კაკალი - ძვირფასი მცენარე და ქართული სამზარეულოს ღირსეული სანელებელი

გამოწერა
ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე „სანელებლების" რუბრიკაში მრავალმხრივი გამოყენებისა და ქართული სამზარეულოს ერთ–ერთ უძვირფასეს სანელებელზე – კაკალზე გვიამბობს

ჩვეულებრივი კაკლის ხე, კაკალი (Juglans regia L.), орех грецкий, ქართული დიალექტით: გურული, იმერული, რაჭული, ლეჩხუმური: ნიგოზი, ნიგვზის ხე; მეგრული: ნეძი; სვანური: კაკრა, კაკ, გაკ — კაკლისებრთა ოჯახის (Juglandaceae), 30-35 მ. სიმაღლის ხეა, მუქი რუხი, დახეთქილი ქერქით და კენტფრთართული ფოთლებით. დიდი ზომის ნაყოფი კაკლისებრი კურკიანაა, ხორცოვანი, მწვანე, მომწიფებისას — მოყავისფრო. ნაოჭიანი ეგზოკარპიუმით (წენგო) და გახევებული ენდოკარპიუმით (ნაჭუჭი). თესლი (ნიგოზი) ერთია, დანაოჭებული, 2 ლებნით და მოთეთრო-მოყვითალო კანით. ცოცხლობს დიდ ხანს. ცალკეული ინდივიდების ასაკი 300-400 წელს და მეტსაც აღწევს.

Panicum miliaceum - Sputnik საქართველო
„ლიფანალის“ ჭიშდვარის უცვლელი ატრიბუტი, რომელიც მჭადში სიმინდმა ჩაანაცვლა

გვარი აერთიანებს 20-მდე სახეობას. გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერი და სუბტროპიკული, იშვიათად ტროპიკული სარტყლის ტყეებში: სამხრეთ კავკასიაში, განსაკუთრებით თალიშის მთებში (აზერბაიჯანის და ირანის საზღვარზე), ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში, ირანსა და ბალკანეთში, ჩრდილოეთ ჩინეთსა და ჩრდილოეთ ინდოეთში, ტიან-შანის, მცირე აზიის, უკრაინის და საბერძნეთის ტერიტორიაზე. აგრეთვე, სამხრეთ ამერიკის ანდებსა და ბრაზილიაში. დიდ ფართობებზე გაშლილი (25 000 ჰექტარზე მეტი), კაკლის რელიქტური ტყეები დღემდეა შემონახული ყირგიზეთის სამხრეთით, ზღვის დონიდან 1100-2000 მეტრ სიმაღლეზე.

საქართველოში ბუნებრივად გავრცელებულია მხოლოდ ერთი სახეობა — ჩვეულებრივი კაკალი — Juglans regia L. რომელიც გვხვდება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა მაღალმთიანი რეგიონებისა, 1500-1700 მეტრ სიმაღლემდე, მდინარის ნაპირებზე, მთის ფერდობებზე მუხნარებსა და რცხილნარებში, მარტოული, ან კორომების სახით. კაკლის ყველაზე დიდი კორომები აღწერილია პანკისის ხეობიდან (10 ჰა), და ჯუმას ყურეში (40 ჰა).

© photo: Pixabay / congerdesignკაკალი
კაკალი - ძვირფასი მცენარე და ქართული სამზარეულოს ღირსეული სანელებელი - Sputnik საქართველო
კაკალი

ცნობილია კაკლის არა ერთი ფორმა და სახესხვაობა, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ფოთლის და ნაყოფის მოყვანილობის, სიმაღლის და ყვავილობის დროის მიხედვით. მათ შორის საქართველოში გვხვდება: J.regia var. angustata Vassil. – 37-39 მმ. სიგრძის, 26-29 მმ. სიგანის, ვიწრო ნაყოფებით. გვხვდება იშვიათად; J.regia var. globosa Gursky. — 27 მმ. დიამეტრის, სფეროსებრი ნაყოფებით. გვხვდება ხშირად; J.regia var. ovoidea Vassil. — კვერცხისებრი ნაყოფით; J.regia var. maxima Medw. — დიდი ზომის, 38-50 მმ. სიგრძის და 33-45 მმ. სიგანის ნაყოფებით. გვხვდება იშვიათად; J.regia var. oblongata Kem. Nath. 45-50 მმ. სიგრძის და 35-40 მმ სიგანის, დიდი ზომის, მოგრძო ნაყოფებით. გვხვდება ხშირად.

Pisum sativum - Sputnik საქართველო
ქართველ მონაზონთა მთავარი საკვები

გარდა ჩვეულებრივი კაკლისა (J. regia), საქართველოში კულტივირებულია კაკლის რამდენიმე სახეობა. მათ შორის:

შავი კაკალი (Juglans nigra L.) — ჩრდილო ამერიკული სახეობა, რომელიც ევროპაში შეტანილ იქნა 1629 წელს. საქართველოში გვხვდება აფხაზეთის (სოხუმი) და აჭარის (ჩაქვი) ტერიტორიაზე.

ჩვეულებრივ კაკალზე დიდი ზომის ხის სიმაღლე 40 მეტრამდე აღწევს. ქერქი თითქმის შავია, ღრმად დაღარული. 3,5-5 სმ. დიამეტრის, მომრგვალო, ან კვერცხისებური ნაყოფი თითქმის შავია, ერთეულად, წყვილად, ან 4-5 ერთად. კაკალი თითქმის შავია, ღრმად დაღარული, შებრტყელებული ფუძით, შევიწროვებული, წაწვეტებული წვერით. სასიამოვნო გემოს მქონე, პატარა ლებნები ძნელად სცილდება სქელ ნაჭუჭს. მერქანი იძლევა კარგ საავეჯე მასალას. ლებნები შეიცავს 55-66% ზეთს.

საქართველოში საწარმოო მიზნით შემოტანილია კაკლის არა ერთი ჯიში, რომლებიც მოჰყავთ კერძო ნაკვეთებსა და სანერგე მეურნეობებში.

CC BY 2.0 / bobistraveling / Walnut Creek Trek კაკლის ხეები
კაკალი - ძვირფასი მცენარე და ქართული სამზარეულოს ღირსეული სანელებელი - Sputnik საქართველო
კაკლის ხეები

ჩვეულებრივი კაკლის (J.regia) ნიგოზი (ლებნები), დიდი ოდენობით შეიცავს ცხიმებს (45-77%), B1, K და P ვიტამინებს, A პროვიტამინს, ასკორბინის და ცხიმოვან მჟავებს, ცილოვან ნივთიერებებს, ამინომჟავებს და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. პერიკაპრიუმში (ნაყოფსაფარი) დიდი რაოდენობით არის ვიტამინი C (4,5 %) და მთრიმლავი ნივთიერებები.

მცენარის ფოთლებში უხვადაა ქინონები, ფლავონოიდები, B ვიტამინი, ასკორბინის მჟავა, მთრიმლავი ნივთიერებები, ორგანული მჟავები, კაროტინოიდები, ეთერზეთები და სხვ.

ცულისპირა - Lathyrus sativus - Sputnik საქართველო
უსამართლოდ მივიწყებული პარკოსანი კულტურა ჩვენი წინაპრების კვების რაციონიდან

კაკლის კულტურა სხვადასხვა მიზნით უძველესი დროიდან გამოიყენება. ნიგოზი მაღალი გემური თვისებებით გამოირჩევა და პოპულარულია, როგორც სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოში, ისე კულინარიულ და საკონდიტრო წარმოებაში — ტორტების, მურაბების, ფუნთუშეულობის, ხალვის, შოკოლადის და სხვა ნუგბარის დასამზადებლად.

განსაკუთრებით პოპულარულია კაკალი ქართულ სამზარეულოში, რასაც მოწმობს ნიგვზიანი კერძების და ფხალეულობის დიდი მრავალფეროვნება. წარმოუდგენელია ჩვენი სამზარეულო საცივის, ნაირგვარი ფხალეულობის, თუ ტკბილი ნიგვზიანი ნუგბარის — ჩურჩხელის და გოზინაყის გარეშე.

მინდა ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ ამ ძვირფასი საკვები მცენარის შესახებ. ნიგოზს სანელებლის სახით უფრო მეტად დასავლეთ საქართველოს სამზარეულოში მოიხმარენ. აღმოსავლეთ საქართველოში დიდი ოდენობით მოჰყავდათ მზესუმზირა, რომლისგანაც ხდიდნენ ზეთს. მთიან რეგიონებში მისდევდნენ მესაქონლეობას, ცხიმის სახით კი, იყენებდნენ კარაქსა და ერბოს. ამიტომ კაკლის, როგორც ზეთოვანი კულტურის მოხმარების საჭიროება ამ რეგიონებში არ იდგა. ნიგოზი, გარდა იმისა, რომ განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს კერძებს, ამავდროულად, ორგანიზმისთვის აუცილებელი ცხიმით (ზეთით) ამდიდრებს მათ. სწორედ ამით აიხსნება ნიგვზიანი კერძების მრავალფეროვნება დასავლეთ საქართველოს სამზარეულოში.

CC BY 2.0 / Kate Hopkins / Walnutsკაკალი
კაკალი - ძვირფასი მცენარე და ქართული სამზარეულოს ღირსეული სანელებელი - Sputnik საქართველო
კაკალი

კაკლის ლებნებისგან მზადდება როგორც საკვები, ისე ტექნიკური ზეთი, რომელიც გამოიყენება სამხატვრო ლაკების და საღებავების წარმოებაში.

ზეთის გამოხდის შემდეგ დარჩენილი კოპტონი ძვირფას საკვებს წარმოადგენს შინაური პირუტყვისა და ფრინველისათვის. შეიცავს 40% ცილოვან ნივთიერებებს და 10% ცხიმებს. წენგო, დიდი ოდენობით მთრიმლავი ნივთიერებების შემცველობის გამო, გამოიყენება ტყავის დასამუშავებლად. აგრეთვე, ქსოვილების, ბეწვეულის, ხალიჩების და თმის საღებავების წარმოებაში.

კაკლის ფოთლები და ნაყოფსაფარი უძველესი დროიდან გამოიყენება სამკურნალო მიზნით, როგორც ჭრილობის მოსაშუშებელი, სისხლის აღმდგენი, საერთო გამაჯანსაღებელი, ავიტამინოზისა და ნაწლავური პარაზიტების საწინააღმდეგო, ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებელი, კუჭისა და შარდ-სასქესო სისტემის ორგანოების დაავადებების, სტომატიტის, ანგინის, ათეროსკლეროზის სამკურნალო საშუალება. ნაყოფსაფრისგან ამზადებდნენ კანის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მალამოებს.

ტყიურა - Sputnik საქართველო
ტყიურა – კიდევ ერთი ქართული სანელებელი

და ბოლოს, კაკალი ძვირფასმერქნიანი ხეა, რომლის მერქანი გამოიყენება ავეჯის, პარკეტის, სახლის და ავტომანქანების ინტერიერის, სამონადირეო იარაღის და სხვა წარმოებაში.

ყველაზე ძვირფასი მდიდრულსახიანი მასალა მიიღება მიწასთან ახლოს მყოფი, გამსხვილებული ღეროს ნაწილისგან. კაკლის მერქანს კავკასიაში უძველესი დროიდან ჰქონდა კომერციული დატვირთვა. ავეჯის წარმოებაში ყველაზე მეტად ფასობს განსაკუთრებით ლამაზი ტექსტურის კაკლის ნუჟრი. ხის ღეროებზე წარმოქმნილი 1,2 მ. სიგრძის ნუჟრები ჩვეულებრივ, 330-660 კილოს და უფრო მეტსაც აღწევს. ასეთი მასალა XX საუკუნეში დიდი რაოდენობით გადიოდა ექსპორტზე. ნუჟრების მოკვეთის შემდეგ, უმეტეს შემთხვევაში, ხე კვდება.

უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიაში, ავეჯის წარმოებაში, მოშავო მუქი შეფერილობის გამო, განსაკუთრებით ფასობს „კავკასიური კაკლის“ მერქანი.

და ბოლოს ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიურ ლექსიკონში (86–ტომეული, გამოცემული იმპერიულ რუსეთში 1890-1907 წლებში), მოცემულია ცნობები სოფელ კეხვის (ცხინვალის რაიონი), ეკლესიასთან, 25,6 მ. სიმაღლის და 8,5 მ. გარშემოწერილობის კაკლის ხის შესახებ, რომლის ჩრდილში 200 მხედარი ეტევა. ხე იძლევა ყოველწლიურად 1,6 ტონა ნაყოფს. ამავე ენციკლოპედიაში აღნიშნულია, რომ კავკასიაში კიდევ ბევრ ადგილას ხარობს ასეთი მასიური და უხვმოსავლიანი კაკლის ხეები.

 

ყველა ახალი ამბავი
0