ხანძარი თბილისში: დაიწვა 2500 კვადრატული მეტრი ფართობი

© Sputnik / Alexander Imedashviliელიავას ბაზრობაზე ხანძარი მოხდა
ელიავას ბაზრობაზე ხანძარი მოხდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძარი ბაზრობის იმ ნაწილში მოხდა, სადაც ავტომობილების სათადარიგო ნაწილები, საბურავები, საღებავები და სხვა ადვილადაალებადი მასალები იყიდებოდა.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. თბილისში, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაიწვა დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრი ფართობი, დაშავდა ოთხი ადამიანი, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ხანძარი კვირას, ღამით გაჩნდა. დაიწვა ბაზრობის ის ნაწილი, სადაც იყიდებოდა ავტომობილების სათადარიგო ნაწილები, საბურავები, საღებავები და სხვა ადვილადაალებადი მასალები. როგორც მეხანძრეებმა განმარტეს, ხანძართან ბრძოლა რთული იყო იმის გამო, რომ იწვოდა სწორედ ადვილადაალებადი ტექნიკური მასალები. ხანძრის ჩაქრობა მხოლოდ ღამის სამ საათზე მოხერხდა.

ელიავაზე, საავტომობილო ზეთების, სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარების ბაზრობაზე ხანძარს ათობით მეხანძრე აქრობდა - Sputnik საქართველო
ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის კადრები

„უსაფრთხოების მიზნით ადგილზე რჩებიან სახანძრო ჯგუფები. წუხელ 30 ერთეული სახანძრო ავტოტექნიკა იყო მობილიზებული, დაახლოებით 150-მდე მეხანძრე მაშველი, რომლებმაც ოპერატიული რეაგირების შედეგად მოახდინეს ხანძრის დროული ლოკალიზება და ხანძარს არ მიეცა საშუალება გავრცელებულიყო ბაზრობის მთელ ტერიტორიაზე. დამწვარია ბაზრობის დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრი ფართობი", — განაცხადა თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომელმა მამუკა ყირიმელმა.

ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ამჟამად ორი რჩება — ისინი კლინიკაში შოკურ მდგომარეობაში გადაიყვანეს.

ხანძრის დროს დაზარალებულ მოვაჭრეებსა და პოლიციელებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. მოვაჭრეები საკუთარი საქონლის გადასარჩენად ბაზრობის ტერიტორიაზე შეჭრას ცდილობდნენ, რასაც პოლიციელებმა ხელი შეუშალეს უსაფრთხოების პირობებიდან გამომდინარე.

დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი დაზარალებულ მოვაჭრეებს ორშაბათს, დილით შეხვდება. მათ შესაძლებლობა ექნებათ, შევიდნენ ბაზრობის ტერიტორიაზე და მათი საქონლის მდგომარეობას გაეცნონ.

შემთხვევის ადგილზე გუშინ ადგილობრივი ხელისუფლების გარდა ოპოზიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. თბილისის მერობის კანდიდატმა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ზაალ უდუმაშვილმა საეჭვო უწოდა იმ ფაქტს, რომ ბოლო დროს თბილისში ბაზრობები იწვის. ამ კონტექსტში მან მიმდინარე წლის ზამთარში „ბავშვთა სამყარში" მომხდარი დიდი ხანძარი ახსენა.

ამ ბრალდებების საპასუხოდ თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა.

ხანძარი ელიავას ბაზრობაზე - Sputnik საქართველო
ელიავას ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ზარალს ჩამოაწერენ

„ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია და სიცრუეა ბრალდებები, თითქოს სახანძრო ეკიპაჟები გვიან გავიდნენ ადგილზე, არ ჰქონდათ წყალი, ან შეგნებულად არ აქრობდნენ ხანძარს და სხვა მსგავსი. განვითარებული მოვლენების ფონზე, მაშინ, როდესაც არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან გაჟღერდა პირდაპირი ბრალდებები და ცილისმწამებლური განცხადებები, რაც ყოვლად გაუმართლებელი და მიუღებელია", — აღნიშნულია განცხადებაში.

უწყება ყველა მხარეს მოუწოდებს, არ გამოიყენონ მომხდარი ტრაგედია პოლიტიკური მიზნებისთვის.

„რაც შეეხება საქონლის დაზიანებას, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ზარალს ჩამოაწერენ", — აღნიშნეს მერიაში.

დღეს, დილიდან შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მუხლით „სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რასაც მნიშვნელოვანი ზარალი მოჰყვა". დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 100-დან 180 საათამდე, ან ერთ წლამდე გამოსასწორებელი სამუშაოებით, ან ერთიდან სამ წლამდე პატიმრობით.

ყველა ახალი ამბავი
0