მეორე შანსი გამოსაშვებ გამოცდებზე: ექსპერტის მოსაზრება

© National Assessment and Examinations Centerსაგამოცდო აუდიტორია
საგამოცდო აუდიტორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ, რაც 11 ათასმა მოსწავლემ გამოსაშვები გამოცდების ჩაბარება ვერ შეძლო, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მათთვის მეორე შანსის მიცემის წინადადებით გამოვიდა.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. საქართველოს განათლების სისტემის რეფორმა სჭირდება, ამიტომ გამოსაშვები გამოცდების ხელმეორედ ჩაბარებაზე საუბარი ნაადრევია, მიიჩნევს ექსპერტი განათლების საკითხებში ლევან გაბისონია.

საქართველოში სკოლის გამოსაშვები გამოცდები დაახლოებით 11 ათასმა მოსწავლემ ვერ ჩააბარა.

საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა არსებული ვითარებიდან გამოსავალს მოსწავლეთა შორის პროფესიული განათლების პოპულარიზებაში ხედავს, ხოლო პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მოსწავლეებისთვის მეორე შანსის მიცემის ინიციატივით გამოვიდა. ამას კატეგორიულად არ ეთანხმებიან განათლების მინისტრი და გამოცდებისა და შეფასების ცენტრის უფროსი მაია მიმინოშვილი.

საგამოცდო სესია - Sputnik საქართველო
11 ათასამდე მოსწავლემ საქართველოში გამოსაშვები გამოცდები ვერ დაძლია

„თუ ქალბატონი მარიამ ჯაში თავის ინიციატივაში საგამოცდო სისტემის რეფორმირებას გულისხმობს, მაშინ ეს მისაღები და დროულია, მაგრამ თუ ამ ინიციატივის საფუძველი რეფორმების განხორციელება არ იქნება, მაშინ განათლების მინისტრის პოზიცია აბსოლუტურად სწორია. სანამ განათლების სისტემის რეფორმაზე არ დაიწყება საუბარი, მანამდე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განმეორებითი გამოცდების დაშვება, რადგან ეს სისტემაში ქაოსის შეტანის გარანტიას იძლევა", — განუცხადა გაბისონიამ „Sputnik-საქართველოს".

ექსპერტი მიიჩნევს, რომ გამოცდებზე დაკვირვებით შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ არსებული სისტემა ისეთია, როგორიც არ უნდა იყოს.

გაბისონიას თქმით, გამოსაშვები გამოცდების მიზანი ისაა, რომ მოსწავლემ დაადასტუროს ის მინიმალური კომპეტენცია, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმით არის განსაზღვრული და მიიღოს ატესტატი. ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდების დანიშნულება ისაა, რომ საერთო შეჯიბრების პრინციპით მოსწავლემ სტუდენტის სტატუსი მიიღოს. თუმცა, არასწორი რეფორმის გამო სისტემა შეირყა და ამან შესაბამისი ნაყოფიც გამოიღო.

„როდესაც თავის დროზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი შეიქმნა, მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში კორუფციის აღმოფხვრა იყო. შესაბამისად, სისტემა ორიენტირებული იყო არა მოსწავლეზე, არამედ კორუფციის პრევენციაზე. სამწუხაროდ, ეს სისტემა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ დღემდე ამ ინერციით მოძრაობს. საგამოცდო სისტემა ფუნდამენტურ რეფორმას საჭიროებს, რომელიც ორიენტირებული იქნება მოსწავლეზე და განათლების ხარისხის კონტროლზე", — განაცხადა გაბისონიამ.

ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
განათლების მინისტრი: ქვეყანაში „უმუშევრობის ქარხანაა" შექმნილი

ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ ჯაშმა თავისი ინიციატივის შესახებ საუბრისას მიუთითა იმ მოსწავლეებზე, რომლებმაც გამოცდა ემოციური ფონის გამო ვერ ჩააბარეს, მაგრამ ამის მიზეზებზე არ უსაუბრია. გაბისონიას აზრით, მოსწავლეს შესაძლებლობა რომ ჰქონდეს წლის განმავლობაში რამდენჯერმე ჩააბაროს გამოცდა, ეს მნიშვნელოვნად შეცვლიდა ვითარებას უკეთესობისკენ. მისი აზრით, ყველა ცვლილება განათლების მასშტაბური რეფორმის ფარგლებში უნდა ჩატარდეს.

სასკოლო ატესტატის ასაღებად მოსწავლეები გამოსაშვებ გამოცდებს აბარებენ ქართულ ენასა და ლიტერატურაში, გეოგრაფიაში, ბიოლოგიაში, ისტორიაში, მათემატიკაში, ფიზიკასა და ქიმიაში.

მოსწავლეები უკვე მეორე წელია, გამოცდებს CAT-ს (ადაპტირებული ტესტირება კომპიუტერით) პრინციპით აბარებენ.

ყველა ახალი ამბავი
0