თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ცნობილი ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, მსახიობი და გაეროს კეთილი ნების ელჩი კეტი პერი ვოკალურ პროექტზე The Voice Australia ქართული ბრენდის Mach & Mach-ის სამოსით წარდგა.
მომღერალმა დიზაინერებს წითელი ბრჭყვიალა სამოსი შეუკვეთა. ეს არის კაპიშონიანი" ბადისებური ზედა-ქვედა, რომელიც სპორტულ კოსტიუმს ჰგავს.
კეტი პერის Mach & Mach-ის სამოსი პირველად არ აურჩევია. ახლახან ამსტერდამში ის თავისუფალი კოსტიუმით ვერცხლისფერი ბრჭყვიალებით ბრწყინავდა.
რაც შეეხება მოდის ქართული ბრენდის Mach & Mach-ის შემქმნელ დიზაინერ დებს – გვანცა და ნინა მაჭარაშვილებს (Gvantsa Mach და Nina Mach), გვანცა თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია, ხოლო ნინა — დიპლომირებული ექიმი.
თავისი ბრენდი გოგონებმა 2012 წელს შექმნეს. Mach & Mach — ესაა ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და საქორწინო კაბების ბრენდი, რომელიც ყოველ წელს სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
ბოლო დროს ქართველი დიზაინერების სამოსით გატაცება არც ისე იშვიათი მოვლენა გახდა უცხოელ ვარსკვლავებს შორის. ქართველი დიზაინერების შეკერილი კოსტიუმებით თავს იწონებენ მოდელები ბელა ჰადიდი და დაუტცენ კრუსი, შეიხი მოზა და ჯენიფერ ლოპესი, ლედი გაგა, ნიკოლ კიდმანი და მსოფლიო დონის სხვა ვარსკვლავები.