შვილად აყვანის პროცედურები საქართველოში — რა მონაცემებია რეესტრში

CC BY 2.0 / Flickr/ justkids / Screamბავშვი ქუჩაში, მარტო
ბავშვი ქუჩაში, მარტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა პროცედურები უნდა გაიაროს მშვილებელმა, რომ შვილად აიყვანოს ბავშვი, რამდენ ხანს გრძელდება ეს პროცედურები, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მშვილებელი და ვის ენიჭება უპირატესობა – ამ ყველაფერზე „Sputnik–საქართველოს“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი ეთერ ცხაკაია ესაუბრა.

დღევანდელი მდგომარეობით, შვილად აყვანის მსურველების ძალიან დიდი რიგი არსებობს და ისეც ხდება, რომ მშვილებლებს წლობით უწევთ რიგში დგომა. თუმცა, როგორც ეთერ ცხაკაია აღნიშნავს, არსებობს უპირატესობებიც, რომლებიც მშვილებელს შვილად აყვანის დროს ენიჭება. თუ რა უპირატესობებია ეს, ქალბატონი ეთერი თავად მოგახსენებთ.

© FB/ Eter Tskhakaiaეთერ ცხაკაია
ეთერ ცხაკაია - Sputnik საქართველო
ეთერ ცხაკაია

— დღევანდელი მონაცემებით, მშვილებელი კანდიდატების რეესტრში 3280 ადამიანი ირიცხება. გასაშვილებლის სტატუსი დღეისათვის სულ 164 ბავშვს აქვს მინიჭებული და მათზე სახელმწიფო ზრუნავს. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს 164 ბავშვი გაშვილებისთვის პრობლემურია, ვინაიდან ყველა მათგანს ჯანმრთელობის პრობლემები, ზოგს კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსიც აქვს. ასეთ ბავშვებზე კი მშვილებელთა შორის არც ერთი მოთხოვნა არ არსებობს.

ჩვილი - Sputnik საქართველო
საქართველოში ავადმყოფი ბავშვების შვილად აყვანა არ უნდათ

გარდა ამისა, ასევე არიან ათ წელზე უფროსი ასაკის ბავშვები, რომლებსაც ვეკითხებით, სურთ თუ არა, რომ გაშვილდნენ, რაზეც ისინი წერილობით აცხადებენ უარს. დანარჩენი ბავშვები, რომლებიც სისტემაში შემოდიან გასაშვილებლის სტატუსით, დაუყონებლივ შვილდებიან.

ფაქტობრივად, საქართველო არის მიმღები ქვეყანა იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ბევრია შვილად აყვანის მსურველი და ძალიან ცოტა — გასაშვილებელი ბავშვი. სწორედ ამიტომაა, რომ სისტემაში შემოსული ბავშვები უმალვე შვილდებიან შეთავაზებით, რიგითობით ან კანონით გათვალისწინებული უპირატესი უფლებებით.

— რა პროცედურები უნდა გაიაროს მშვილებელმა, რომ ბავშვი იშვილოს?

— თუ საქართველოს მოქალაქეს სურს, რომ ბავშვი შვილად აიყვანოს, უნდა მივიდეს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში ფაქტობრივი საცხოვრებლის მიხედვით და დაწეროს განცხადება-მოთხოვნა. ადგილზე ივსება სპეციალური ფორმა იმის თაობაზე, თუ რა მოთხოვნები აქვს მშვილებელს, ანუ რა ასაკის, სქესის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ეროვნების მქონე ბავშვი სურს რომ იშვილოს და ა.შ. ამის შემდეგ სოციალური მუშაკი დაიწყებს შვილად აყვანის მსურველის შესწავლა-შეფასებას. ძირითადად ფასდება პოტენციური მშვილებლის ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური მდგომარეობა. თუ დასკვნა დადებითი იქნება, ანუ მშვილებელი დააკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მას რიგში დაარეგისტრირებენ.

— რა შემთხვევაში ენიჭება მშვილებელს უპირატესობა?

ოჯახი - Sputnik საქართველო
უშვილო ოჯახები და უოჯახო ბავშვები — უსასრულო რიგი

— რაც შეეხება კანონით გათვალისწინებულ უპირატესობებს, ამ უპირატესობებით სარგებლობენ ის ადამიანები, რომელსაც შვილად აჰყავთ ნათესავი და ეს ნათესაური კავშირი დასტურდება დოკუმენტურად. ასეთი ნათესავების ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, განსაზღვრული და ჩამოთვლილია კანონში.

ასევე უპირატესობით სარგებლობენ ის ადამიანები, ვისაც გერი აჰყავთ შვილად და ისინიც, რომლებსაც ბავშვის მიმტოვებელი დედა უთითებს, როგორც პოტენციურ მშვილებელს.

გარდა ამისა, უპირატესი უფლებით სარგებლობენ ის ოჯახები, რომლებთანაც ექვს თვეზე მეტხანს იცხოვრა „მინდობით აღზრდაში მყოფმა“, გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მქონე ბავშვმა. იმ შემთხვევაში, თუ ასეთ ოჯახს ბავშვის შვილად აყვანის სურვილი არ აქვს, ბავშვი შვილდება რიგის მიხედვით.

ხშირად ისეც ხდება, რომ ბავშვი მოგვიანებით ავლენს ინტერესს იმ ოჯახისადმი, რომელშიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში იზრდებოდა. ამიტომ, სწორედ მისი ინტერესიდან გამომდინარე, ხდება ოჯახისთვის მისი მიშვილება.

— სახელმწიფო თუ უწევს კონტროლს გაშვილებულ ბავშვებსა და მშვილებელ ოჯახებს?

ტიშა ბოშემინი მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო
5 შვილის დედამ გარდაცვლილი მეზობლის 3 ბავშვი იშვილა და...

— თუ რამე დანაშაულს ან ძალადობას ექნება ადგილი, ეს ინფორმაცია ჩვეულებრივად შემოდის სისტემაში, ისევე, როგორც ბიოლოგიური ოჯახების შემთხვევაში. კონტროლის მექანიზმი დაწესებულია მხოლოდ შვილად აყვანის საერთაშორისო შემთხვევებში, ანუ როდესაც ბავშვი უცხოეთში შვილდება. ასეთ შემთხვევაში კონკრეტული ქვეყნიდან წელიწადში ერთხელ შემოდის წლიური ანგარიშები, რომლებიც მოიცავს ინფორმაციას ბავშვის განვითარებისა და ჯანმრთელობის შესახებ და ამ ყველაფერს თან ახლავს ფოტოდოკუმენტაცია.

— ვინ არ შეიძლება იყოს მშვილებელი პირი?

— ბავშვს ვერ იშვილებს პირი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება. გარდა ამისა, ამის უფლება არ აქვს პირს, რომელსაც წარსულში უკვე ჰყავდა შვილად აყვანილი ბავშვი, ან იყო არასრულწლოვანი პირის მეურვე/მზრუნველი, ან მინდობით აღსაზრდელად გადაცემული ჰყავდა ბავშვი, მაგრამ იმის გამო, რომ ის ჯეროვნად არ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს, ეს ურთიერთობა გაუქმდა.

შვილად აყვანის უფლება არ აქვთ აგრეთვე ადამიანებს, რომლებსაც აღენიშნებათ შემდეგი დაავადებები: 

  • ნებისმიერი ლოკალიზაციის ტუბერკულოზი;
  • შინაგანი ორგანოების დაავადებები დეკომპენსაციის სტადიაში;
  • ნერვული სისტემის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მყარი, მნიშვნელოვნად გამოხატული დაავადებები და დაზიანებები, რაც გამოიწვევს მოძრაობისა და კოორდინაციის მნიშვნელოვან დარღვევას;
  • ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიანი, ონკოლოგიური დაავადებები;
  • ნარკომანია, ტოქსიკომანია, ალკოჰოლიზმი;
  • ინფექციური დაავადებები მათი დისპანსერული აღრიცხვიდან მოხსნამდე;
  • ფსიქიკური დაავადებები, რომლის დროსაც ავადმყოფი, არსებული წესების გათვალისწინებით, მიჩნეულია ქმედუუნაროდ;
  • ყველა დაავადება და ტრავმა, რომელმაც გამოიწვია მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭება, რომელიც ახდენს გავლენას ბავშვის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებაზე.

რაც მთავარია, ბავშვს ვერ იშვილებს პირი, რომელსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე დანაშაულისთვის და ნასამართლობა არ აქვს მოხსნილი.

— აღნიშნეთ, რომ შშმ ბავშვების შვილად აყვანის შემთხვევაში მშვილებელს არ მოუწევს რიგში დგომა. საქართველოში ყოფილა ფაქტი, რომ შშმ ბავშვი შვილად აეყვანოს ოჯახს?

— ჩვენში მშვილებელთა რიგში მყოფ არც ერთ ადამიანს არ უშვილებია შშმ ბავშვი, თუ არ ჩავთვლით შემთხვევას, როდესაც თავად უნარშეზღუდულმა პირებმა იშვილეს უნარშეზღუდული ბავშვი.

რაც შეეხება მიმღებ ოჯახებს, აქ გვაქვს რამდენიმე პრეცედენტი, როდესაც მიმღებმა ოჯახებმა იშვილეს 9-10 შშმ ბავშვი. ეს ოჯახები მანამდე წლების განმავლობაში ზრუნავდნენ მათზე, როგორც მიმღები მშობლები და როდესაც მათი საზღვარგარეთ გაშვილების საკითხი დადგა, მიმღებმა ოჯახმა არ გაუშვა ისინი — თავად იშვილა. 

ყველა ახალი ამბავი
0