ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ, ჯანი ბუკიკიომ ხელისუფლება და ოპოზიცია 6 სექტემბერს სტრასბურგში საკონსტიტუციო ცვლილებებზე სასაუბროდ მიიწვია.
საკონსტიტუციო კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ გამარჯვებიდან ერთ თვეში დაიწყო. „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. ეს მას პარლამენტში ნებისმიერი კანონის ერთპიროვნულად მიღებისა და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შესაძლებლობას აძლევს.
„ქართულმა ოცნებამ“ ისეთი საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარების პირობა დადო, რომელიც საყოველთაო კონსენსუსის შედეგი იქნებოდა. თუმცა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შედეგები, სადაც უმრავლესობას „ქართული ოცნება“ წარმოადგენდა, არც პრეზიდენტს, არც წამყვან ოპოზიციურ პარტიებს, არც ავტორიტეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არც ექსპერტებსა და არც ომბუდსმენს არ მოეწონა.
ამ ფონზე საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა პრაქტიკულად უცვლელად, ორი მოსმენით მიიღო. კენჭისყრაში მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები მონაწილეობდნენ, საპარლამენტო ოპოზიციამ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა და სხდომათა დარბაზი დატოვა.
მესამე მოსმენისას დეპუტატებმა კანონპროექტი საბოლოო რედაქციით მიიღეს. კანონით, აზრობრივი შესწორებების შეტანა მესამე მოსმენისთვის არ შეიძლება.
პრეტენზიები და დათმობები
ცვლილებებთან ძირითადი პრეტენზიები ეხება პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების გაუქმებას, პარლამენტში ადგილების განაწილებასა და საპარლამენტო არჩვენების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღს.
დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 150 დეპუტატისგან შემდგარი პარლამენტი აირჩევა არა დღეს არსებული შერეული სისტემით — 77 დეპუტატი პროპორციული სიებით და 73 — ერთმანდატიანით, არამედ მთლიანად პროპორციულით. ვენეციის კომისიამ ეს დადებითად შეაფასა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სიახლე ძალაში შევა არა 2020 წლის არჩევნებისთვის, არამედ 2024 წელს.
გარდა ამისა, არჩევნებზე მონაწილეობის მიღების მიზნით საარჩევნო ბლოკების შექმნა იკრძალება.
ასევე იცვლება პარლამენტში ადგილების განაწილების პრინციპი. მოქმედი სისტემით, მანდატები პარტიებს შორის პირველ რიგში მიღებული ხმების შესაბამისად ნაწილდება. დარჩენილი მანდატების ნაწილს გადასცემენ იმ პარტიებს, რომლებმაც პარლამენტში ექვსზე ნაკლები ადგილი მიიღეს, რათა მათ ფრაქციების შექმნა შეძლონ, ხოლო დანარჩენ ნაწილს რიგითობის მიხედვით პარლამენტში მოხვედრილ პარტიებს შორის ანაწილებენ.
ახალი სისტემით, ყველა გაუნაწილებელი ადგილი იმ პარტიას ერგება, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს პარლამენტში.
იცვლება ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის სისტემაც. თუ აქამდე პრეზიდენტს მოსახლეობა პირდაპირი წესით ირჩევდა, ახლა მას 300 ხმოსანი აირჩევს. ხმოსნების შემადგენლობაში შევლენ პარლამენტის დეპუტატები, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოების წევრები და რეგიონების თვითმმართველობების წარმომადგენლები.
უამრავი პრეტენზიის მოსმენის შემდეგ, მმართველმა პარტიამ გარკვეულ დათმობებზე წასვლა გადაწყვიტა. მაგალითად, 2020 წლის არჩევნებისათვის პარლამენტში გამსვლელი ზღვარი 5%-დან 3%-მდე შემცირდება.
გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში გამარჯვებული პარტიისთვის ადგილების განაწილების კუთხით შეზღუდვების დაწესება გადაწყვიტა.
კერძოდ, მიღებული გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მიღებული ძირითადი მანდატების 35%-ს. თუ გაუნაწილებელი მანდატი მეტი აღმოჩნდება, მათ პროპორციულად გაანაწილებენ იმ დანარჩენ პარტიებს შორის, რომლებმაც არანაკლებ 5%-ისა მიიღეს. გარდა ამისა, მიღებული მანდატების რაოდენობა 89-ს არ უნდა აღემატებოდეს.
ცვლილებები ძალაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, 2018 წლის შემოდგომაზე შევა. ამგვარად, შემდგომ არჩევნებზე პრეზიდენტს კვლავ მოსახლეობა აირჩევს.
ოპოზიციური პარტიები მსგავს დათმობებს კომპრომისად არ მიიჩნევენ. ისინი პროექტის პარლამენტიდან გამოწვევასა და საკონსტიტუციო რეფორმის ხელახალ განხილვას მოითხოვენ.
ვითარებას ამწვავებს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც, რომელმაც ცვლილებებს დიქტატურისკენ ნაბიჯი უწოდა.
ვენეციის კომისიის როლი
ვენეციის კომისიის დასკვნებს ფართოდ იყენებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, როგორც დემოკრატიის სფეროში ევროპული სტანდარტების ასახვას.
ვენეციის კომისია 1999 წლიდან ყურადღებით აკვირდება საქართველოს კონსტიტუციასთან დაკავშირებულ მეტამორფოზებს.
ცვლილებები კომისიას საერთო ჯამში მოეწონა, თუმცა ის მიიჩნევს, რომ მაღალი გამსვლელი ზღვარი და ბლოკების შექმნის აკრძალვა არჩევნების შემდეგ პარლამენტში მმართველი პარტიის დომინირების საფრთხეს ქმნის.
სერიოზული კრიტიკა მანდატების განაწილების სისტემამაც დაიმსახურა. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ვარიანტი ყველა პარტიის თანასწორ მდგომარეობაში ყოფნის ეჭვს იწვევს და მან პარლამენტში ერთი პარტიის არაპროპორციულად დიდი წარმომადგენლობა შეიძლება გამოიწვიოს.
ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას ორპალატიანი პარლამენტის შექმნისკენ მოუწოდა საიმისოდ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემდეგ პარლამენტში რეგიონების წარმომადგენლობის საკითხი მოგვარდეს.
ამასთან, ევროპელი ექსპერტები პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების წინააღმდეგი არ არიან. მაგრამ დასკვნაში ნათქვამია, რომ საპარლამენტო არჩევნების წარმოდგენილი სისტემისა და იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტის არჩევისთვის ხმოსანთა (მათგან 150 — დეპუტატია) ხმების ნახევარზე მეტია საჭირო, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ სახელმწიფოს მეთაური უმრავლესობის კანდიდატი გახდება, რაც პრეზიდენტის ნეიტრალურ როლზე ნეგატიურად აისახება.
საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც ცვლილებების მიღებას ვენეციის კომისიის შენიშვნების გათვალისწინებით ჰპირდებოდა, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებაზე უარს აცხადებს, იმ მიზეზით, რომ კანონპროექტი საერთო ჯამში მისაღები აღმოჩნდა.
მოლაპარაკებებისთვის მზად არიან
მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვენეციის კომისიის შენიშვნების მიღების შემდეგ მოლაპარაკებების დაწყების მზადყოფნის შესახებ განაცხადა, ოპოზიციასთან შეხვედრა აქამდე არ შემდგარა.
ოპოზიცია სტრასბურგში წასასვლელად და თავისი თვალსაზრისის დასაცავად ემზადება. ამასთან, ის მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების წარმატებულ შედეგზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
„თუ ხელისუფლება თავისი პოზიციის შეცვლას არ აპირებს, მაშინ ასეთი აუქციონი სტრასბურგში გაიმართება, თბილისში, თუ რომელიმე სხვა ქალაქში, მნიშვნელობა არ აქვს, ის მაინც წარუმატებლობისთვის არის განწირული“, — განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრმა, გიორგი ახვლედიანმა.
„ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ დათმობებზე ოპოზიცია უნდა წავიდეს.
„პოლიტიკური დათმობები იყო არაერთ საკითხზე — იქნებოდა ეს ბარიერის დაწევა, იქნებოდა ბონუსების სისტემა თუ სხვა საკითხები. ასე რომ, ვფიქრობ, თუ იქნება ორმხრივი სურვილი, რომ შეთანხმება მოხდეს, თუ ოპოზიციასაც სურს, რომ კონსენსუსი შედგეს ამ კონსტიტუციის გარშემო, ეს არის შესაძლებელი“, — აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.