თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველო კომპანია Google-ის რეგიონში ერთადერთი პარტნიორი კიდევ ერთ საერთაშორისო პროექტში გახდა — მოდის ისტორიის შესახებ ახალი უდიდესი ონლაინ-კოლექციის We Wear Culture („ჩვენ გვმოსავს კულტურა").
მოდის მასშტაბური ონლაინ-ენციკლოპედიის შესაქმნელად Google-მა მსოფლიოს 180 მოდის მუზეუმის არქივების „გაციფრება" მოახდინა. პროექტი კოსტიუმის როგორც უწყვეტი კულტურული პროცესის 3000-წლიან ისტორიას ასახავს. მთელი ინფორმაცია თავმოყრილია თემატურ რუბრიკებში, სადაც არის მოყვანილი დეტალური აღწერა, ფოტო და ვიდეომასალა.
We Wear Culture-ს პარტნიორებია მთელი მსოფლიოს 180 კულტურული ორგანიზაცია, ვიქტორიისა და ალბერტის მუზეუმის, კიოტოს კოსტიუმის მუზეუმის, მეტროპოლიტენ-მუზეუმის, დიდი თეატრის, ტრატიაკოვის გალარეას, კინოკონცერნ "მოსფილმის", გორკის სახელობის კინოსტუდიის და რუსული ეთნოგრაფიული მუზეუმის ჩათვლით.
თითოეულმა მონაწილემ თავისი ექსპონატების (ეროვნული სამოსის, დიზაინის ინდივიდუალური ტექნიკის, სასცენო კოსტიუმების) ციფრული ვერსიები წარმოადგინა. მათი ნახვა ინტერნეტის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია.
საქართველოში პროექტში We Wear Culture მოწვეულია თბილისის ხელოვნების სასახლე (თეატრის, მუსიკის, კინოს და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი).
ვირტუალური ონლაინ-გამოფენისათვის შერჩეულია ვარძიის ფრესკის მიხედვით თეატრალური მხატვრის სოლიკო ვირსალაძის მიერ შექმნილი თამარ მეფის ძვირფასი სამოსი, მეფის ასულ თეკლეს და მეფე ლუარსაბის სამოსი ფილმიდან "გიორგი სააკაძე", სამოსი ფილმიდან "ქეთო და კოტე" და სხვები. დამთვალიერებელს 30 უნიკალური ექსპონატის ნახვის საშუალება აქვს.
„ქართული ისტორიული კოსტიუმი ჩვენი მუზეუმის კოლექციიდან მსოფლიო დონის ასეთ მნიშვნელოვან პროექტში პირველად მონაწილეობს. ეს ნიშნავს, რომ ქართული ეროვნული კოსტიუმი, რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, ეროვნულ მასშტაბებს გასცდა და მან შეიძინა მსოფლიო დონის მნიშვნელობა. მოლაპარაკებებზე სწორედ ამის შესახებ საუბრობდნენ Google-ის პარტნიორები: ქართული კოსტიუმი ნამდვილად არის მსოფლიო მნიშვნელობის საგანძური", — განაცხადა ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ.
Google-ის პროექტში გამოსახულებებს თან ახლავს კონკრეტული ნივთის შექმნის ისტორიიდან საინტერესო ფაქტები, დიზაინერების და მოდის ფუძემდებლების ბიოგრაფიები, მოთხრობები კულტურის მიმდინარეობების შესახებ, რომლებმაც სხვადასხვა დროს მოდაზე ზეგავლენა მოახდინეს: ბაროკოდან დაწყებული ქუჩის სტილით დამთავრებული. სურვილისამებრ, შესაძლებელია კოკო შანელის, კრისტობალ ბალენსიაგას, ივ სენ-ლორანის ან ვივიენ ვესტვუდის ნამუშევრების ნახვა.
გარდა ამისა, Google-მა იზრუნა, რომ ყველა გამოსახულება მაღალ ხარისხში იყოს წარმოდგენილი, რაც სამოსის უწვრილესი დეტალების ნახვის საშუალებას აძლევს. კოლექციის თითოეული ნივთის დათვალიერება ყველა მხრიდან არის შესაძლებელი, თანაც მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ ახერხებს მუზეუმი სამოსის შენარჩუნებას ასწლეულების განმავლობაში.
პროექტის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია აქ. პროექტი ხელმისაწვდომია ონლაინ მისამართზე, აგრეთვე iOS-ისა და Android-ის აპლიკაციებში.
თბილისის ხელოვნების სასახლე ადრეც ფიგურირებდა Google-ის კულტურის ინსტიტუტის ბაზაში — ეს არის გლობალური ინტერაქტიური საგანმანათლებლო ონლაინ-პროექტი, რომელიც ქსელში მთელი ცივილიზაციის კულტურულ მემკვიდრეობას აერთიანებს. აქ თავმოყრილია მსოფლიოს ასობით მუზეუმისა და კერძო კოლექციის დიდი ოსტატების ნამუშევრების ათი ათასობით ასლი. კულტურის ინსტიტუტის სივრცეში ქართული ხელოვნება წარმოდგენილია ისეთი მხატვრების შემოქმედების სახით, როგორებიცაა პეტრე ოცხელი, ელენე ახვლედიანი, დავით კაკაბაძე, გიგო გაბაშვილი, ლადო გუდიაშვილი და სხვ.