თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ–ივნისში 4,8 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), რაც 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 13,5%-ით მეტია.
საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის საერთო თანხა 2017 წლის იანვარ–ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30,1%–ით გაიზარდა და 1,2 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, ხოლო იმპორტი გაიზარდა 8,8%–ით და 3,6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის "საქსტატის" მასალებში.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის პირველ ექვს თვეში დაახლოებით 2,4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთელი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48,8%–ს წარმოადგენს.
ბრუნვის მხრივ თურქეთი ლიდერობს
თურქეთთან საგარეო სავაჭრო ბრუნვის თანხა იანვარ–ივნისში დაახლოებით 732 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 15,2%–ს შეადგენს. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბრუნვა ორ ქვეყანას შორის 6%–ით შემცირდა.
საანგარიშო პერიოდში საქართველომ თურქეთში გაიტანა დაახლოებით 915 ტონა ტრიკოტაჟის ნაწარმი, დაახლოებით 11,4 ათასი ტონა ფეროშენადნობები და 39 ათასი ტონა ნახშირბადიანი ფოლადის ნახევარფაბრიკატები. საქართველოდან ამ პერიოდში ასევე ექსპორტირებული იყო 4,9 ათასი ტონა ფქვილი და ხორცის, თევზისა და კიბორჩხალასებრთა გრანულები.
თურქეთიდან საქართველოში იანვარ–ივნისის პერიოდში შემოვიდა დაახლოებით 340 ტონა სამკურნალო პრეპარატები, 10,2 ათას ტონაზე მეტი შავი ლითონის კონსტრუქციები, ასევე 715,4 ტონა მზა ტანსაცმელი.
გარდა ამისა, წლის პირველ ნახევარში თურქეთიდან შემოიტანეს 5,3 ათას ტონაზე მეტი სანიტარულ–ჰიგიენური პროდუქცია, ასევე შავი ლითონის მილები (25,5 ათას ტონაზე მეტი).
რუსეთი მეორე ადგილს ინარჩუნებს
საქართველო–რუსეთის საგარეო–სავაჭრო ბრუნვა 2017 წლის იანვარ–ივნისში, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 32,4%–ით გაიზარდა და დაახლოებით 518,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს საერთო სავაჭრო ბრუნვის 10,7%–ია.
საქართველომ რუსეთს მიაწოდა 60,6 ათასი ტონა ფეროშენადნობები, 15 ათასი ტონა ღვინო და დაახლოებით 34 ათასი ტონა მინერალური და სასმელი წყალი. რუსეთში ასევე გაიტანეს სპირტიანი სასმელები სპირტის კონცენტრაციით არანაკლებ 80%-სა (2,6 ათას ტონაზე მეტი).
საქართველომ, თავის მხრივ, რუსეთისგან შეიძინა ნავთობი და ნავთობპროდუქტები – დაახლოებით 81,6 ათასი ტონა, ნავთობის გაზი და ნახშირწყალბადები საერთო წონით 76 ათასი ტონა, ასევე 246 ათასი ტონა ხორბალი; რუსეთიდან საქართველოში შემოტანილია ტელეფონის აპარატები — 56,1 ტონა.
ჩინეთი მესამე ადგილზეა
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ჩინეთთან 412,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 8,5%–ია. სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის წლის პირველ ნახევარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18,2%–ით გაიზარდა, რამაც ჩინეთს საშუალება მისცა, გვერდი აევლო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორისთვის და მესამე ადგილი დაეკავებინა.
იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოდან ჩინეთში გაიტანეს დაახლოებით 83,2 ათასი ტონა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, დაახლოებით 2,8 ათასი ტონა ღვინო, ასევე დაახლოებით 4,3 მლნ აშშ დოლარის 63 მსუბუქი ავტომობილი.
რადგან საქართველოში საავტომობილო მრეწველობა არ არის, ქვეყანა სინამდვილეში ეწევა არა ავტომობილების ექსპორტს, არამედ რეექსპორტს, მაგრამ აქ შედარებით იაფია როგორც ახალი, ისე ნახმარი ავტომობილების საზღვაო გზით შემოყვანა იაპონიიდან, ევროპიდან და აშშ–დან.
გარდა ამისა, საქართველოდან ჩინეთში გაიტანეს დაახლოებით 375 ტონა სპილენძის ჯართი და 3,1 ათასზე მეტი ტონა მანგანუმის მადანი და კონცენტრატები. ჩინეთიდან საქართველოში იმპორტირებულია დაახლოებით 19,3 ათასი ტონა ნახშირბადიანი ფოლადი, 150,4 ტონა გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები, 2 ათას ტონაზე მეტი მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისთვის.
საანგარიშო პერიოდში საქართველოში ჩინეთიდან შემოიტანეს რეზინისა და პოლიმერული მასალებისგან დამზადებული დაახლოებით 1,2 ათასი ტონა ფეხსაცმელი, ასევე 3,3 ათას ტონაზე მეტი რეზინის პნევმატური საბურავები.
საქართველო ასევე ვაჭრობს
აზერბაიჯანთან, რომელმაც მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა – სავაჭრო ბრუნვამ იანვარ–ივნისში 365,5 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. მეხუთე ადგილზეა გერმანია – 232,6 მლნ აშშ დოლარი.
ქვეყნების ათეულში ასევე არიან: უკრაინა – 227,7 მლნ აშშ დოლარზე მეტი, სომხეთი – 223,5 მლნ აშშ დოლარი, აშშ – 184,6 მლნ აშშ დოლარზე მეტი, ბულგარეთი – 154 მლნ აშშ დოლარამდე და იტალია – 134,4 მლნ აშშ დოლარზე მეტი.
საქართველო განაგრძობს წარმატებულ ვაჭრობას ევროკავშირის ქვეყნებთან – წლის პირველ ნახევარში სავაჭრო ბრუნვამ 1,3 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,9%–ით მეტია. კერძოდ, ექსპორტმა შეადგინა 294,7 მლნ აშშ დოლარი – 30,4%–ით მეტი, ხოლო იმპორტმა – 1 მილიარდზე მეტი – 6,3%–ით მეტი. ევროკავშირის ქვეყნების წილი საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 27%–ია.
რაც შეეხება ევროკავშირს, საქართველოს 2014 წელს ევროკავშირთან გააფორმა ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DC FTA) კომპონენტს.
არანაკლებ წარმატებულია საქართველოს ვაჭრობა დსთ–ის ქვეყნებთან – 2017 წლის იანვარ–ივნისში ვაჭრობამ 1,5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2016 წლის პირველ ნახევართან შედარებით 34,4%–ით მეტია. ექსპორტმა შეადგინა 474,1 მლნ აშშ დოლარი – 62,1%–ით მეტი გასული წლის იანვარ–ივნისთან შედარებით, ხოლო იმპორტმა 1,1 მლრდ აშშ დოლარი – 25,2%–ით მეტი. დსთ–ის ქვეყნების წილი საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 31,9%–ია.
რას ყიდის საქართველო
2017 წლის იანვარ–მაისში ექსპორტის სტრუქტურაში ძირითადი ადგილი უკავია სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებს, ფეროშენადნობებს, მსუბუქ ავტომობილებს, სამკურნალო საშუალებებს, ნატურალურ ღვინოს, აზოტის სასუქებს, დამუშავებულ ან დაუმუშავებულ ოქროს, თხილსა და სხვა.
2017 წლის პირველ ნახევარში ექსპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30,1%–ით გაიზარდა და 1,2 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ექსპორტის ზრდას, საბაზო ეფექტთან ერთად, საექსპორტო ბაზრებზე მდგომარეობის გაუმჯობესებამ შეუწყო ხელი.
ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ გარე ფაქტორების გაუმჯობესება სხვა მიმართულებებზეც აისახა. მათ შორის, საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა 13,4%–ით გაიზარდა, ხოლო ტურიზმიდან შემოსავლები – 26,2%–ით. იანვარ–მაისში ფულადი გადმორიცხვები 20,2%–ით გაიზარდა.
რას ყიდულობს
რაც შეეხება იმპორტირებულ პროდუქციას, 2017 წლის იანვარ–ივნისში იმპორტის სტრუქტურაში ძირითადი ადგილი უჭირავს ნავთობსა და ნავთობროდუქტებს, მსუბუქ ავტომობილებს, ნავთობის გაზსა და აირად ნახშირწყალბადებს, სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებს, სამკურნალო საშუალებებს, ხორბალს, ელექტროენერგიას, სატელეფონო აპარატებსა და სხვა.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში შენოიტანეს 3,6 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია, რაც 2016 წლის იანვარ–ივნისის პერიოდის მაჩვენებლზე 9%–ით მეტია.