თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ასაკობრივი პენსიონერები 2016 წლის 1 ივლისიდან ყოველთვიურად 180 ლარის (დაახლოებით 75 აშშ დოლარი) ოდენობის პენსიას მიიღებენ, — განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე პარასკევს, 27 ნოემბერს.
საქართველოში ასაკობრივი პენსიონერები, რომელთა რაოდენობაც 700 ათასზე მეტია, 2015 წლის პირველი სექტემბრიდან 160 ლარის ოდენობის პენსიას იღებენ, რაც ადრინდელ ოდენობას 6,6%–ით აღემატება. მანამდე პენსიები 2013 წლის სექტემბერში გაიზარდა და 150 ლარი შეადგინა.
„მომავალი, 2016 წლის ბიუჯეტიც სოციალურად ორიენტირებული იქნება… გადავწყვიტეთ, რომ 2016 წლის პირველი ივლისიდან პენსიები გახდეს 180 ლარი. 2012 წელთან შედარებით პენსიები 64 პროცენტამდეა გაზრდილი. ასე რომ, ჩვენ 600 მილიონი ლარით მეტს გავცემთ პენსიონერებისთვის,“ –განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
საქართველოს მთავრობა მუშაობს საპენსიო რეფორმაზე, რომელიც 2017 წლიდან დაგროვებითი სიტემის დანერგვას ითვალისწინებს.