ფეტვი (Panicum miliaceum L.) — „ფეტჳ“ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ყოფა-ცხოვრების ამსახველ უძველეს ძეგლებშია მოხსენიებული. ფეტვს მარცვლეულ კულტურებს შორის ქართველთა სამეურნეო ყოფაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ლაზურად „მჭკიდი“, ჭანურად — „მ–ჭკუდ–ი“, მეგრულად — „ჭკიდი“, სვანურად — „ფეტვრა“; იმერულად, რაჭულად და გურულად — „ჭადი“, აფხაზურად — „აშაგ’რძ“, კახურად — „ფარჩხა“; ლეჩხუმურად — „ფეტვი“, „შავი ჭადი“ და სხვ.
„დაბადების“ ქართულ თარგმანში მოხსენიებული „ფეტვი“ გვხვდება ათონის მონასტრის (XI ს) და ნიკორწმინდის (XI ს) ხელნაწერებში — „ფეტჳ კაბიწის“ სახელწოდებით.
XV საუკუნის იტალიელ მოგზაურთა ცნობებით, სამეგრელოში დიდი რაოდენობით ამზადებდნენ ფეტვის თხელ ფაფას, რომელიც წვნიანის მაგივრობას სწევდა. სამეგრელოს ეთნოგრაფიულ ყოფაში ფეტვი — „ჭკიდი“, ღომთან ერთად, მოსახლეობის მთავარ პურეულს შეადგენდა. ფეტვის ფქვილისგან აცხობდნენ „ჭკიდს“, ან ხარშავდნენ პატარა „კვერებს“.
XVII—XIX საუკუნეების ევროპელ მეცნიერთა და მოგზაურთა ჩანაწერებში ფეტვი მოხსენიებულია დასავლეთ საქართველოს მარცვლეულთა შორის და დაწვრილებითაა მოცემული საქართველოში ფეტვის ფქვილისგან „რაღაც ფაფის“ დამზადების წესები.
ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელის გადმოცემით (VI ს), კოლხეთში ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად იკვებებოდა ფეტვით. რომაელი ისტორიკოსისა და გეოგრაფის სტრაბონის ცნობით (ძვ.წ.აღ. I — ახ.წ.აღ. I სს), პონტოს სამეფოში განუსაზღვრელი რაოდენობით თესდნენ ფეტვს.
ძველი კოლხეთის არქეოლოგიურ მასალებში (ძვ.წ.აღ. II — ახ.წ.აღ. VI სს) უხვად აღმოჩენილი მცენარეული ნარჩენების მიხედვით, იმ პერიოდში დასავლეთ საქართველოში უმეტესად ფეტვნაირი პურეული (ფეტვი, ქვრიმა), შემდეგ კი — ხორბალი და ქერი იყო გავრცელებული.
ფეტვი საბურღულე მცენარეთა ჯგუფში გაერთიანებული ერთწლიანი მარცვლოვანი საგაზაფხულო კულტურაა. აღმონაცენი ძირითადად მწვანეა, ზოგჯერ — იისფერი შეფერილობით. სწორმდგომი, თითქმის ცილინდრული ღეროს სიმაღლე იცვლება ჯიშისა და გარემო პირობების მიხედვით. ნაყოფიერ ნიადაგზე, კარგი მოვლის პირობებში იზრდება 1 მეტრამდე. ახალგაზრდა მცენარის ღერო მწვანეა, რბილი ბუსუსით დაფარული. ზრდასრულის — ჩალისფერი. ღეროს მუხლებიდან ერთიმეორის მოპირდაპირე მხარეს მორიგეობით გამოდის ლანცეტა ფორმის ფოთლები, რომლის ფირფიტა ზედა მხრიდან ბუსუსითაა დაფარული.
ღეროს დაბოლოებაზე მოთავსებული 10-30 სმ საგველა ყვავილედი გადაშლილი, დახრილი, ან თავმკვრივია. ყვავილედის ღეროს ტოტების დაბოლოებებზე მოთავსებულია თითო, ორყვავილიანი თავთუნი. თავთუნის კილი ორია, კვერცხისებური. მჭიდროდ ფარავს ორსქესიან ყვავილს. თავთუნის კილი ყვავილობის პერიოდში მწვანე ფერისაა. მარცვლის მომწიფებისას — ჩალისფერ-მოყვითალო. თავდაპირველად თხელი ყვავილის კილები სიმწიფის დროს მკვრივი, ტყავისებური ხდება და ბზინვარებას იძენს.
ფეტვი მიეკუთვნება „მოკლე დღის“ მცენარეთა ჯგუფს. ყვავის ივლის-აგვისტოში. წვრილი, ოდნავ ოვალური ფორმის მარცვალი შეიძლება იყოს თეთრი, ყვითელი, შავი, ყავისფერი, წითელი და სხვ.
საქართველოს ფეტვი გამოირჩევა ჯიშების, სახესხვაობების და ფორმების მრავალფეროვნებით. მაღალმოსავლიანი კულტურაა. ჰექტარზე ითესება 15-20 კგ თესლი, მოსავლიანობა — საშუალოდ 3-7 ტ/ჰა.
საქართველოში არსებობდა ფეტვის ოთხნაირი ჯიში: წითელი, თეთრი, ყვითელი და შავი ფეტვი.
ქართული ფეტვის ჯიშები სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობის მიხედვით იყოფა ორ გეოგრაფიულ—ეკოლოგიურ ჯგუფად: 1. მთის ჯგუფი — მოკლე სავეგეტაციო პერიოდით. აღმოცენებიდან სრულ შემოსვლამდე საჭიროებს დაახლოებით 70—80 დღეს. ამ ჯგუფის წარმომადგენელი ჯიშები გავრცელებული იყო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და სხვა მაღალმთიან მხარეში. 2. დაბლობის ჯგუფი — გრძელი სავეგეტაციო პერიოდით (100—120 დღე). გურიის, იმერეთის, სამეგრელოსა და ზოგიერთი სხვა მხარის დაბლობში გავრცელებული ფეტვის ჯიშები მიეკუთვნებოდა ამ ჯგუფს.
კულტურულ მცენარეთა შორის, გვალგამძლეობის მხრივ, ფეტვს ბადალი არ ჰყავს. სხვა პურეულთან შედარებით, ფეტვი ითესება გვიან, რაც მას „სადაზღვევო კულტურის“ მნიშვნელობას სძენს. საგაზაფხულო კულტურების ნათესების რაიმე მიზეზით დაღუპვის დროს ხდება დაღუპული ნათესების გადათესვა ფეტვით. ამ თვისების გამო ფეტვი გამოიყენება სანაწვერაო კულტურის სახით, მწვანე მასის, ან მარცვლის მისაღებად.
სამეგრელოში რძეში მოზელილ ფეტვის ფქვილს აცხობდნენ ქვის კეცებში. ნელ-თბილი წყლით მოზელილ, დაფშვნილ ყველთან შერეულ ფეტვის ფქვილს აცხობდნენ ქვის კეცებზე, რასაც „ჭვიშტარს“ უწოდებდნენ. ფეტვის მოხალული ფქვილისა და თაფლისგან მომზადებული „ქუმუ“, ტკბილი ნამცხვრის მაგივრობას სწევდა, რომელიც სამუშაოდ წასულ ტყის მჭრელებს საგზლად მიჰქონდათ.
მესხეთში ფეტვის ფქვილში არეული პურისა და ქერის ფქვილისგან ხარშავდნენ ფაფებს.
სვანეთში ფეტვის ფქვილისგან აცხობდნენ ფეტვის კვერებს — „ჭკადს“. დღემდე პოპულარულია „ჭიშდვარი“ — ცხიმში გამომცხვარი, ცივ წყალში მოზელილი, ფეტვის ფქვილში არეული ჭყინტი ყველი. „ფეტვრაჲ“ — ხორბლის ფქვილის ცომში გამომცხვარი, ყველით და ცოტა უცხო სუნელით შეზავებული ფეტვის ფქვილი და ფეტვის ხაჭაპური — ცომში გამომცხვარი, ყველში გადაზელილი ფეტვი.
უძველესი დროიდანაა ცნობილი საქართველოში ფეტვის კულტურასთან დაკავშირებული სახალხო რიტუალები. სვანეთში „ლილაშუნეს“ დღეობაზე სპეციალურად ცხვებოდა ფეტვის თავთავების გამომხატველი რიტუალური კვერები — „ფეტვი შდა“. „ჲენშიერის“ დღესასწაულზე — ფეტვის მჭადები, ან „ჭიშდვრობი“ (ყველში გადაზელილი ფეტვის ტაბლები), ხვნისა და მკის დაწყების დროს — ფეტვის ხაჭაპური, „ლიფანალის“ დროს (მიცვალებულთა სულების დაპატიჟების რიტუალი) — „ჭიშდვარი“.
ფეტვის მარცვალი ძვირფასი კონცენტრირებული საკვებია შინაური ფრინველისთვის. ფეტვის მწვანე მასა და ჩალა, როგორც მაღალკალორიული საკვები, ფართოდ გამოიყენებოდა საფურაჟედ და საქონლის საკვებად.
ფეტვის მაღალი კვებითი ღირებულება განპირობებულია მარცვალში ცილების (12,8-19%), ცხიმების (3,5%) და სახამებლის (80-81%) მაღალი შემცველობით. ქართული ფეტვი გამოირჩევა ცილების (19,1%), ლიზინის (6,2—5,5%) და გლუტამინის მჟავის (12,7—17,7%) მაღალი შემცველობით.
მარცვალი მდიდარია კალციუმის, კალიუმის, მაგნიუმის, იოდის, ფტორის ნაერთებით. B ჯგუფის ვიტამინების რაოდენობა ფეტვში ორჯერ მეტია, ვიდრე სხვა პურეულში.
ამჟამად ფეტვის მოკლე ვეგეტაციის მქონე ადგილობრივი ჯიში, რომელიც მაღალმთიან პირობებში ასწრებს შემოსვლას, ითესება მხოლოდ სვანეთში, საკარმიდამო ნაკვეთებზე.