საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში, რომლებიც ბიზნესის წარმართვის სიმარტივეს ასახავს, დამაჯერებლად წინ მიიწევს. ევროპულ რეიტინგში Doing Business 2017 საქართველო პირველად ტოპ-ოცეულში შევიდა და გაუსწრო იტალიას, ესპანეთს, საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებს. კომპანიების რეგისტრაციის სიმარტივე, დაბალი საგადასახადო განაკვეთები, ეკონომიკაში სახელმწიფოს მინიმალური ჩარევა და კორუფციის დაბალი დონე — ამ ყველაფერმა საქართველო ბიზნესის კეთებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ ქვეყანად აქცია.
რა უნდა იცოდეთ საწყის ეტაპზე
საქართველოში მოქმედებს კანონი „მეწარმეების შესახებ“, რომლის თანახმად ბიზნესის გახსნისა და კეთების ყველა წესი თანაბრად ვრცელდება უცხო ქვეყნებისა და საქართველოს მოქალაქეებზე. კომპანიების რეგისტრაცია მიმდინარეობს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სადაც კომპანიების შესახებ მონაცემები და დოკუმენტები, წესდების ჩათვლით, ყველასთვის ხელმისაწვდომია. ეს ნიშნავს, რომ ამა თუ იმ კომპანიის საქმიანობისა და მონაწილეების შესახებ ინფორმაციის მიღება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
კომპანიის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია იუსტიციის სახლებში ერთდროულად ტარდება — ერთი ფანჯრის პრინციპით. მხოლოდ დღგ-ს აღრიცხვაზე აყვანა და ელექტრონული გადამხდელის სტატუსის მიღება შემოსავლების სამსახურში ცალკე განცხადებას მოითხოვს.
საქმიანობის ზოგიერთი სახე სახელმწიფოს ნებართვას ან ლიცენზიას საჭიროებს. პირველ რიგში, ეს არის ადამიანის, ქვეყნისა და გარემოს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან (ჯანდაცვა, მშენებლობა, კავშირგაბმულობა, ენერგეტიკა, სათამაშო ბიზნესი და სხვ.) დაკავშირებული სფეროები. ამ მიმართულებათა სრული სია მოყვანილია კანონში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“. ბიზნესის სალიცენზიო მიმართულებებზე ნებართვის მოპოვება უცხოელ ბიზნესმენებს საქართველოს მოქალაქის მსგავსად შეუძლია.
ორგანიზაციების საწესდებო კაპიტალის მინიმალურ ოდენობასთან დაკავშირებით კანონში მოთხოვნა არ არის, მეტიც, მეწარმეს შეუძლია სახელმწიფოს ეს ინფორმაცია საერთოდ არ მიაწოდოს. გამონაკლისს მხოლოდ ბანკები წარმოადგენენ. კომპანიის ხელმძღვანელი ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს, მისი მოქალაქეობის მიუხედავად.
„ბიზნესის რეგისტრაციისას არანაირი პრობლემა არ შექმნილა. — განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ მეწარმემ, ტურისტული კომპანიის მფლობელმა ოლეგ ზობოვმა.
„გადასახადებთან დაკავშირებითაც არანაირი სირთულე არ ყოფილა. თუმცა, არსებობს კვალიფიციური კადრების მწვავე დეფიციტი — კარგი ბუღალტრისა და იურისტის მოძებნა ძალიან რთულია. ვფიქრობ, რომ ეს არამარტო საქართველოს პრობლემაა, მაგრამ საქართველოში ეს პრობლემა უფრო მწვავედ დგას, ვიდრე რუსეთში“.
როგორი კომპანიის გახსნა სჯობს
ახალი კომპანიისთვის იურიდიული ფორმის არჩევა მხოლოდ ბიზნესმენის სურვილზეა დამოკიდებული.
„საქართველოში ყველაზე ხშირად ირჩევენ ინდმეწარმის და შპს-ს ფორმებს. სხვა სახეობებს ირჩევენ, როგორც წესი, მსხვილი კომპანიები. იურიდიული პირების საკვანძო განსხვავება არის მესაკუთრეთა უფლებებში და დამფუძნებელთა პასუხისმგებლობაში“, — განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას კორპორატიული სამართლის ექსპერტმა ტარიელ ჩოჩიშვილმა.
ძირითადი ფორმები:
— ინდივიდუალური მეწარმე;
— შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს);
— სააქციო საზოგადოება;
— სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შეუზღუდავი პასუხისმგებლობის ამხანაგობა);
— კომანდიტური საზოგადოება (შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე ამხანაგობა);
— კოოპერატივი;
— კომპანიის ფილიალი.
ინდმეწარმე იურიდიული პირი არ არის. ამასთან მას კრედიტორების წინაშე პირადი პასუხისმგებლობა გააჩნია ყველა იმ ვალდებულებაზე, რომელიც მის სამეწარმეო საქმიანობას უკავშირდება.
„იმისათვის, რომ ინდმეწარმე გახდეთ, საქართველოში რეგისტრაციაა საჭიროა. თუ აქ ბინა არ შეგიძენიათ, რეგისტრაციასთან დაკავშირებით დახმარება საქართველოს მოქალაქეს უნდა სთხოვოთ“, — აღნიშნა ოლეგ ზობოვმა.
„მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ რამდენიმე საერთაშორისო შეთანხმების თანახმად (მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცის ტერიტორიაზე, რუსეთის ჩათვლით), უცხოელი პასუხისმგებელია მთელი თავისი ქონებით, რომელიც ხელმისაწვდომია კრედიტორებისათვის, მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყანაში მდებარეობს ეს ქონება“, — განმარტა ჩოჩიშვილმა.
შპს - ბიზნესის ყველაზე პოპულარული ფორმაა. კრედიტორების წინაშე პასუხისმგებლობა მხოლოდ საზოგადოების ქონებით არის შეზღუდული, ხოლო ერთმანეთის წინაშე — წილით საერთო კაპიტალში. შპს ნებისმიერმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა შეიძლება დააფუძნოს. კომპანიის კაპიტალი აქციებად იყოფა მხოლოდ ერთხელ, ახალი აქციების გამოშვების უფლების გარეშე.
სააქციო საზოგადოება — იურიდიული პირია, რომლის საწესდებო კაპიტალი წილებად არის დაყოფილი. აქციონერებს აქვთ უფლება გამოუშვან სხვადასხვა ტიპის აქციები და გაზარდონ კომპანიის კაპიტალი დამატებითი აქციების გამოშვების გზით. სააქციო საზოგადოების პასუხისმგებლობა შეზღუდულია აქტივების ღირებულებით, ხოლო მესამე პირების წინაშე კომპანიის ვალდებულებებზე აქციონერებს პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ.
სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება - კომპანიაა, რომელშიც რამდენიმე პარტნიორი მუდმივ და დამოუკიდებელ სამეწარმეო საქმიანობას კომპანიის სახელით ახორციელებს. საზოგადოების ვალდებულებებზე დამფუძნებლებს პირადი პასუხისმგებლობა აკისრიათ. პარტნიორები შეიძლება გახდნენ მხოლოდ ფიზიკური პირები.
კომანდიტური საზოგადოება საერთო საფირმო სახელწოდების ქვეშ სამეწარმეო საქმიანობის მიზნით რამდენიმე პარტნიორს აერთიანებს. საზოგადოებას პარტნიორთა ორი ტიპი გააჩნია: შეზღუდული (კომანდიტები), რომელთა პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე საგარანტიო თანხის გადახდით არის შეზღუდული და სრულფასოვანი (კომპლიმენტარები), რომელთა პასუხისმგებლობა შეზღუდული არ არის. დივიდენდები კომანდიტებს შორის შეიძლება განაწილდეს.
კოოპერატივი საერთო ბიზნესის განვითარების და მონაწილეთა მოგების გაზრდის მიზნით იქმნება. პირველ რიგში, ბიზნესის ასეთი ფორმა ყველა მონაწილის ინტერესთა დაკმაყოფილებას ემსახურება, ხოლო მოგების მიღება მეორე პლანზე გადადის. კოოპერატივი იურიდიული პირია. კრედიტორების წინაშე კოოპერატივის მონაწილეთა პასუხისმგებლობა მათი საკუთარი ქონებით არის შეზღუდული.
კომპანიის ფილიალი - სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის ქვეგანაყოფი, ცალკეულ იურიდიულ პირს არ წარმოადგენს. დამფუძნებლის პასუხისმგებლობა არ შეიძლება შეიზღუდოს თვით ფილიალის აქტივებით. ფილიალის დამფუძნებელს აკისრია მატერიალური პასუხისმგებლობა ფილიალის ყველა ვალდებულებაზე.
როგორ გაიხსნას კომპანია
„ბიზნესის გახსნა 30 წუთზე მეტს არ წაიღებს. ამისათვის უნდა მიხვიდეთ იუსტიციის სახლში, კონსულტანტების დახმარებით შეავსოთ დოკუმენტები და ყველა მოსაკრებელი ადგილზევე გადაიხადოთ“, — უამბო „Sputnik-საქართველოს“ მეწარმემ სოლომონ მამუჩიშვილმა.
თუ მეწარმე ქართულად არ საუბრობს, აუცილებელია თარჯიმანი, რომელიც დოკუმენტების გაცნობაში და სარეგისტრაციო სამსახურების თანამშრომლების სწორ გაგებაში დაეხმარება.
მომავალ ინდმეწარმეს უნდა თან ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ანკეტა, რომელიც ადგილზე უნდა შეავსოს და სახელმწიფო მოსაკრებლის გადახდის ქვითარი. თუ ბიზნესმენის რეგისტრაციის ადგილი მას არ ეკუთვნის, საჭირო იქნება მესაკუთრის თანხმობა ან მითითებული ობიექტის სარგებლობის შესახებ შედგენილი და დამოწმებული ხელშეკრულება (ქირისა ან გირაოს ხელშეკრულება).
ერთ სამუშაო დღეში რეგისტრაციის საფასური 20 ლარია, ხოლო სასწრაფო რეგისტაციისა და დოკუმენტების განაცხადის შეტანის დღეს გაცემის შემთხვევაში — 50 ლარი.
კომერციული ორგანიზაციებისთვის მეტი დოკუმენტია საჭირო: განცხადება (ავსებს ოპერატორი, რომელიც დოკუმენტებს იბარებს), პირადობის მოწმობის ასლი, ყველა პარტნიორ/დამფუძნებლის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული ხელშეკრულება/წესდება, და სახელმწიფო მოსაკრებლის გადახდის ქვითარი. თუ დოკუმენტებს აბარებს დამფუძნებელთა წარმომადგენელი, მან უნდა თან იქონიოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები და პირადობის მოწმობა. სარეგისტრაციო დოკუმენტაციას ნოტარიუსი ან იუსტიციის სახლის თანამშრომელი დაამოწმებს.
კომპანიის სახელწოდება იწერება მხოლოდ ქართულ ენაზე, თუმცა აბრაზე ქართულ ვერსიასთან ერთად შესაძლებელია ლათინური ასოების გამოყენებაც.
ერთ სამუშაო დღეში რეგისტრაციის საფასური 100 ლარს შეადგენს, ხოლო სასწრაფო რეგისტაციისა და დოკუმენტების განაცხადის შეტანის დღეს გაცემის შემთხვევაში — 200 ლარი.
ცოტა რამ გადასახადების შესახებ
2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა დებულება, რომლის თანახმად იურიდიულ კომპანიებს შეუძლიათ მოგების გადასახადი არ გადაიხადონ, თუ თანხებს ბიზნესის განვითარებაზე მიმართავენ.
„შინაარსობრივად, მოგების გადასახადი დივიდენდებზე გადასახადით შეცვალეს“, — განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ გადასახადის გადამხდელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა გიგლა მიქაუტაძემ.
დღეისათვის იურიდიულ პირისთვის დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) სტანდარტული განაკვეთი 18%-ს შეადგენს (ელექტროენერგიაზე, სანაოსნო საქმიანობაზე ტუროპერატორების მიმართ გამოიყენება დღგ-ს ნულოვანი განაკვეთი). მოგების გადასახადი — 15%, საშემოსავლო გადასახადი — 20%.
ინდმეწარმეს შეუძლია ისარგებლოს გადასახადების გადახდის საშეღავათო რეჟიმით: თუ მისი წლიური შემოსავალი 30 000 ლარს არ აღემატება, ის გადასახადებისგან თავისუფლდება. ეს წესი არ ვრცელდება ვაჭრობას, საფინანსო კომპანიების მუშაობას (მაგ. ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებზე), საქმიანობის სალიცენზიო სახეებზე და ინდსაწარმოებზე, რომლებშიც თანამშრომლები მუშაობენ. თუ ბიზნესმენმა წელიწადში 100 000 ლარამდე გამოიმუშავა, მას 5%-იანი საშემოსავლო გადასახადის გადახდა მოუწევს.
საქართველოში აგრეთვე გადასახადების გადახდის საშეღავათო სამი რეჟიმი არსებობს:
— „თავისუფალი ინდუსტრიული ზონები“ ევროკავშირის ბაზარზე ქართული საქონლის ექსპორტისთვის.
— „თავისუფალი სასაწყობე საწარმო“ საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიებისთვის.
— მესამე საშეღავათო რეჟიმი ითვალისწინებს საერთაშორისო საფინანსო კომპანიის შექმნას, რომელიც გათავისუფლებულია მოგების გადასახადისგან და ფასიან ქაღალდებისა და დივიდენდებისგან მიღებულ შემოსავალზე გადასახადისგან.
პროექტი „ლიკვიდაცია“
თუ რამე ისე არ წარიმართა, როგორც თქვენ გინდოდათ, და კომპანიის დახურვა გადაწყვიტეთ, ეს ისეთივე ადვილია, როგორც გახსნა.
„იუსტიციის სახლში კომპანიის დახურვაზე დოკუმენტები უნდა შეიტანოთ, და, თუ კომპანიას კრედიტორების წინაშე დავალიანება არ გააჩნია, მაშინ არანაირი პრობლემა არ იქნება. შემოსავლების სამსახური ჩაატარებს საგადასახადო შემოწმებას, რომელიც სამ თვეს გრძელდება. შემოწმების შედეგების მიხედვით კომპანიის რეგისტრაცია რეესტრში გაუქმდება“, — განმარტა ტარიელ ჩოჩიშვილმა.
ინდმეწარმის რეგისტრაციის გაუქმება ერთი სამუშაო დღის განმავლობაში შეიძლება. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას დავალიანება არ გააჩნია, იურიდიული პირის ლიკვიდაციის პროცესი უნდა დასრულდეს ოთხ თვეში.
პირველი ნაბიჯის გადადგმა
ზოგჯერ საკუთარი საქმის წამოწყებას აფერხებს ინფორმაციის არცოდნა. საქართველოში პროფესიული თანასაზოგადოების დახმარების და მხარდაჭერის მიღება ადვილია. აქ ფუნქციონირებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისა და ბიზნეს-პროექტების თანადაფინანსების სახელმწიფო და კერძო პროგრამები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემების თანახმად, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ არსებობის სამი წლის განმავლობაში მხარდაჭერილია საერთო ღირებულების 29,1 მილიონი ლარის 3205 პროექტი, თანადაფინანსების თანხამ 22,9 მილიონ ლარს გადააჭარბა.
თუ ბიზნესის წამოწყება გსურთ, მაგრამ არ იცით რით დაიწყოთ, კონსულტაციისთვის მიმართეთ პროფესიონალურ ორგანიზაციებს, ინფორმაციისთვის მიმართეთ იუსტიციის სახლს და უკან არ დაიხიოთ!
„Sputnik-საქართველო“ მკითხველს საქართველოში ბიზნესის წარმართვის თავისებურებებს მომავალშიც გააცნობს — შემდეგ მასალაში იკითხეთ იმის შესახებ, დამწყებმა მეწარმემ ვის უნდა მიმართოს დახმარებისთვის, რჩევისთვის, და, რაც ყველაზე მთავარია, თანხისთვის.