ტიშა და ოდრი მეზობლები იყვნენ — უბრალოდ მეზობლები, აი, ისეთები, მხოლოდ სალმით რომ იცნობენ ერთმანეთს. ამიტომაც გაოცდა ტიშა, როცა ერთ დღეს ოდრიმ სთხოვა, ერთი ღამით შეეფარებინა მისი სამი შვილი.
გაოცდა, მაგრამ თავად 5 შვილის დედამ ქალს დახმარებაზე უარი არ უთხრა. მით უმეტეს, რომ ოდრიმ აუხსნა, საავადმყოფოში მივდივარ გამოკვლევაზეო. რას წარმოიდგენდა ტიშა, რომ ეს იყო წუთი, რომელიც მთელ მისი ცხოვრებას კარდინალურად შეცვლიდა.
ოდრი შინ განადგურებული დაბრუნდა: ექიმებს მისთვის მეორე სტადიის კუჭის კიბო დაედგინათ. და როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება, უბედურებამ ქალები საოცრად დააახლოვა. ტიშა ლამის ერთადერთ საყრდენად და ნუგეშად ექცა მარტოხელა დედას.
ოდრი აცნობიერებდა, რომ მისი დღეები დათვლილი იყო, მაგრამ საკუთარი თავი კი არ ადარდებდა, არამედ, რაღა თქმა უნდა, ობლობისთვის განწირული სამი შვილისა. ამიტომაც სიკვდილის წინ ტიშასა და მის ქმარს სთხოვა, მისი პატარების მეურვეები გამხდარიყვნენ.
ტიშა თავადაც უდედმამოთა სახლში იყო გაზრდილი და მშვენივრად იცოდა, რისი გადატანაც მოუწევდათ ბავშვებს დედის სიკვდილის შემდეგ. თანაც, ამასობაში უკვე შეჰყვარებოდა კიდეც ისინი. მარტო მას კი არა, მის შვილებსაც — მათაც მოესწროთ დამეგობრება.
მიუხედავად იმისა, რომ ბოშემინების, ანუ ტიშას ოჯახი შეძლებულ მაცხოვრებლად ვერ ჩაითვლებოდა, რომ მათი სახლი ისედაც ძლივს იტევდა შვიდ ბინადარს, ცოლ-ქმარმა ოდრის გარდაცვალების შემდეგ მისი სამივე ბავშვი უბრალოდ კი არ შეიფარა, არამედ ოფიციალურად იშვილა.
ობლებს ახლად შეძენილი მშობლებისგან ყურადღება, სითბო და მზრუნველობა არ დაკლებიათ, ხოლო და-ძმად ქცეული ძველი მეგობრებისგან — ყველაფრის გაყოფა-წილადობა: საძინებლისა, ტანსაცმლისა, ლუკმისა…
დრო გადიოდა, ბავშვები იზრდებოდნენ და რაღაც მომენტში აღმოჩნდა, რომ თითქოს დიდი სახლი უკვე მეტად დაპატარავებულიყო. საკუთარ ოთახზე და პირად სივრცეზე ლაპარაკიც არ შეიძლებოდა — ვის სამზარეულოში ეძინა და ვის კიდევ, დერეფანში.
ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს ვიღაცამ ტიშას სახლის კარზე დააკაკუნა. ეს ტელეარხ FOX-5-ის გადამღები ჯგუფი იყო, რომლებსაც ამ გმირი ქალის ისტორია შეეტყოთ და ახლა სიურპრიზის მოწყობა განეზრახათ.
მოკლედ, ბოშემინების ოჯახი, რომელიც უკვე დიდი ხანია ოცნებობდა ერთი საბავშვო ოთახის ორად გატიხვრას, ტელეარხმა სახლიდან გაასახლა… დროებით, რაღა თქმა უნდა.
გაასახლა და სახლში, როგორც იტყვიან, მუშაობა ადუღდა. არა, ერთი კედლის ამოსაყვანად კი არა, უფრო მეტის გასაკეთებლად.
ტელეარხმა საუკეთესო დიზაინერები და ინჟინრები მოიწვია ინტერიერის სრულად განსაახლებლად, რათა ამ სიკეთით სავსე სახლში ყველას საკუთარი კუთხე ჰქონოდა…
როდესაც ბოშემინები შინ დაბრუნდნენ, გაოცებისგან მეტყველების უნარი წაერთვათ. ისინი ყველაზე თამამ ოცნებაშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ოდესმე ასეთ სურათს იხილავდნენ საკუთარ სახლში.
პატარები ბედნიერებისგან ტიროდნენ, თუმცა, არც უფროსები აკლებდნენ — ყველას ცრემლი სდიოდა და აღარ იცოდნენ, როგორ გამოეხატათ სიხარული ახალი საძინებლებითა თუ სამზარეულო ოთახით.
და ეს ყველაფერი არ იყო.
ტელეარხმა მრავალშვილიან ოჯახს ერთწლიანი სერტიფიკატი აჩუქა პროდუქტების უფასოდ შესაძენად, ხოლო ყველაზე უფროს ვაჟს, რომელიც უკვე 18 წლისაა, თანხა გამოუყო საკუთარი საცხოვრებლის შესაძენად.
არადა, როცა ტიშას ოჯახმა სამი ობლის შვილება გადაწყვიტა, ამ დიდი ოჯახის არცერთ წევრს აზრადაც არ მოსვლია, რომ ოდესმე ამით რაიმეს „გამოდნებოდა“, ანუ სამაგიერო მოგებას მიიღებდა. ჰოდა, როგორც ჩანს, სწორედ ეს დაფასდა იქ, სადაც ზოგადად ფასდება უანგარო, გულითა და გონებით ნაკარნახევი სიკეთე და ქვაზე დადებული მადლი.