ქვეყნის საფინანსო ბაზარზე მოვლენები საინტერესოდ ვითარდება – ეროვნული ვალუტა ჭირვეულობს და არავინ უწყის, როდემდე გაგრძელდება კურსის რყევა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში. გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება უჭირთ სპეციალისტებსა და ექსპერტ-ანალიტიკოსებს. უმრავლესობა თანხმდება, რომ დინამიკა სტაბილურად არასტაბილურია. სწორედ ამ ფონზე ეროვნული ბანკი ე.წ. რეფინანსირების განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით, 6.75 პროცენტამდე ამცირებს. გაირკვა, რომ ეს გადაწყვეტილება ეფუძნება იმ მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვით, ინფლაციის მიზნობრივ დონესთან დასაახლოებლად საჭიროა გაგრძელდეს მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის პროცესი. ამავე გათვლების შესაბამისად, თუ ეკონომიკაზე მოქმედი სხვა ფაქტორები არ გამოიკვეთა, სავსებით მოსალოდნელია, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საშუალოვადიან პერიოდში 6 პროცენტამდე შემცირდეს…
ფინანსისტები აღნიშნავენ, რომ ივნისში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია მოსალოდნელზე მეტად შემცირდა და 1.1 პროცენტი შეადგინა, რაც დიდწილად განაპირობა ინფლაციის და საერთაშორისო ბაზარზე ნავთობისა და სურსათის ფასების მოსალოდნელზე მეტად შემცირებამ. ინფლაციის მაჩვენებლის კლებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საბაზო ეფექტის ამოწურვამ. მათივე პროგნოზით, ინფლაცია მომდევნო კვარტლებში დაბალ დონეზე შენარჩუნდება და მიზნობრივ მაჩვენებელს 2017 წლის ბოლოს მიუახლოვდება. წლის პირველ ნახევარში ექსპორტის კლებამ წლიურად 12 პროცენტი შეადგინა. გაიზარდა შიდა და საგარეო ინვესტიციების მოცულობა და თამამად კეთდება ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ რეგიონში არსებული ვითარება, გაურკვეველი ფონი, რომელიც მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს ეკონომიკური ზრდისა და ფინანსური სტაბილურობისთვის.
ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, სპეციალისტები მიანიშნებენ, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის შემდგომი ტემპი დამოკიდებული იქნება ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე, ზოგადად საგარეო ფაქტორებსა და სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან მომდინარე ნეგატიური პროცესების შესაძლო გავლენაზე…
მკითხველს შევახსენებ, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ჯერ კიდევ გასული წლის თებერვალში დაიწყო, რეფინანსირების განაკვეთი ეტაპობრივად იზრდებოდა.
შემცირება კი დაიწყო მიმდინარე წლის აპრილის თვიდან. რა მოლოდინი აქვთ ეროვნულ ბანკში? ქვეყნის მთავარი ბანკირის კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მონეტარული პოლიტიკის მომდევნო სხდომა სექტემბრის პირველ რიცხვებში გაიმართება და, როგორც ეროვნულ ბანკში ვარაუდობენ, რეფინანსირების განაკვეთი 6 პროცენტამდე შემცირდება.
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მე რა ხეირი? შესაძლოა, ბრძანოს პრაგმატულად მოაზროვნე მკითხველმა და მეც მოგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა ან შემცირება ავტომატურად გულისხმობს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების საპროცენტო განაკვეთის მატებას ან კლებას. შესაბამისად, გასული წლის თებერვალ-დეკემბერში ასეთი კრედიტების საპროცენტო განაკვეთი თანდათან იზრდებოდა. სამთვიანი პაუზის შემდეგ კი ეტაპობრივად მცირდება. მიმდინარე წლის აპრილში რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 16974 მომხმარებელს შეუმცირდა. ივნისის თვეში კი რეფინანსირების განაკვეთის შემცირება 16887 კრედიტის პროცენტზე აისახა.
ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილებით საპროცენტო განაკვეთი 17392 მომხმარებელს შეუმცირდება. მიმდინარე წლის 1 ივლისის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების საერთო მოცულობა 796 მილიონი ლარია.
მკითხველის ყურადღებას რამდენიმე პარამეტრზე გავამახვილებ, რაც საშუალებას მოგვცემს, შევაფასოთ ფიზიკური და იურიდიული პირების რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხებით დაკრედიტების დინამიკა და გაცემული სესხების საერთო მოცულობაში დავინახოთ, რა ხვედრითი წილი უკავიათ სხვადასხვა ტიპის კრედიტებს.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში გაცემული სესხების რაოდენობა 326 მილიონი ლარით გაიზარდა, თუმცა მთლიანი საკრედიტო პორტფელი — 820,2 მლნ ლარიდან 786 მილიონამდე შემცირდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის შემხედვარე მომხმარებელი ერიდება საბანკო ვალდებულებებს. ბოლო პერიოდში ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა 63 მილიონი ლარით, ანუ 21,5 პროცენტით გაიზარდა. ადრე ვადაგადაცილებულ სესხებში ლარში გაცემული კრედიტების წილი უმნიშვნელო იყო, დღეს ის უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს ერთიორად აღემატება…
საგულისხმოა, რომ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული კრედიტების საერთო რაოდენობიდან (17392) ყველაზე მეტი (8024) ე.წ. სამომხმარებლო კრედიტია. თანხის მოცულობა კი 78 500 ათასი ლარია. მკითხველს შევახსენებ, რომ ამ ტიპის კრედიტის გაცემისას საბანკო სექტორი პრაქტიკულად არც ინტერესდება თანხის მიზნობრიობით და, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, უმრავლეს შემთხვევაში კრედიტი მსესხებლის კონკრეტული გადაუდებელი პრობლემის მოგვცარებას ხმარდება. ვიცი, რომ არავის გაუკვირდება, რასაც ახლა ვიტყვი: ხშირად ბანკიდან ნასესხები თანხა ოჯახის გამოკვებისთვის იხარჯება. ე.წ. სამომხმარებლო სესხის საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა მიმდინარე წლის 1 ივლისისთვის 16 პროცენტი შეადგინა.
რაოდენობრივად მეორე ადგილზეა ე.წ. იპოთეკური ტიპის სესხები. მიმდინარე წლის მეორე ნახევრისთვის 4658 ხელშეკრულების საფუძველზე 199 700 ათასი ლარი საშუალოდ 12.3 პროცენტში გაიცა. საბანკო ტერმინოლოგიაში გაუთვითცნობიერებელ მკითხველს, თუ ასეთი ჩვენში კვლავაც არსებობს, განვუმარტავ, რომ ე.წ. იპოთეკური კრედიტი კონკრეტული მიზნობრიობით გაიცემა. თანხა, ძირითადად, უძრავი ქონების შეძენას ან რემონტს ხმარდება. ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ნაკისრი საბანკო ვალდებულების უზრუნველყოფის გარანტიად მსესხებლის ან თავდების უძრავი ქონება წარიმართება…
რაც შეეხება ე.წ. ბიზნეს–სესხებს: გაცემული კრედიტების საერთო პორტფელში რაოდენობით მას მესამე, ხოლო თანხის მოცულობით პირველი ადგილი უკავია. 1862 ხელშეკრულებით 485 140 ათასი ლარი გაიცა. მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 135 900 ათასი ლარი საშუალოდ 13.2 პროცენტში გასცეს. მსხვილი ბიზნესი კი საბანკო სექტორმა საშუალოდ 14.4 პროცენტში დააკრედიტა 349 300 ათასი ლარით. საკამათო არ არის, რომ სასურველია საბანკო-საკრედიტო რესურსი უფრო დიდი მოცულობით ხმარდებოდეს ბიზნესის დაფინანსებას, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.
რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებს შორის რაოდენობით და მოცულობით ბოლო პოზიცია ე.წ. ავტოსესხებს უკავიათ. მიმდინარე წლის პირველი და მეორე ნახევრის მიჯნაზე გაფორმებულია მხოლოდ 23 ხელშეკრულება. 712 400 ლარი ბანკებმა საშუალოდ 16.35 პროცენტში გაასესხეს…
და, ბოლოს, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 2825 სესხი გაიცა. სესხის ტიპი და მიზნობრიობა უცნობია. თანხის მოცულობა 21 900 ათასი ლარია…
შესაძლოა, ციფრებით დაგღალეთ, მაგრამ ერთსაც დავძენ: რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები ეროვნულ ვალუტაში გაცემული მთლიანი საკრედიტო მოცულობის მხოლოდ 13.9 პროცენტია. ყველაზე მოთხოვნადი სამომხმარებლო კრედიტია. გაცემული თანხის ყველაზე დიდი ნაწილით ბანკებმა ბიზნესი დააკრედიტეს. ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა…
მონეტარული პოლიტიკის შერბილება ლარში საპროცენტო განაკვეთების შემცირების ტენდენციას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. ეკონომიკისთვის აუცილებელია, რომ ბანკებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომი რესურსი ლარში, რაც სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას გამოიწვევს. ამ მხრივ მნიშნელოვანია ეროვნულ ვალუტაში დაზოგვის წახალისებაც, რაც ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთის გაზრდით მიიღწევა.
დროებით აქ დავსვამ წერტილს და უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ სტატიას, სადაც დეტალურად გავწერ იმას, თუ რა უნდა ვიცოდეთ, როცა ბანკში ფულის სესხებას დავაპირებთ.