ტყიურა – კიდევ ერთი ქართული სანელებელი

გამოწერა
რუბრიკაში „ქართული სანელებლები" ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე ტყიურას შესახებ გვიამბობს.

ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ქართულ სამზარეულოში ინახება კიდევ ერთი სანელებელი, რომლის ქართული, კუთხური სახელებია — ზირა და კვლიავი. საუბარია მცენარეზე, რომლის სახელია ტყიურა (ლათ.: Laser trilobum (L.) Borkh. (= Siler trilobum Crantz.), гладыш, лазурник. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველასათვის ცნობილი სანელებლის კვლიავის (Carum carvi L.) ქართული კუთხური სინონიმია აგრეთვე ზირა. ნამდვილი ზირა (Cuminum cyminum) კი ბოტანიკურად სულ სხვა სახეობის მცენარეს ჰქვია.

კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, როგორი მრავალფეროვანია ქართული სამზარეულო. საინტერესო აღმოჩენა იყო, როდესაც მთიულეთში, ზოგჯერ ზირას (კვლიავის) ნაცვლად ტყიურას ვხმარობთო, მოვისმინე დიასახლისებისგან. ამ სანელებლის შესახებ აქამდე არც მსმენია. დავინტერესდი, რომელ მცენარეზე იყო საუბარი.

ტყიურა, ისევე, როგორც კვლიავი და ნამდვილი ზირა, მიეკუთვნება ქოლგოსანთა ოჯახს. ამ ოჯახშია გაერთიანებული აგრეთვე ყველასათვის კარგად ცნობილი, ფართოდ გავრცელებული სანელებლები — ცერეცო (დიდი კამა, Foeniculum vulgare Mill.) და კამა (Anethum graveolens L.). ზემოჩამოთვლილი სახეობები მორფოლოგიური ნიშნებით, არომატითა და გემური თვისებებით მეტ-ნაკლებად ემსგავსება ერთმანეთს. არცთუ იშვიათად, გემოსა და არომატის მსგავსების გამო, ამ სახეობებს ერთმანეთში ურევენ.

CC0 / Wikipedia/ Fornax / trilobumტყიურა
ტყიურა – კიდევ ერთი ქართული სანელებელი - Sputnik საქართველო
ტყიურა

ტყიურა 2 მ-მდე სიმაღლის, მრავალწლოვანი, ბალახოვანი მცენარეა, მომრგვალო, წვრილღარებიანი, სწორმდგომი, დატოტვილი ღეროებით და დიდი ზომის, ფართო-კვერცხისებრი მოხაზულობის ფოთლებით. ფესვის ყელი სქლადაა შემოხვეული გამხმარი ფოთლების  ბოჭკოების ნარჩენებით. ქვედა ფოთლები ორჯერად სამადაა დაყოფილი, ზედა – სამადაა დაყოფილი. ღეროსეული ფოთლების ვაგინა ძლიერ გადიდებულია, ფოთოლაკები მოხაზულობით თითქმის მომრგვალოა, სამნაკვთიანი, ან სამად დაყოფილი, ზედა მხარეზე მწვანე, ქვედა მხარეზე — ლეგა ფერის. თეთრი ყვავილები 12-30 არათანაბარი სიგრძის სხივებით დიდი ზომის ქოლგა ყვავილედებადაა შეკრული. ნაყოფობისას ქოლგები ზოგჯერ ცვივა. ყვავის მაის-ივნისში. 7-8 მმ სიგრძის, წაგრძელებული-ელიფსოიდური ფორმის თესლურა ნაყოფები მწიფდება ივლის-აგვისტოში.

მცენარე ტყიურა პლიოცენის რელიქტური სახეობაა, რომელიც მიეკუთვნება ქოლგოსანთა ოჯახის მონოტიპურ გვარს Laser L. (მხოლოდ ერთი სახეობით წარმოდგენილი). აღწერილია იტალიიდან: Habitat in Gorgano monte.  მცენარის პირველი აღწერილობა მოგვცა კარლ ლინემ 1753 წელს, წიგნში Species plantarum (ეს ნაშრომი საფუძვლად უდევს თანამედროვე ბოტანიკურ ნომენკლატურას). სახეობის ტიპური ეგზემპლარი ინახება კიუს სამეფო ბოტანიკურ ბაღში.

იზრდება მთის ქვედა და ზედა სარტყელში ტყის პირებზე, ველობებსა და ბუჩქნარებს შორის, კირქვიან ნიადაგებზე, მერგელებსა და ქვიშაქვებზე, კლდეებსა და ნაშალებზე. ერთეული ინდივიდების, იშვიათად — მცირე პოპულაციების სახით.

საქართველოში გავრცელებულია: აფხაზეთში, იმერეთში, სამხრეთ ოსეთში, ქართლში, მთიულეთში, კახეთში, გარე კახეთში, თრიალეთსა და მესხეთში.

ველური სახით გავრცელებულია მცირე აზიაში, ჩრდილოეთ ირანში, კავკასიაში, ევრაზიის შუა ნაწილის და ხმელთაშუაზღვის მხრის ქვეყნებში, რუსეთის აღმოსავლეთ ევროპულ ნაწილში, ურალსა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის ქვეყნებში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.

ტყიურას ფესვები შეიცავს ტერპენებს, კუმარინებს და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. ფესვებში შემავალი ლაქტონები ხასიათდება ანტიბაქტერიციდული თვისებებით. ტყიურას მიწისზედა, მწვანე ნაწილები შეიცავს 0.02-0.03% ეთერზეთებს, რაც სასიამოვნო არომატს აძლევს მცენარეს, C ვიტამინს, ფლავონოიდებს, გლიკოზიდებს. ეთერზეთების შემცველობა ყვავილედებში — 0.7-0.9%, ნაყოფებში — 0.49-0.5% აღწევს. მცენარის ეთერზეთები გამოიყენება პარფიუმერულ და საკონდიტრო წარმოებაში არომატიზატორად.

ოდნავ მოტკბო-ცხარე გემოსა და პიკანტური არომატის მქონე ნაყოფები სანელებლად გამოიყენება თურქულ სამზარეულოში სპეციალური სახეობის ძეხვისა და ხორცის კერძების შესაზავებლად.

საქართველოს ზოგიერთ მთიან რეგიონში ტყიურას მშრალ ნაყოფებს სანელებლად იყენებენ კვლიავის ნაცვლად ხინკლის, კუბდარის და სხვა ხორციანი კერძების შესაზავებლად. სვანეთში იყენებენ აგრეთვე ნაწლავური დაავადებების სამკურნალო-სანელებელ საშუალებად.

ხალხური მედიცინა სამკურნალოდ იყენებს მცენარის მწვანე ნაწილებს, ნაყოფსა და ფესვებს. ნაყოფის ნახარშს იღებენ ხველების, ანგინის, რესპირატორული ინფექციების, ნაწლავების დაავადებების და დიარეის დროს. აქვს ნერვული სისტემის მასტიმულირებელი და ჰიპოტენზიური მოქმედება. ეფექტურია ათეროსკლეროზის, შეკრულობისა და მეტეორიზმის დროს. ტყიურას ნაყენი აუმჯობებსებს მადას, ააქტიურებს ნაწლავების პერისტალტიკას და მომნელებელი წვენების გამოყოფას.

ყველა ახალი ამბავი
0