საქართველო, როგორც მიწათმოქმედების ერთ-ერთი უძველესი ქვეყანა, გამორჩეულია პარკოსანი კულტურების მრავალფეროვნებითაც, რომელთაც უძველესი დროიდან, პურეულ მარცვლოვნებთან ერთად, სასურსათო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მთელი საქართველოს ტერიტორიაზე საუკუნეების მანძილზე ითესებოდა არაერთი ქართული პარკოსანი კულტურა, მათ შორის, ბარდა, ცერცვი, ოსპი, მუხუდო, ცულისპირა, საკადრისა, ხანჭკოლა, ძაძა და სხვ., რომელთაც საქართველოს მოსახლეობა იყენებდა როგორც საკვებად, ისე სამკურნალო მიზნით და შინაური ცხოველების კვებისთვის. პარკოსან კულტურებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა მარხვის პერიოდში, როცა ხორცეული პროდუქტები ჩანაცვლებული იყო მცენარეულით.
პარკოსნების კვებითი ღირებულება განპირობებულია მარცვალში სრულფასოვანი ცილების (25-47%), ნახშირწყლების, A, B, B2 ვიტამინების და სხვა ნივთიერებების მაღალი შემცველობით.
ქართული პარკოსანი კულტურები XIX საუკუნის ბოლოდან თანდათანობით ლობიოს უცხოურმა ჯიშებმა ჩაანაცვლა. დღეს ეს კულტურები მცირე რაოდენობით მოჰყავთ, უმეტესად საკუთარი მოხმარების მიზნით.
დღეს მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ ერთ-ერთ უძველეს ქართულ პარკოსან კულტურაზე, რომელიც საქართველოში გავრცელებული იყო გაცილებით ადრე ამერიკის აღმოჩენამდე. მცენარის ნაშთები აღმოჩენილია ნოქალაქევის (ძვ.წ.აღ. VI-IV სს) არქეოლოგიურ მასალებში.
საუბარია პარკოსან კულტურაზე — ცულისპირა (Lathyrus sativus L.), იგივე „სამარხვო“, ძველი ქართული სამედიცინო წყაროების მიხედვით მოხსენიებული, როგორც „მარფაშთა“, „ფურჩაყი“ და „მურდუმაქი“. რომელიც გავრცელებული იყო უმთავრესად დასავლეთ საქართველოს მთისწინა კალთებზე, ზღვის დონიდან 500-800 მეტრი სიმაღლიდან რაჭაში — 800-1200 მეტრზე ზევითაც.
გასული საუკუნის 20-იანი წლების მონაცემებით, ცულისპირა შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და რაჭაში ტრადიციულ თესლბრუნვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ითესებოდა ძირითადად ვენახებში.
ცულისპირას თესლი საუცხოო კონცენტრირებული საკვებია: შეიცავს 23-35% ცილას, 2,7% ცხიმს. მწვანე მასა საუცხოო კონცენტრირებული საკვებია ცხოველებისთვის.
ცულისპირას წვენს იყენებდნენ სამკურნალო მიზნითაც – კუჭის შეკრულობის, ხველების, გაციებისა და სურავანდის სამკურნალოდ.
ცულისპირა ერთწლოვანი საგაზაფხულო მცენარეა. წახნაგოვანი ღეროს მქონე, უხვად შეფოთლილი მცენარის სიმაღლე ჯიშების მიხედვით მერყეობს 0,25 – 1 მეტრამდე. ნაზი ღეროსა და უხვად დატოტვის გამო ადვილად წვება. უხვმოსავლიანი, ყინვაგამძლე (აღმონაცენი უძლებს —110C ყინვას), ნიადაგური პირობების მიმართ ნაკლებ მომთხოვნი მცენარე გამძლეა მავნებელ-დაავადებების მიმართ. არ ხარობს დაჭაობებულ და ბიცობ ნიადაგებზე. მცენარის მთავარღერძიანი ფესვთა სისტემა ნიადაგში ღრმად არ ჩადის. ღეროს მთავარ ღერძზე ვითარდება 5-10 გვერდითი ტოტი, რომლებიც თავის მხრივ კიდევ იტოტება. ფოთოლი ფრთართულია, ერთი წყვილი მოგრძო ლანცეტური ფორმის ფოთოლაკით. ფოთოლი მთავრდება პწკალებით. ფოთლის იღლიებში მოთავსებულია თითო, იშვიათად ორ-ორი ყვავილი. ყვავილის გვირგვინის ფურცელი სხვადასხვა ფერისაა: თეთრი, ლურჯი, მოლურჯო-იისფერი, ყვითელი, ცისფერი, ან მოვარდისფრო.
თვითდამტვერავი მცენარეა, რომლის სავეგეტაციო პერიოდი 80-110 დღემდე გრძელდება. 6-8 თესლის მქონე, ცულის ფორმის ნაყოფი პარკია, აქედან წარმოდგება სწორედ მისი ქართული სახელწოდება. მარცვალი თეთრია, ან მომწვანო, იშვიათად რუხი-ყავისფერი, ზოგჯერ ჭრელი ზოლებით. მარცვლის ზედაპირი გლუვი, ან სუსტად დანაოჭებულია.
ცულისპირა ითესება ადრე გაზაფხულზე. აღმონაცენი გამძლეა დილის წაყინვების მიმართ და სხვა პარკოსნებთან შედარებით ითესება უფრო ადრე. თესლის ჩათესვის სიღრმეა 6-8 სმ. სათესი ნორმაა 100-130 კგ/ჰა. მოსავლიანობა – 24-29 ც/ჰა და მეტსაც აღწევს. კარგ მოსავალს იძლევა შავმიწა, თიხნარ, ყავისფერ და ალუვიურ ნიადაგებზე. კარგი წინამორბედია თავთავიანი და სათოხნი კულტურებისთვის, რამდენადაც ნიადაგს ამდიდრებს აზოტით. ნაყოფი მწიფდება ერთდროულად. ამიტომ მოსავლის აღება შეიძლება მაშინ, როცა პარკების უმრავლესობა მომწიფებულია.
დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა ცულისპირას რაჭული ჯიშები. სადაც მცენარისგან ამზადებდნენ გემრიელ შეჭამანდს: მოხარშულ ცულისპირას აზავებდნენ დანაყილი ნიგვზით, დაჭრილი ხახვით, ქინძით, მარილით და წიწაკით. სიმჟავისთვის, სურვილის მიხედვით, უმატებდნენ ტყემალს, ან ტყლაპს.
რაჭაში განსაკუთრებული გამოყენება ჰქონდა მცენარეს „სართვიანების“ დასამზადებლად. ამ დროს ცულისპირას და ჭვავის, ან ხორბლის ნარევისგან აცხობდნენ ნოყიერ პურს (სართვიანები — სხვადასხვა შიგთავსის მქონე ნამცხვრების ზოგადი სახელი). აქედან ყველაზე გავრცელებული იყო ხაჭაპური, ლობიანი, მხლოვანი, ქონიანი, ნიგვზიანი, ბაჭული, კოტორი, კუბდარი, ჭვიშტარი, ფეტდვიარი და სხვ. ზოგჯერ სართვიანს გამოკვეთილი მაგიური დანიშნულება — წმინდა საკვების საკრალური ფუნქცია ჰქონდა. ამის გამოხატულებას წარმოადგენს რაჭული და სვანური სართვიანების (ლობიანი, კუბდარი) მოჭრელება საჭრეთელათი, რომელთა ფორმაში ნავარაუდევია მზის სიმბოლური გამოსახულება. ასეთი პურები სპეციალურად ცხვებოდა — ავადმყოფის გამოჯანმრთელების, ბატონების გადალოცვის, წვიმის გამოწვევის და სხვა მიზნით. სართვიანებს აცხობდნენ აგრეთვე, ზებუნებრივი ძალებისადმი ძღვენად მისაგებად, რათა ისინი თავიანთ მიმართ კეთილად განეწყოთ.
ცულისპირას კულტურის აღდგენა საქართველოს მიწათმოქმედებაში ხელს შუწყობს მოსახლეობის კვების რაციონის გამდიდრებას ცილოვანი პროდუქტებით.