14 ივლისს ვაჟას 156-ე დაბადების დღეა

ჰიტლერს ვაჟას სურათი მაგიდაზე ედო
გამოწერა
სამი დიდი ქართველის: ვაჟა ფშაველას, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეს მთაწმინდაზე აღნიშნავენ

14 ივლისი ვაჟა ფშაველას, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა. თუ შარშან ეს დღე ჩარგალში აღინიშნა, წელს ვაჟას შთამომავალი და მისი სახელობის ფონდის დამფუძნებელი ლელა რაზიკაშვილი გვიამბობს, რომ განსხვავებულად აპირებენ ვაჟას მიმართ პატივისცემის გამოხატვას.

ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს აღადგენს

„ისეთი მძიმე დროებაა, რომ ქართველებს უდავოდ გვჭირდება გახსენება, ვისი გორისანი ვართ. ჩვენ ვაჟა ფშაველას დაბადების დღე გვინდა, ვაქციოთ სახალხო ზეიმად და მსვლელობა გავმართოთ ქაშვეთიდან მამა დავითისაკენ. 14 ივლისს, 1 საათზე ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი დიდი წინაპრების — ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ვაჟა ფშაველასა და ნოდარ დუმბაძის სახელი, ველოდებით ქაშვეთთან მინდვრის ყვავილებით. ეს იდეა საზოგადოებიდან წამოვიდა. შემდეგ ერთად ავალთ მთაწმინდაზე და ამ დიდ ქართველებს პარაკლისს გადავუხდით. ვაჟას შემოქმედება მთელი კაცობრიობის საკუთრებაა და ამიტომ ასეთი დღეების აღნიშვნა, ალბათ, არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუციების პრეროგატივა უნდა იყოს, არამედ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება, გავიხსენოთ ისინი და შევივსოთ მარად უკვდავი შემოქმედებით“, — ამბობს ლელა რაზიკაშვილი.

ვაჟა-ფშაველა - Sputnik საქართველო
თბილისში გაიხსნება გამოფენა „ვაჟა-ფშაველა ქართულ ხელოვნებაში“

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: გიორგი სავანელი, საქართველოს კულტურის პალატა, ვაჟა ფშაველას ფონდი და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია. 

ამავე დროს, ლელა რაზიკაშვილი ფიქრობს, რომ ეს დღე განსაკუთრებით უნდა აღნიშნონ ჟურნალისტებმა. 

დიდი ქართველი პოეტი ხომ, უპირველესად, სამწერლო თუ პუბლიცისტურ საქმიანობას იმდროინდელი პერიოდიკის მეშვეობით ეწეოდა. 

„როდესაც ლუკა რაზიკაშვილი გაზეთ „დროებაში" ფელეტონებსა და კორესპონდენციებს აგზავნიდა, სულაც არ ფიქრობდა იმაზე, რომ სულ მალე ვაჟა–ფშაველა გახდებოდა, შემდეგ დიდი ვაჟა, საკაცობრიო აზრის მატარებელი და ა. შ.

ის თავის ძირითად საქმეს, მასწავლებლობას, დედაქალაქში გამომავალი ჟურნალ–გაზეთების კორესპონდენტობას უთავსებდა. ცხოვრობდა და საქმიანობდა ისე, როგორც ყველა წესიერი ჟურნალისტი მაშინ, დღეს და ყველა დროში!

ვაჟა-ფშაველა - Sputnik საქართველო
მზის სათვალე, მონეტები, კრიალოსანი — ვაჟა-ფშაველას ნივთების გამოფენა თბილისში

დაუფარავად წერდა ყველა სიმახინჯეზე, რასაც ხედავდა. თავად ებრძოდა ადგილობრივ ხელისუფლებას,,,ოკრუჟნოი სუდებს", მეტყევეებს, მოხელეებს…

ებრძოდნენ მასაც, დევნიდნენ, ეჩხუბებოდნენ, აბეზღებდნენ და უფრო მეტად ერეოდნენ, რადგან მაშინ არ იყო პროფესიული სოლიდარობის ტრადიცია, დრო და სივრცე!

მოგვიანებით მთელი მისი შემოქმედება სწორედ ჟურნალ–გაზეთებიდან გადავიდა სხვადასხვა ბეჭდურ გამოცემებში და გამოჩნდა ისეთი შემოქმედი, რომ მისი ჟურნალისტობა მივივიწყეთ, არადა, ქართულმა მედიამ შეიძლება იამაყოს იმით, რომ ისინი დიდი შემოქმედის პროფესიული შთამომავლები არიან!“, — ამბობს ლელა რაზიკაშვილი. 

ჩვენ კი ამ დიდი გენიოსის ნააზრევიდან რამდენიმე ადგილს შეგახსენებთ, რომელიც დღესაც ძალიან თანამედროვედ ჟღერს და ბევრ რაიმეზე დაგვაფიქრებს. პუბლიცისტურ წერილში: „ რა არის თავისუფლება“, ვაჟა წერს:

„თავისუფალი უნდა იყოს არა რომელიმე ერთი წოდება, არამედ მთელი ერი. ქვეყანაც მხოლოდ მაშინ იქნება ბედნიერი, როცა მოისპობა წოდებრივი უპირატესობანი, ყველა წოდება იქნება თავისუფალი, ე.ი. ბედნიერი… თავისუფლება და ბედნიერება სინონიმებია.

ნუ ეძებთ იქ თავისუფლებას, სადაც ცხოვრებას ისევ საფუძვლად წოდებრივი განსხვავება აქვს დადებული, საცა ყველას განურჩევლად წოდებისა და გვარიშვილობისა, არ ეძლევა საშუალება პატიოსანი შრომით მოიპოვოს პური არსებობისა, საცა შრომა ღირსეულად არ ფასდება, საცა არ არის თანასწორად განაწილებული ცოდნა, ქონება.

მარტო ქონებრივი უზრუნველყოფა არ არის გარანტია, ერმა შეინარჩუნოს თავისუფლება, უკეთუ მას თან არ ახლავს ერის საერთო გონებრივი სიმწიფე, განათლება და ცოდნა“.

© არქივის ფოტოვაჟა-ფშაველა წმინდა ნინოს სახელობის ლაზარეთში
14 ივლისს ვაჟას 156-ე დაბადების დღეა - Sputnik საქართველო
ვაჟა-ფშაველა წმინდა ნინოს სახელობის ლაზარეთში

მოვუსმინოთ, რას ამბობს მსოფლიოს გენიოსი 1905 წელს გამოქვეყნებულ წერილში: „პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი“. „პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი. კოსმოპილიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს.

ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს”.  

არც ქალთა გენდერული თანასწორობის საკითხი დაუტოვებია ვაჟას უყურადღებოდ და საუკუნით გაუსწრო წინ კაცობრიობას. 

მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოქვეყნებულ წერილში: „დედაკაცები რომ იყვნენ მაღალ თანამდებობებზე“, — ვაჟა წერს:

„მეგობარო! დღეს ქალებიც თხოულობენ მამაკაცებთან თანასწორ უფლებას. სჯობს, მიეცეს, თუ არა, რას იტყვი? მე ამა საკითხზე გაჭიანურებულს პასუხს არ მოგცემ და იმის კვლევას, თუ რა როლს ასრულებდა დედაკაცი ქვეყნის ისტორიულ ცხოვრებაში, რა მნიშვნელობა აქვს ოჯახისთვის და სხვა არ გამოვუდგები, რადგან ამის განმარტვას მთელი ტომები მოუნდება, ჩვენ კი დრო არა გვაქვს ამისთვის საკმაო. მე მხოლოდ ამას ვიტყვი: დიდად და დიდად საჭიროა დაკმაყოფილდეს ქალთა მოთხოვნილება. მჯერა, მწამს და ვერცავინ შემაცვლეინებს ამ აზრს…

…მენატრება, რომ დედაკაცს მიეცეს ისეთივე უფლება, რაც მამაკაცს, როგორც სწავლაში, ისე სამსახურში… შენ როგორც გნებავს, იფიქრე; საჭიროა გაქვავებული გული მამაკაცისა გაათბოს დედაკაცის ხმამ და მისი რწმენა, რომ მამაკაცი ვარ, მე ადვილად არ უნდა გავტყდე, არ უნდა მოვიხადო ქედი ხალხის მოთხოვნილების წინაშე, რათა სილაჩრე არავინ დამწამოსო, უნდა მოათავსოს კეთილგონიერების ფარგალში იმავე დედაკაცის ხმამ“.

ადამიანისა და ბუნების ურთიერთდამოკიდებულების საკითხი კი ვაჟას შემოქმედებაში რომ წამყვანია, ამას არავინ უარყოს. უფრო სწორად, ევროპელებმა სწორედ მის გველისმჭამელსა და შვლის ნუკრის ნაამბობში აღმოაჩინეს ცხოველთა ენა. გარემოსდაცვითი მოძრაობა მთელს მსოფლიოში, რომელიც გლობალური დათბობისა და დედამიწის გამოფიტვის საფრთხეს გვახსენებს, ვაჟამ შვლის ნუკრის, გველისმჭამელისა და ბებერი წიფლის ხმით გვიამბო.

უყურებ დღევანდელ ქართველობას და ხვდები: ყველაზე დიდი პატრიოტიზმი და ქრისტიანობა სწორედ ვაჟას ცხოვრების წესით ცხოვრება და სიკვდილია — იყო ვაჟკაცი, უვლიდე შენს მიწაწყალს, აზროვნებდე, ეფერებოდე მინდორში ობლად ამოსულ იას და არ დააზიანო დედამიწა, არ ავნო ადამიანს, შეინარჩუნო და გააგრძელო ეროვნული ტრადიციები. 

ყველა ახალი ამბავი
0