თბილისი, 18 მარტი — Sputnik. პენსიონერების საბაზისო უზრუნველყოფა ინფლაციის გათვალისწინებით ინდექსაციის პირობებში მოხდება, რასაც 2017 წლის მესამე კვარტლიდან ახალი, დაგროვებითი კომპონენტი დაემატება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
საპენსიო სისტემის რეფორმის პროექტი საქართველოს მთავრობის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წარადგინა, იუწყება საქართველოს პრემიერის პრეს-სამსახური.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს უმნიშვნელოვანესი რეფორმაა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს კოორდინაციით ხორციელდება და მასში ჩართულია ყველა დაინტერესებული უწყება, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები.
„ეს სისტემა გულისხმობს არსებული საპენსიო სისტემის ჩარჩოებში მოქცევას, იმ კუთხით, რომ პენსიონერების საბაზისო უზრუნველყოფა ყოველთვის ხდებოდეს ინფლაციის გათვალისწინებით ინდექსაციის პირობებში, და ახალი, დამატებითი დაგროვებითი კომპონენტის შექმნას, რომელიც მომავალი წლის მესამე კვარტლიდან ჩაირთვება“, — განაცხადა პრემიერმა.
მისი განცხადებით, მანამდე მთავრობა საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს განახორციელებს გაწერილი გეგმის მიხედვით.
„საუბარია დასაქმებულის, დამსაქმებლის და სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან თანადაფინანსებულ დაგროვებით სისტემაზე, რომელიც მომავალი პენსიონერებისთვის სოციალური უზრუნველყოფის იმ დონეს შექმნის, რაც გაცილებით სხვა ხარისხის სიბერეს უზრუნველყოფს“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ახალი სისტემა არსებული საბაზისო სისტემის გაუქმებას არ გულისხმობს. მისი თქმით, არსებული საბაზისო საპენსიო უზრუნველყოფა იმოქმედებს დაგროვებითი სისტემის პარალელურად და საბაზისო სისტემით გათვალისწინებული პენსიების ინდექსირება ინფლაციის კვალდაკვალ მოხდება.
ახალი წესით სარგებლობის უფლება საკუთარი ინიციატივით საქართველოს ყველა დასაქმებულ მოქალაქეს ექნება. საპენსიო ფონდში ყოველთვიურად შესატანი თანხა ხელფასის 6% იქნება, რომელიც გადასახადით არ დაიბეგრება. აქედან ორ-ორ პროცენტს გადაიხდიან დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო.
დაგროვებით სისტემაში გადადებული თანხა ქვეყნის ეკონომიკაში იქნება ინვესტირებული და მასზე მოგება დაირიცხება. პენსიაზე გასვლის შემდეგ საქართველოს მოქალაქე ამ თანხასა და დაგროვილი მოგების მიღებას შეძლებს. ვადაზე ადრე თანხის მიღება შეუძლებელი იქნება გარდა გარკვეული შემთხვევებისა, მაგალითად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემისა.
დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან რეალური ეფექტის მისაღებად ადამიანმა თანხა მინიმუმ 20 წელი უნდა დააგროვოს, თუმცა დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვა იმ მოქალაქეებსაც შეუძლიათ, ვისაც საპენსიო ასაკამდე ხუთი ან ექვსი წელი დარჩათ. ამასთან, მათ შესაძლებლობა ექნებათ, პენსიაზე გასვლისთანავე ეს თანხა მთლიანად გამოიტანონ, რადგან მისი რაოდენობა დიდი არ იქნება.
საქართველოს მთავრობა მომავალში სპეციალური პაკეტის შემუშავებას აპირებს იმ დასაქმებული მოქალაქეებისთვის, რომლებიც ხელფასს ოფიციალურად არ იღებენ.
მოსახლეობის ბოლო აღწერის თანახმად, საქართველოში 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მათგან 20% პენსიონერია. სავარაუდოდ, ეს მაჩვენებელი 2050 წლისთვის 25%-მდე გაიზრდება.
ასაკობრივი პენსიონერები 2015 წლის 1 სექტემბრიდან 160 ლარს, უწინდელთან შედარებით 6,7%-ით მეტ პენსიას იღებენ. 2016 წლის 1 ივლისიდან ასაკობრივი პენსიონერები ყოველთვიურად 180 ლარის პენსიას მიიღებენ.