აშშ-ის ეროვნული დემოკრატიის ინსტიტუტის (NDI) გამოკითხვაში მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" ლიდერობს, მაგრამ ეს არჩევნებზე გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის, რადგან ბევრს ჯერ ვერ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას არჩევნებზე.
NDI-მ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა საქართველოში 18 ივნისიდან 9 ივლისამდე პერიოდში ჩაატარა. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ პარტიები, პრაქტიკულად, წინასაარჩევნო რეჟიმში მუშაობენ.
პარტიებისა და კანდიდატების რეიტინგები
კითხვაზე, "ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას", გამოკითხულთა 30%-მა არჩევანი "ქართული ოცნების" კანდიდატ კახა კალაძეზე შეაჩერა, 19%-მა დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი დაასახელა, ხოლო 18%-მა — "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" (ენმ) კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი.
პარტიის "ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის" კანდიდატ ელენე ხოშტარიას ირჩევს გამოკითხულთა 5%. 12%-ს ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას.
კითხვაზე, "ხვალ რომ ადგილობრივი არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას", 22%-მა უპასუხა, რომ მხარს დაუჭერს "ქართულ ოცნებას", 7%-მა — ენმ-ს, 3%-მა — "ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის".
საკმაოდ მაღალია იმ ამომრჩევლის რაოდენობა — 40%, რომელსაც ჯერ თავისი არჩევანი არ განუსაზღვრია.
კითხვაზე, "რომელი პარტია დგას თქვენთან ახლოს შეხედულებების თვალსაზრისით", გამოკითხულთა 37%-მა უპასუხა, რომ არც ერთი, 23%-სთვის ეს "ქართული ოცნებაა, 9%-სთვის — ენმ, 4-4% აქვთ "ევროპულ საქართველოს — მოძრაობა თავისუფლებისთვის" და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს", ხოლო 3% — ლეიბორისტულ პარტიას.
ამასთან, 24% მიიჩნევს, რომ "ქართულ ოცნებას" შეუძლია ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა, 11% ამ საკითხს ენმ-ს ანდობდა, 7% — "ევროპულ საქართველოს", 3% — "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს".
გამოკითხულთა 37% მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის საკითხების გადაწყვეტა მმართველ პარტიას შეუძლია, 10% — ენმ-ს, 6% — "ევროპულ საქართველოს", 2% — "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს".
რაც შეეხება განათლებას, გამოკითხულთა 28%-ის აზრით, ამ საკითხის გადაწყვეტა შეუძლია "ქართულ ოცნებას", 12%-ის აზრით — ენმ-ს, 6%-ის — "ევროპულ საქართველოს", 3%-ის — "პატრიოტთა ალიანსს".
ივანიშვილის ფაქტორი
NDI დაინტერესდა, რამდენად აქტუალურია ქართული საზოგადოებისთვის ივანიშვილის ფაქტორი, რომელმაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2013 წელს დატოვა, მაგრამ ოპოზიცია მას ქვეყნის კულისებიდან მართვაში ადანაშაულებს.
გამოკითხულთა 59% მიიჩნევს, რომ ივანიშვილი არის ის პირი, რომელიც ხელისუფლების საქმიანობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს იღებს, 19% კი დარწმუნებულია, რომ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ის ასეთ გადაწყვეტილებებს აღარ იღებს.
ამასთან, გამოკითხულთა 56%-ის სურვილია, რომ ივანიშვილი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში არ იყოს ჩართული. 7%-ს სურს, რომ ის მონაწილეობდეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, მაგრამ, ამავდროულად, არ იკავებდეს რაიმე პოლიტიკურ თანამდებობას.
21%-ს კი სურს, რომ ივანიშვილი იღებდეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და თან პოლიტიკური თანამდებობა ეკავოს.
დემოკრატია და მასმედია
რესპონდენტების 35% მიიჩნევს, რომ სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით საქართველოში ნაწილობრივ კარგი მდგომარეობაა, 28% — რომ არც კარგადაა საქმე და არც ცუდად, ძალიან კარგი მდგომარეობაა 16%-ის აზრით, ნაწილობრივ ცუდი — 13%-ის აზრით და ძალიან ცუდი — 5%-ის.
რაც შეეხება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რესპონდენტების 25% მიიჩნევს, რომ ამ მხრივ საქმე ნაწილობრივ კარგადაა, 29% — რომ არც კარგადაა და არც ცუდად, 17% — ნაწილობრივ ცუდად, 11% — ძალიან ცუდად, 10% — ძალიან კარგად.
ადამიანის უფლებები ნაწილობრივ კარგად არის დაცული გამოკითხვის მონაწილეთა 29%-სთვის, არც კარგად და არც ცუდად — 28%-სთვის, ნაწილობრივ ცუდად — მიიჩნევს 22%, ძალიან ცუდად — 10% და ძალიან კარგად — 7%.
კანონის უზენაესობას ნაწილობრივ კარგად მიიჩნევს გამოკითხულთა 26%; არც კარგად და არც ცუდად — 31%, ნაწილობრივ ცუდად — 20%, ძალიან ცუდად — 11%, ძალიან კარგად — 6%.
მასმედიასთან დაკავშირებით რესპონდენტთა დიდი ნაწილი — 34% მიმდინარე მოვლენებისა და პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის მიღების საკითხში ენდობა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს. მეორე ადგილზეა ტელეკომპანია "იმედი" – 32%. გამოკითხვის მონაწილეთა 16% არც ერთ ტელეკომპანიას არ ენდობა.