სამი, ორი, ერთი... ანუ მწყობრი ნაბიჯით იარ!..

© Sputnik / Alexander Imedashviliაღმაშენებლის გამზირი
აღმაშენებლის გამზირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელისუფლებისთვის ბრძოლის ახალი მარშრუტი... ვის რა აწყენინა შოთა რუსთაველმა და ვის რას პირდება დავით აღმაშენებელი... მოახლოებული არჩევნები და ქუჩის ბატალიები... პოლიტიკური "სეირნობის" ტვირთი და ხიბლი...

მრავალგზის მითქვამს და გავმეორდები — არაფერია უფრო მარადიული, ვიდრე ცვალებადობა… თავად განსაჯეთ… ბოლო სამი ათეული წლის მანძილზე პოლიტიკური ჟღერადობის სახალხო მსვლელობები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ქალაქის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ იმართებოდა. ხალხმრავალ მიტინგებზე მიიღებოდა ერთადერთი „სწორი“ გადაწყვეტილებები ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე… უხვად იფრქვეოდა ემოციები! გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში „დემოკრატიულმა ამბოხებამ“ აქ დაამარცხა „პროვინციული ფაშიზმი“ და აქვე დაიბადა „ვარდების რევოლუციაც“… ერთი სიტყვით, ზოგჯერ „გაუმარჯოს“ და ზოგჯერ „გადადექის“ ისტერიული ძახილით, შოთა რუსთაველის გამზირზე, „შენდებოდა“ ქართული სახელმწიფო…

გამოხდა ხანი და „სოფლის შენების“ ადგილი შეიცვალა… პირველი, მეორე, მესამე ხმა და ბანი „მწყობრმა“ სიარულმა ჩაანაცვლა… ცხელი ივლისის დღეებში დავით აღმაშენებლის გამზირზე ზედიზედ გამართულმა რამდენიმე პოლიტიკურმა „სეირნობამ“ აშკარად ცხადჰყო დედაქალაქის „პოლიტიკური ცხოვრების“ ცენტრის ადგილმონაცვლეობა… ნათლად დავინახეთ ის პოლიტიკური განწყობები და მათ შორის მსოფმხედველურ-იდეოლოგიური დაპირისპირება, რომელიც „მოსეირნე“ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ახლა ვუყურებთ პოლიტიკური მშობიარობის — ძველი პოლიტიკური ძალების რეინკარნაციისა და ახალი პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბების მძიმე პროცესს. დაიწყო ბრძოლა ქუჩისთვის და ვინც ამ ბრძოლას მოიგებს, ის იქნება გამარჯვებული უახლოესი რამდენიმე წლის პოლიტიკურ კალენდარში გაწერილ საარჩევნო ბატალიებში…. არის მოსაზრება, რომ დავით აღმაშენებლის გამზირზე გამართული „მარშირებები“ კონკრეტულად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოვებით გამოწვეული პოლიტიკური  ვნებათა ღელვის შედეგია…

„ქართველთა მარში“ - Sputnik საქართველო
თბილისის ცენტრში „ქართველთა მარში“ ჩატარდა

ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე: „რა დუღილი მიდის პოლიტიკურ სპექტრში?… „ევროპული საქართველოსთვის“ გამართული მარში საკუთარი ძალის დემონსტრირების და პროდასავლურ სპექტრში ლიდერის ადგილის დამკვიდრების მცდელობა იყო. უფრო მეტიც, პრორუსული ძალების ქუჩაში გააქტიურების ფონზე, „ევროპელების“ ეს აქცია ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის წინ, გარკვეულწილად, საქართველოს პროდასავლური პოლიტიკური ელიტის სახის გადარჩენასაც ემსახურებოდა. ახლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ პროდასავლურ ფლანგზე ლიდერობისთვის ხელთათმანი უკვე ნასროლია და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეს ძალები არა იმდენად „ქართული ოცნების“, რამდენადაც, უპირველესად ერთმანეთის კონკურენტები იქნებიან…“

ასეთ ვითარებაში ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს ძალუძს პოლიტიკური ცენტრის ფორმირება…

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე: „ალეკო ელისაშვილს უჩნდება შანსი გახდეს ეროვნული მასშტაბის ლიდერი, თუ არჩევნებზე მეორე ადგილზე გავა. ასეთ შემთხვევაში, ის გახდება ოპოზიციის შემკრები ღერძი. მისი ძირითადი რესურსია ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი, რომელიც ინტერესით და მოლოდინით შეჰყურებს მას, მაგრამ ალეკო ელისაშვილისთვის მათ მისამხრობად სასიცოცხლო ამოცანაა, დაარწმუნოს ისინი საკუთარი გამარჯვების უნარში…“

აღმაშენებლის გამზირი თბილისში - Sputnik საქართველო
ქართველთა მარში აღმაშენებელზე, „პატრიოტები“ - მოსკოვში და აქცია - ბერშუეთში

პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ რუსეთი კარგად იყენებს ულტრანაციონალისტური ძალების, იგივე „ქართული მარშის“ იდეების მიმართ საზოგადოების ლოიალობას და მხარდაჭერას. ამ ფონზე „პატრიოტთა ალიანსი“ სწორედ რუსეთთან მთავარი მომლაპარაკებლის სტატუსით ცდილობს რუსეთისადმი ნოსტალგიურად განწყობილი ამომრჩევლის მიმხრობას. ექსპერტთა უმრავლესობა თანხმდება, რომ მოახლოებული არჩევნების მთავარი ფავორიტი კახი კალაძეა…

ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე: „მმართველი პოლიტიკური გუნდის ბოლო ხუთი წლის ისტორიის მანძილზე კახი კალაძე ერთადერთია, ვინც ლიდერად ფორმირება შეძლო. მას აქვს საკმარისი ქარიზმა, კარგად ფლობს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელოვნებას და ამ არჩევნებში გამარჯვების ყველაზე რეალური პრეტენდენტია. კახი კალაძისთვის დღეს მთავარი გამოწვევა არა იმდენად არჩევნების მოგებაა, არამედ რამდენად შეძლებს ის შექმნას და შეინარჩუნოს მოლოდინი მისი როგორც წარმატებული მერის და პოლიტიკური ლიდერის მიმართ. ამ გზაზე მას აუცილებლად სჭირდება საკუთარი გუნდის საფუძვლიანი გადახალისება, რადგან სწორედ მისი გარემოცვა შეიძლება გახდეს მისთვის მთავარი გამოწვევა… თუ გამართლდა საუბრები „ქართულ მარშთან“ ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო კავშირის შესახებ და თუ იგი დაუბრუნდა აქტიურ პოლიტიკას, ირაკლი ღარიბაშვილის ასპარეზზე შემოსვლა აღქმული იქნება, როგორც კახი კალაძის დაბალანსების მცდელობა…“

ექსპერტ-ანალიტიკოსები არც პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ივიწყებენ და აღნიშნავენ, რომ დავით უსუაფშვილი არც ერთ კონფიგურაციაში არ დაკარგავს თავის მიზიდულობას…

არალეგალური მიგრანტების წინააღმდეგ თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია ქართველთა მარში გაიმართა - Sputnik საქართველო
თბილისში არალეგალური მიგრანტების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

რამაზ საყვარელიძე: „მისი საჭიროება ყოველთვის იქნება როგორც კვალიფიციური, სოლიდური, დასავლურ პოლიტიკურ ელიტასთან მჭიდრო კავშირების მქონე პოლიტიკოსის. იგივე კახი კალაძისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იქნება დავით უსუფაშვილის სოლიდურობაც და დასავლეთთან კონტაქტებიც, ვინაიდან იგი ამ თვალსაზრით მხოლოდ ირაკლი კობახიძის იმედზე ვერ იქნება…“

არავის გავაკვირვებ თუ ვიტყვი, რომ პოლიტიკური პროცესის კიდევ ერთი აქტიური მონაწილე

ქართული ეკლესიაა. იმედია, არავინ ეცდება დაასაბუთოს, რომ პოლიტიკოსთა ივლისის თვის „სეირნობა“ მოკლებული იყო რელიგიურ გრძნობებით „თამაშს“… ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეკლესიამ მაშინვე დაიწყო ბიძინა ივანიშვილის შემცვლელის ძებნა, როგორც კი მისი რეალური თუ ირეალური ავადმყოფობის ამბავი შეიტყო… სწორედ ამის გამოძახილი იყო მონარქიის იდეა გააქტიურა…

ვაჟა ბერიძე: „როგორც ჩანს, ეკლესიისთვის დისკომფორტია ის, რომ სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში გახდა საჯარო ეკლესიაში დაგროვილი პრობლემები. სწორედ ახლა გამოვიდა სააშკარაოზე, არადა, ეკლესიაში პრობლემები ბიძინა ივანიშვილს არ შეუქმნია, ისინი თავად ეკლესიის წიაღში დაგროვდა წლების განმავლობაში და რაც უფრო მალე დაიწმინდება ეკლესია ამ პრობლემებისგან მით უკეთესი ბერისთვის, ერისთვის და ქვეყნისთვის…“

ქალთა სოლიდარობის მარში - Sputnik საქართველო
ფემინისტების საპროტესტო აქცია ძალადობის წინააღმდეგ

დავუბრუნდეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს… ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი გადამწყვეტ მნიშვნელობას ქუჩის ბატალიებს ანიჭებს…

ხათუნა ლაგაზიძე: „დიახ, მომავალ არჩევნებს ქუჩა მოიგებს, ვგულისხმობ არა რევოლუციურ პროცესებს, არამედ ენერგეტიკას, რომელიც ხალხს ამა თუ იმ ძალის გამარჯვების უნარში დაარწმუნებს და საარჩევნო უბნებთან მოიყვანს… ასევე კვალიფიციურობას, რომელიც ახალი პოლიტიკური ძალის მიმართ ერთ-ერთი გადამწყვეტი მოთხოვნა იქნება არაკვალიფიციური პოლიტიკოსებისგან დაღლილი საზოგადოებისგან…“

თუ პატივცემული, ქალბატონი ანალიტიკოსის ხედვას გავიზიარებთ, ოქტომბრამდე დარჩენილ დროში არ უნდა გაგვიკვირდეს პოლიტიკოსების ქუჩაში „გააქტიურება“… როდის და სად იქნება შემდეგი თავშეყრის ადგილი ნაკლებად მნიშვნელოვანია… მთავარია შინაარსი და ფორმა… ახლა, მარშირებაზე იარაღით მისული დეპუტატი ოთარ კახიძე გამახსენდა… ხალხის რჩეულიც ასეთი უნდა… საქციელი მოინანია, საჯაროდ ბრძანა შემეშალაო… ჩვენ მაინც ფრთხილად ვიყოთ, ცნობილი ფილმის, ცნობილი პერსონაჟის არ იყოს — „არ გავარდეს!…“

ყველა ახალი ამბავი
0