ბავშვთა ადრეული განვითარების სერვისი - რა სიახლეები იგეგმება სისტემაში

© მაია ბუჩუკურის პირადი არქივიმაია ბუჩუკური
მაია ბუჩუკური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა დამტკიცებულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. აღნიშნული პროგრამით სარგებლობა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, შესაბამისად, ოჯახებისთვის ამ პროგრამით მომსახურების მიღება უფასოა.

ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამების ამოცანაა განვითარების შეფერხების რისკის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების განვითარების სტიმულირება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება, შესაძლებლობის შეზღუდვისა და მიტოვების პრევენცია. ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის შესახებ დაწვრილებით სოციალური პროგრამების სამმართველოს უფროსი მაია ბუჩუკური გვესაუბრა.

© მაია ბუჩუკურის პირადი არქივიმაია ბუჩუკური
მაია ბუჩუკური - Sputnik საქართველო
მაია ბუჩუკური

– სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რა პრეტენზიებია ყველაზე ხშირად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მხრიდან და როგორ ფიქრობთ თქვენ ამ პრობლემის აღმოფხვრას?

— არის სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვთა ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ. მასში შედის სხვადასხვა ქვეპროგრამები. რა თქმა უნდა, წლიდან წლამდე პროგრამის მოცულობა იზრდება. იზრდება ხელმისაწვდომობა როგორც გეოგრაფიული, ისე ფინანსური კუთხით. იზრდება მომსახურების მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობა, თუმცა არის ასევე გარკვეული მოთხოვნები და პრეტენზიებიც მშობლების ან ბენეფიციარების მხრიდან. განსაკუთრებით ხშირია კითხვები ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის, ბავშვთა აბილიტაცია-რეაბილიტაციის ქვეპროგრამის კუთხით და ძირითად ეს გამოწვეულია მომლოდინეთა რიგით. სამწუხაროდ, მომსახურების მსურველთა რაოდენობა აღემატება სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტის შესაძლებლობას. შესაბამისად, არის მომლოდინეთა რიგი, და ეს რიგი რეგულირდება ერთიანი რეესტრით. მაძიებლის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა ჩვენ გარკვეული პრიორიტეტების გათვალისწინებით გვიხდება; პრიორიტეტებიც ასევე სახელმწიფო პროგრამით არის გაწერილი.

ბავშვი ქუჩაში, მარტო - Sputnik საქართველო
შვილად აყვანის პროცედურები საქართველოში — რა მონაცემებია რეესტრში

– რას მოიცავს ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა?

— ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა მოიცავს 0–დან 7 წლამდე ბავშვების მომსახურებას. აქ არ არის აუცილებელი, რომ ბავშვს ჰქონდეს შშმ ბავშვის სტატუსი, არის დიაგნოზების ჩამონათვალი, როდესაც განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისთვის აუცილებელია ისეთი სერვისების მიწოდება, რაც ხელს შეუწყობს ბავშვის განვითარებას და მოგვცემს საშუალებას, რომ გავაკეთოთ შესაძლებლობათა შეზღუდვის ან ბავშვის მდგომარეობის დამძიმების პრევენცია. პროგრამის ფარგლებში თითქმის მილიონ ლარამდეა დაფინანსება. მასში გათვალისწინებულია ბენეფიციარებისთვის ვაუჩერის გაცემა ისე, რომ ბენეფიციარმა გაცემის დღიდან მიიღოს 12 თვის ვაუჩერი, ოღონდ არაუმეტეს შვიდი წლის ასაკისა. აქ არის მომლოდინეთა რიგი. რიგი გამოწვეულია იმით, რომ თბილისსა და რეგიონებში გაიზარდა ინფორმირებულობა ამ პროგრამის შესახებ, გაიზარდა სერვის-პროვაიდერთა რიცხვიც; სოციალური ქსელებით, მშობელთა ორგანიზაციების დახმარებით გავრცელებულია უფრო მეტი ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამების შესახებ.

– რა შემთხვევაში სარგებლობს ბენეფიციარი უპირატესობით?

— პრიორიტეტი სახელმწიფო პროგრამით არის განსაზღვრული. მაგალითად, რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ბავშვები, მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები, ბავშვები, რომლებიც გასული 12 თვის განმავლობაში იღებდნენ ამ მომსახურებას. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ ბავშვებს არ შევუწყვიტოთ მომსახურება, რათა არ დავკარგოთ ის მიღწევა, რაც გვაქვს ბავშვის მდგომარეობაში. პრიორიტეტული არიან ასევე სამ წლამდე ასაკის ბავშვები, რადგან პროფესიონალებთან კონსულტაციით და არსებული მტკიცებულებებით, მცირე ასაკში რეაბილიტაციის პროცესი უფრო წარმატებით განხორციელდება და უფრო შედეგიანი იქნება. ამის შემდეგ მოდის სიღარიბის ბაზაში მყოფი ბავშვები, რომელთა ოჯახებსაც ასი ათასზე დაბალი ქულა აქვთ.

© FL/Leonid Mamchenkovსაბავშვო ბაღის აღსაზრდელები
საბავშვო ბაღის აღსაზრდელები - Sputnik საქართველო
საბავშვო ბაღის აღსაზრდელები

– პროგრამაში ჩართვის მსურველთა შორის ეს პრიორიტეტები უკმაყოფილებას არ იწვევს?

— მესმის, რომ ყველა პრიორიტეტზე შეიძლება ისაუბრო ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც, მაგრამ ეს პრიორიტეტები გამოწვეულია იძულებითი მდგომარეობიდან, ვინაიდან არ არის საშუალება, რომ ყველა ბავშვი მოხვდეს პროგრამაში. აქ მხოლოდ ბიუჯეტი არ თამაშობს როლს, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ პროგრამა არის ახალი, სპეციალისტები, რომლებმაც ამ პროგრამაში უნდა იმუშაონ ჩვენ ქვეყანაში, ცოტანი არიან და ასევე ორგანიზაციები, ვისაც ჰყავს შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტებული მულტიგუნდი, მათი რაოდენობაც ცოტაა და ასევე შეზღუდულია მათი მუშაობის გეოგრაფიული მასშტაბები. ადრეული განვითარების მომსახურების მიღება შესაძლებელია არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ კახეთის რეგიონში — თელავში, ლაგოდეხში, გურჯაანში; მომსახურების მიღება შესაძლებელია ასევე დასავლეთ საქართველოში — ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, ჩხოროწყუში. ორგანიზაციები ნელ–ნელა ემზადებიან, რომ დარეგისტრირდნენ სხვა რაიონებშიც. ასე ნელ–ნელა გაფართოვდება გეოგრაფიული არეალი. ხელოვნურად ამის გაკეთება ძალიან ძნელია, ვინაიდან ჩვენ გვინდა ვიყოთ ხარისხზე ორიენტირებული. ამიტომ ორგანიზაციები, რომლებიც გადიან რეგისტრაციას სამინისტროში, უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ კრიტერიუმებს როგორც ორგანიზაციული შემადგენლობით, ადამიანური რესურსებით, ასევე მატერიალური რესურსებით, ფართით, სადაც ორგანიზაციას შეუძლია ბენეფიციარების მიღება და ა.შ.

ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა“ - Sputnik საქართველო
სახლი, სადაც მძიმედ დაავადებულ ბავშვებს ტკივილებს შეუმსუბუქებენ

– რის თქმა შეგიძლიათ ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამაზე?

— ბავშვთა აბილიტაცია-რეაბილიტაცია შედარებით უფრო დიდი ხანია, რაც ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით. ამ პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ 0-დან 18 წლამდე ბავშვებს, მათ შორის 3 წელს ზევით ბავშვებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსი. ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაც საკმაოდ მწვავე საჭიროებებზე არის ორიენტირებული და აქაც მომსახურების მიღების მსურველთა რაოდენობა აღემატება რეალურად იმ შესაძლებლობას, რაც არის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული. სამწუხაროდ, აქაც რიგია და ბავშვების პროგრამაში ჩართვა ხდება გარკვეული პრიორიტეტების გათვალისწინებით. ეს კრიტერიუმები შემუშავებულია სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით. ჯერჯერობით ეს არის ის, რა შესაძლებლობაც აქვს სახელმწიფო პროგრამას, ჩვენც მივყვებით პროგრამით გაწერილ მოთხოვნებს და ის კი დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ არ ყოფილა ერთი შემთხვევაც კი, რომ ჩვენ დაგვერღვიოს რიგითობა.

– რა ცვლილება იგეგმება ამ სფეროში?

— ცვლილებები ყოველწლიურად ხდება. პროგრამას ამზადებს სამინისტრო, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს ამა თუ იმ პროგრამაში მზარდ მოთხოვნას, მაგრამ, როგორც ვთქვით, მოთხოვნა აღემატება ბიუჯეტის შესაძლებლობას. სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა, გარდა ამ ორი მიმართულებისა, მოიცავს ასევე სხვა პროგრამებსაც, როგორიცაა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების ერთ წლამდე ასაკის ბავშვების ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და შშმ პირების დღის ცენტრები, მცირე საოჯახო ტიპის სახლები, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრები, სათემო ორგანიზაციები ხანდაზმულებისთვის და შშმ პირებისთვის, დამხმარე საშუალებებით (ეტლებით, სმენის აპარატებით, კოხლეარული იმპლანტით) უზრუნველყოფა, მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების უზრუნველყოფა და სხვა. ყველა პროგრამაზე მოთხოვნა ძალიან მაღალია და ამიტომ არაა ადვილი არსებული რესურსის გადანაწილება, თუმცა წლის განმავლობაში სამინისტროს ვუგზავნით ინფორმაციას ბიუჯეტის ხარჯვის შესახებ, ანუ ბიუჯეტის რა ნაწილია უკვე გახარჯული, რამდენია ამა თუ იმ პროგრამაში მომლოდინეთა რაოდენობა. ამის მიხედვით უკვე სამინისტრო თავისი პრიორიტეტებით გადაწყვეტს, რომელი ქვეპროგრამა რა მიმართულებით უნდა გაძლიერდეს და ხდება ერთი პროგრამიდან მეორეში თანხის გადანაწილება.

© Sputnik / Levan Avlabreliსოციალური პროგრამების სამმართველოს უფროსი მაია ბუჩუკური
სოციალური პროგრამების სამმართველოს უფროსი მაია ბუჩუკური - Sputnik საქართველო
სოციალური პროგრამების სამმართველოს უფროსი მაია ბუჩუკური

– ქალბატონო მაია, რას ფიქრობთ იმ ბავშვთა სახლებზე, რომლებიც დაიხურა, რა გახდა მათი დახურვის მიზეზი და დღევანდელი გადმოსახედიდან რამდენად გამართლებული იყო ეს ფაქტი?

— რა თქმა უნდა, ეს სწორი ნაბიჯი იყო, რადგან დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმა, რომელიც ჩვენ სისტემაში განხორციელდა, ერთ-ერთი წარმატებული რეფორმა იყო. ბავშვები, რომლებიც ცხოვრობდნენ დიდი ზომის სპეციალიზებულ დაწესებულებებში, მოხდა მათი რეინტეგრაცია საკუთარ ოჯახებში, სადაც ამისი შესაძლებლობა იყო, ნაწილი ბავშვებისა გადაიყვანეს მინდობით აღზრდაში, ასევე შეიქმნა ახალი სერვისი — მცირე საოჯახო ტიპის სახლები, სადაც ცხოვრობს არაუმეტეს 8-10 ბავშვისა, იმის მიხედვით, თუ როგორი მოდელით არის ესა თუ ის სახლი მოწყობილი. ანუ, რა თქმა უნდა, ოჯახური ტიპის მომსახურებაზე გვაქვს აქცენტი.

ყველა ახალი ამბავი
0