თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა კვლავ გადაუხდის საარსებო შემწეობას მარტოხელა პენსიონერებს, რომლებიც რამდენიმე თვის წინ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების პროგრამის მიღმა დარჩნენ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ხუთშაბათს, 30 ივლისს.
საქართველოს ხელისუფლებამ სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სია თითქმის 34%-ით შეამცირა ორნახევარი წლის განმავლობაში. მათ შორის მოხვდა 30 ათასი პენსიონერი. აქედან ნახევარზე მეტი მარტოხელაა და სიღატაკეში ცხოვრობს, აცხადებდა მანამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
„2012 წლიდან შეფასების მეთოდოლოგია არაერთხელ გაუმჯობესდა და ჯანდაცვის სამინისტრო მის კიდევ უფრო დახვეწაზე მუდმივ რეჟიმში მუშაობს“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.
პრემიერმა პირობა დადო, რომ მარტოხელა პენსიონერებს, კომპენსაციის სახით, ასევე აუნაზღაურდებათ თანხა, რომელიც უნდა მიეღოთ იმ თვეების განმავლობაში, როდესაც შემწეობის მიღება შეჩერებული ჰქონდათ.
ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის მინისტრ სერგეენკოს პროექტის მომზადებისთვის. მისი თქმით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების ახალმა პროგრამამ, რომელიც მაისიდან დაიწყო, ხელისუფლებას საშუალება მისცა, მრავალსულიანი და მრავალშვილიანი ოჯახების საჭიროებები უფრო ნათლად დაენახა და გაეანალიზებინა.
დღეისათვის საქართველოში 377,9 ათასი სოციალურად დაუცველი პირი ცხოვრობს, რაც მთელი მოსახლეობის 10,1%-ს შეადგენს. ეს სტატუსი იმ მოქალაქეებს ენიჭებათ, რომლებიც კეთილდღეობის კრიტერიუმების შეფასების შედეგად საამისოდ აუცილებელ ქულებს მოაგროვებენ.