თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2016 წლის ანგარიში დაამტკიცა, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარადგინა.
დოკუმენტში საუბარია ეროვნული ბანკის მიერ გასულ წელს შესრულებული სამუშაოს შესახებ, ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას და ქვეყნის სავალუტო პოლიტიკას.
ეროვნული ბანკი და ლარი
წინა წლების მსგავსად, 2016 წელს საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო პოლიტიკას მცოცავი გაცვლითი კურსის რეჟიმში ახორციელებდა, რაც გულისხმობს ეროვნული ვალუტის ფასწარმოქმნის ფორმირებისას საბაზრო პრინციპების შენარჩუნებას. ამ დროს რეგულატორი თავისი საერთაშორისო რეზერვების შენარჩუნების პრინციპს ადეკვატურ დონეზე ითვალისწინებდა, ნათქვამია ანგარიშში.
„საქართველოს მსგავსი მცირე ზომის, ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის მცურავი გაცვლითი კურსის მექანიზმი ოპტიმალურ სავალუტო რეჟიმად ითვლება, რაც ასევე განსაზღვრულია საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის სტრატეგიით“, — აღნიშნულია დოკუმენტში.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წელსაც სავალუტო ბაზარი ხასიათდებოდა მოკლევადიანი რყევებით, რასაც მაღალი დოლარიზაცია, სავალუტო ბაზრის მცირე მოცულობა, კაპიტალის მერყევი ნაკადები და ერთჯერადი მოვლენები განაპირობებდა.
ასევე სავალუტო ბაზარზე ნეგატიურად აისახა საგარეო შოკები, საქართველოს პარტნიორ-ქვეყნებში ეკონომიკის არასტაბილური მდგომარეობა, დოლარის გამყარება და რეგიონალური ვალუტების გაუფასურება.
ამ ყველაფრის შედეგად, ნეგატიური მოლოდინების გასანეიტრალებლად ეროვნული ბანკი 2016 წელს ინტერვენციებს ორივე მიმართულებით ახორციელებდა — უცხოური ვალუტის როგორც გაყიდვის, ისე შესყიდვის გზით.
საქართველოს მთავარი პრობლემა
ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის და ლარის კურსის ერთ-ერთ ძირითად რისკ-ფაქტორად ეროვნული ბანკი ქვეყანაში დოლარის მიმოქცევის მაღალ დონეს ასახელებს.
„საქართველოში მაღალი დოლარიზაციის რამდენიმე მიზეზი არსებობს, რომლებიც ქვეყანაში მაკროეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობის ისტორიულ გამოცდილებას უკავშირდება. 90-იან წლებში საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პერიოდში განვითარებული ჰიპერინფლაციისა და არასტაბილური პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის შედეგად, დაიკარგა ნდობა ეროვნული ვალუტისადმი და მისი, როგორც დაზოგვის და გადახდის საშუალებად გამოყენების ფუნქციები უცხოურმა ვალუტამ შეითავსა“, — ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, ეროვნული ბანკი კრედიტებისა და ანაბრების დედოლარიზაციის პოლიტიკას ატარებს და 2016 წლის ბოლოს კრედიტების დოლარიზაციის დონე 65,2%-ს შეადგენდა, ხოლო დეპოზიტების დოლარიზაციის — 71,4%-ს.
ამასთან, ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის აღსადგენად საჭიროა მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ინფლაციის სტაბილური დონის შენარჩუნება.
„ლარიზაციის დონის ამაღლების მიზნით, პირველ რიგში, საჭიროა ფასების სტაბილურობის და მოცურავე გაცვლითი კურსის შენარჩუნება, რაც უცხოურ ვალუტაში მიღებულ შემოსავლებთან შედარებით ეროვნულ ვალუტაში მიღებული შემოსავლების სტაბილურობას უზრუნველყოფს“, — აღნიშნულია ანგარიშში.
რამდენი ფულია ქვეყანაში
ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში ბრუნვაში 3 მილიარდი ლარი ნაღდი ფული არსებობდა.
ნაღდი ფულის საერთო თანხიდან 2,9 მილიარდ ლარს შეადგენს ბანკნოტები, ხოლო 87,7 მილიონ ლარს — მონეტები.
ნაღდი ფულის საერთო თანხიდან 52,1%-ს შეადგენს 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები, 22,3%-ს — 50 ლარის ნომინალის ბანკნოტები, 10,9%-ს — 20-ლარიანი ბანკნოტები.
200 ლარის ნომინალის ბანკნოტები ნაღდი ფულის 6%-ს შეადგენს, 10-ლარიანი ბანკნოტები — 3%-ს, 5-ლარიანი — 2,6%-ს.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ საქართველოში წლის დასაწყისთან შედარებით, ნაღდი ფულის მოცულობა 19,4%-ით გაიზარდა.