შვილო, ზურაბ, სადამდე?

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ისტორიული ცენტრი
თბილისის ისტორიული ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანუ საქართველოს პერსპექტივა - საკონსტიტუციო თუ მშიერთა რევოლუცია.

საქართველოში 30 ათასზე მეტი უსახლკარო ადამიანია, რომელთაც მისამართი არა აქვთ. შესაბამისად — არც არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ეს მონაცემები უმუშევართა და უსახლკაროთა უფლებების დამცველის, თამარ იოვაშვილის მოპოვებულია.  ქვეყანას ჰყავს 800 ათასზე მეტი სოციალური შემწეობის მიმღები პირი და საკმაოდ დიდი რაოდენობა კიდევ თვლის, რომ დახმარება ეკუთვნის და უსამართლოდ მოუხსნეს.  ანუ მოსახლეობის 30 პროცენტამდე სოციალური დახმარების მიმღები პირია. აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში, იქ, სადაც უმუშევრობის დახმარება ღირსეული არსებობის საშუალებას იძლევა, სოციალური დახმარების მიმღებთა ოდენობა მოსახლეობის 10-12 პროცენტს არ აღემატება. 

3 მილიონ 729,5 ათასი მაცხოვრებლიდან 724 ათას 614 პენსიონერია, რომელთა 90 პროცენტი 180 ლარით სულდგმულობს თვიდან თვემდე. 

უმუშევართა კავშირის წარმომადგენლები მადლენა ხუროშვილი და თამარ იოვაშვილი - Sputnik საქართველო
როგორ დავეხმაროთ უსახლკარო ადამიანებს

ოპოზიცია საშემოდგომოდ საარჩევნო და საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით აქციებსა და გამოსვლებს აანონსებს, თუმცა სავარაუდოა, რომ ხალხი ქუჩაში უფრო სოციალური ლოზუნგებით გამოვა. 

საქართველოს მოსახლეობის ბოლო 27-წლიანი გაღატაკების ფონზე, როცა მმართველი პოლიტიკური და კულტურული ელიტა ძირითადად ქვეყნის სიმდიდრეების დანაწილებაზე იყო გადასული, მივიღეთ მეტად მძიმე საბოლოო შედეგი, რომელზეც რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევაც მოწმობს.

კერძოდ: ევროკავშირის დაფინანსებით პერიოდულად ტარდება კვების ეროვნული კვლევა. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ (act, Oxfam და ელკანა), 2015 წლის ზაფხულში ჩატარებული კვლევის შედეგები გაასაჯაროვა და რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში მათი პრეზენტაციაც გამართა. სურათი  საკმაოდ შთამბეჭდავია და არც თუ ისე ოპტიმისტური. მართალია, მთლად მოშიმშილე ქვეყნების რიცხვში არ ვართ, მაგრამ არც დიდად სახარბიელოდ გამოვიყურებით. 

ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
ღატაკთა ამბავი ანუ სიღარიბე ციფრებში...

კერძოდ: „საქართველოში 10-17 წლის ასაკის ბავშვების დაახლოებით ნახევარი მოკლებულია ვიტამინებითა და ცილებით მდიდარ საკვებს, რაც აუცილებელია ბავშვის მზარდი ორგანიზმისათვის, განსაკუთრებით მისი ფიზიკური და გონებრივი განვითარების ხელშეწყობისათვის“, — ვკითხულობთ დასკვნაში. 

კვლევის შედეგების მიხედვით ყოველ მესამე ოჯახს საქართველოში არა აქვს საკმარისი ფული სურსათის საყიდლად.

კვლევით გამოვლინდა, რომ შინამეურნეობათა 60 პროცენტი, სხვადასხვა გარემოების დროს, საკვებს ყიდულობს ვალით. მთაში 10%-თ მეტი სესხულობს ფულს, ვიდრე ბარში. რაც შეეხებათ მარტოხელა პენსიონერებს, მათი 53%, ფულის უქონლობის გამო, საერთოდ ვერ ახერხებს საკმარისი საკვების შეძენას. საქართველოს მოსახლეობის 50%-ს საკვებზე მატერიალური ხელმისაწვდომობის პრობლემა აღენიშნება. 

ადამიანები მშვიდობის ხიდზე თბილისში - Sputnik საქართველო
გაეროს "ადამიანის განვითარების რეიტინგში" საქართველომ 70–ე ადგილი დაიკავა

„საქართველო ძლიერი ტრადიციების თვითმყოფადი ქვეყანაა, ქვეყნის მოსახლეობა, 2015 წლის მონაცემებით, 3 მილიონ 729,5 ათას კაცს შეადგენს. მთელი მოსახლეობის 57,4% ქალაქის მოსახლეობით არის წარმოდგენილი, საქსტატის 2015 წლის მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 11,6 პროცენტია. 

საოჯახო დახმარების მიმღებთა შორის, ყველაზე დიდ ჯგუფს მარტოხელა პენსიონერები წარმოადგენენ. საქართველოში საარსებო მინიმუმის დათვლა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ხორციელდება. საქსტატის მიერ გამოყენებული შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს და ჯამში 2300 კილოკალორიას შეადგენს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წლის ივნისში, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 161,4 ლარი შეადგინა, სადაც სასურსათო წილი 70 პროცენტით განისაზღვრა. ეს კი ცხოვრების ძალიან დაბალი დონის მაჩვენებელია. 

ამ ფონზე გვახსოვს პოლიტიკოსთა არაერთი განცხადება კარგი დიასახლისის მიერ 8 ლარად ოჯახის გამოკვების შესაძლებლობით დაწყებული, გუგული მაღრაძისა და რიმა ბერაძის კალამბურებით დასრულებული. 

ფულს არ შეუძლია ფიქრი, საუბარი, მაგრამ შეუძლია „გაიგონოს“, როდესაც ადამიანი ეძახის მას - Sputnik საქართველო
ნაპოლეონ ჰილი: სიღარიბის მიზეზები ჩვენს თავშია

ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, რაც ბუნებრივია, მათ პოლიტიკურ განწყობებზეც აისახება. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მან ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნებისაკენ მოუწოდა, ესეცაა. „ეს კვლევა ძალიან მძიმე რეალობას ასახავს. გამოსავალთან დაკავშირებით მზა რეცეპტი არ არსებობს. საჭიროა, მთავრობამ შემოგვთავაზოს პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას. საქართველოს აქვს ამისი პოტენციალი. შრომისუნარიანი მოსახლეობის ნორმალური დასაქმებაა საჭირო, ხოლო შრომისუუნარო და საპენსიო ასაკის ადამიანებისათვის — გარკვეული სოციალური გარანტიებისა და სპეციალური პროგრამების შექმნა“. ექსპერტი დასძენს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მთავრობის ეფექტურობას სწორედ იმის მიხედვით აფასებენ, თუ რამდენად აძლევს ის ახალ სტიმულს ეკონომიკას და სთავაზობს საზოგადოებას საპენსიო და სოციალურ რეფორმას. 

მოკლედ, ძვირფასო პოლიტიკოსებო, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ერთი მესამედი შიმშილობს, ერთი მეხუთედი უცხოეთშია გაქცეული ლუკმა-პურის საშოვნელად და კიდევ ერთი მესამედი არ იმჩნევს, მაგრამ საარსებოდ მეორე-მესამე შემოსავლის წყაროს ეძებს.  ამიტომ ძვირფასო მთავრობავ, ამ მშიერ--მწყურვალ ხალხზე იფიქრეთ, თორემ ყველაზე სასტიკი რევოლუცია მშიერთა რევოლუციაა და არა — რეიტინგდაკარგული და ულიდერო პარტიების ლიდერების დაანონსებული საშემოდგომო აქციები. 

 

ყველა ახალი ამბავი
0