თბილისში პირველი ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა“ გაიხსნა. ჰოსპისი — საოჯახო ტიპის დაწესებულებაა, სადაც ქრონიკული და განუკურნებელი სენით დაავადებული ბავშვები სამედიცინო მომსახურებას სრულიად უფასოდ მიიღებენ.
ამის შესახებ „sputnik–საქართველოს“ ბავშვთა ჰოსპისის „შინ ზრუნვის“ სამსახურის კოორდინატორი, ქალბატონი თამარ კვიჟინაძე ესაუბრა.
— პედიატრიული პალიატიური დახმარება — ეს არის მიდგომა, რომლის მიზანია განუკურნებელი სენით დაავადებული პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება. ეს გულისხმობს ტკივილისა და სხვა მძიმე ფიზიკური სიმპტომების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას, ზუსტ შეფასებასა და კუპირებას. სიცოცხლის ხარისხი ეს არის ფიზიკური, სულიერი, სოციალური, ფსიქოლოგიური კეთილდღეობა, მხარდაჭერა, რადგან ეს არ არის მარტო ფიზიკური მოვლა. თავისთავად, ავადობაც უკვე სოციალური სტატუსის დაქვეითებასაც განაპირობებს.
პედიატრიული პალიატიური მზრუნველობა იწყება დიაგნოზის დადგენისთანავე. გრძელდება იმის მიუხედავად, უტარდება თუ არა ბავშვს ძირითადი დაავადების მკურნალობა.
ბავშვებში ოთხი ჩართულობის კრიტერიუმია. პირველი კრიტერიუმი არის სიცოცხლისათვის მძიმე და საშიში დაავადებები, ანუ ტერმინალური სტადია, რომლის მკურნალობა არსებობს, მაგრამ, შესაძლებელია, არაეფექტური იყოს. ძირითადად ეს არის სიმსივნე, ამ შემთხვევაში კი გულის, ღვიძლის, თირკმლის მწვავე უკმარისობები. ასევე არის პროგრესირებადი დაავადებები, რომელთა მკურნალობა შეუძლებელია და მათი დიაგნოზი დასმისთანავე პალიატიურ მზრუნველობას მოითხოვს.
მესამე კრიტერიუმი — ეს არის ბავშვთა ქრონიკული და პროგრესირებადი, სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მდგომარეობა, რომელიც მოითხოვს დიდი ხნის განმავლობაში ინტენსიურ მკურნალობას, რაც აუცილებელია სიცოცხლის გასახანგრძლივებლად.
მეოთხე კრიტერიუმი არის შეუქცევადი და არაპროგრესირებადი მდგომარეობები. ეს არის მძიმე უნარშეზღუდულობა, რომელიც იწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურეს გართულებას.
ბავშვთა ჰოსპისის „შინ ზრუნვის“ კომპონენტის განხორციელება პირველად 2015 წლის მარტში დაიწყო. სამწუხაროდ, მოვიცავთ მხოლოდ თბილისს, რეგიონებში ვერ გავდივართ. ჰოსპისის მშენებლობა დავიწყეთ 2016 წელს, რომლის გახსნაც გუშინ საზეიმო ვითარებაში მოხდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო ფაქტია.
ჰოსპისს ექნება სამი ძირითადი მიმართულება: 24-საათიანი მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისა და მშობლისთვის; დღის ცენტრი, სადაც ბავშვები და მათი მშობლები დილიდან საღამომდე დაყოვნდებიან საჭირო მომსახურების მისაღებად; და „შინ ზრუნვის“ კომპონენტი, რომელიც თავისთავად გააგრძელებს ფუნქციონირებას.
— რამდენად კარგად გაიგო საზოგადოებამ ჰოსპისის არსი?
— ჰოსპისის მნიშვნელობა, სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის. საზოგადოებაში ამასთან დაკავშირებით ინფორმაციის დეფიციტია. დეფიციტია ასევე პალიატიური მზრუნველობის არსის მნიშვნელობის კუთხით, რადგან გარკვეულ კატეგორიას ჰგონია, რომ ჰოსპისი — ეს არის თავშესაფარი, ან ადგილი, სადაც შექმნილია ცუდი განწყობა. ეს არის ჩვეულებრივი სახლი, სადაც ხდება ბავშვის ტკივილების და სხვა შემაწუხებელი სიმპტომების შემსუბუქება, ასევე თავად ბავშვის და ოჯახის წევრების ემოციური მხარდაჭერა.
— ამჟამად რამდენი ბავშვია ჩართული ამ პროგრამაში?
— შინ ზრუნვის კომპონენტში ამ ეტაპზე ჩართულია 26 ბავშვი.
— როგორი იქნება ეს სახლი? რა განწყობას შეუქმნიან იქ ბავშვებს?
— რაც მთავარია, იქ მოხდება სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება. ეს უკვე თავისთავად არის მიღწევა.
— როგორი მოლოდინი გაქვთ, ჰოსპისში გაიზრდება ბავშვების რიცხვი?
— რა თქმა უნდა, კი, რადგან ამის საჭიროება გაცილებით დიდია, ვიდრე ჩვენ ამ ეტაპზე ვაწვდით ადამიანებს. ერთადერთი პრობლემა რჩება ის, რომ შინ ზრუნვის კომპონენტი ისევ რჩება თბილისში, თუმცა ჰოსპისი მთელი საქართველოსთვისაა.
— რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჰოსპისმა მთელი საქართველო მოიცვას?
— უნდა გაიზარდოს მედპერსონალი, უნდა მოხდეს სახელმწიფოს დაინტერესება, ადამიანებმა უნდა მოვინდომოთ და უფრო მეტი გავაკეთოთ. რაც მთავარია, ამ ადამიანებს უნდა დავანახოთ სითბო, თანადგომა და არავითარ შემთხვევაში სიბრალული. სიბრალული არავის გვჭირდება, მით უმეტეს, მათ არ სჭირდებათ ეს.
— ამ ეტაპზე რამდენად გაქვთ საზოგადოების და მთავრობის მხრიდან თანადგომა?
— ის, რაც აქამდე გაკეთდა და ის, რაც გუშინ მოხდა, მთლიანად არის საზოგადოების დამსახურება. ყველაფერი აშენდა საზოგადოების, რიგითი ადამიანების და ბიზნეს-კომპანიების თანხებით. ძალიან დიდი წვლილი აქედან ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიუძღვის, ასევე სამედიცინო კორპორაცია „ევექსს“ და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს. თითოეულ მათგანს ვუხდი უდიდეს მადლობას.
არ შემიძლია არ აღვნიშნო არაჩვეულებრივი ადამიანი, რომლის დამსახურებაა ზოგადად პალიატიური მზრუნველობის განვითარება საქართველოში, ეს არის ქალბატონი ნინო კიკნაძე და უღრმესი მადლობა მას ამისთვის. მიმაჩნია, რომ ის არის ბრწყინვალე ადამიანი.
— ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ამ ბავშვებზე ზრუნავენ?
— ეს არის ფანტასტიკური, არაჩვეულებრივად შერწყმული გუნდი, რომელსაც კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მადლობა, რადგან რეალურად ის, რომ ამ ბავშვების მდგომარება აღარ რთულდება, სტაციონარებში მიმართვიანობა მკვეთრად შემცირდა, არის ამ ადამიანების დამსახურება. ესენი არიან არაჩვეულებრივი ექთნები და ბრწყინვალე ექიმი, რომელთა ცოდნა, სითბო, გულისხმიერება არის ყველასთვის სტიმულის მიმცემი. გვყავს არაჩვეულებრივი მენეჯერი, კოორდინატორები და, რაც მთავარია, ჰოსპისს ჰყავს არაჩვეულებრივი დირექტორი.