 დღეში პოლიციამ ამოიღო ქოთნები ამოსული მცენარით, თუმცა ხანგრძლივმა გამოძიებამ აჩვენა, რომ მოყვანილი "ბალახის" რაოდენობა სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთვის და დაპატიმრებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
ივლისის ბოლოს პარტია კიდევ ერთი უჩვეულო წინადადებით — საქართველოში პროსტიტუციის ლეგალიზების მოწოდებით გამოვიდა.