თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ქვეყნის სკოლები „უმუშევრობის ქარხანას" შეადარა და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გამოსაშვები გამოცდების გადასალახად ბარიერი ამაღლდება.
გამოსაშვები გამოცდები დაახლოებით 11 ათასმა მოსწავლემ ვერ ჩააბარა. ჯეჯელავა გამოსავალს მოსწავლეთა შორის პროფესიული განათლების პოპულარიზებაში ხედავს.
„მე ვფიქრობ, რომ მომავალში საატესტატო გამოცდების ბარიერიც და უმაღლესი გამოცდების ბარიერიც გაცილებით უფრო მაღალი უნდა იყოს, როგორც ევროპის ქვეყნებში", — განაცხადა ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მინისტრმა ასევე ისაუბრა განათლების სისტემის რეფორმის მნიშვნელობაზე, რათა მოსწავლეებმა მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლები კი არა, პროფესიული სასწავლებლებიც აირჩიონ.
„უმუშევრობის ქარხანა" გვაქვს შექმნილი, ანუ ახლა ეს ბავშვები, ჩვენ რომ ბარიერი დავწიოთ, გადალახავდნენ ამ ბარიერს, მერე დაბალბარიერიან ეროვნულ გამოცდებსაც ჩააბარებდნენ, მერე ვითომ ისწავლიდნენ უმაღლეს სასწავლებელში, ვითომ უმაღლეს კვალიფიკაციას მიიღებდნენ და იქნებოდნენ უმუშევრები და დაგვაბრალებდნენ ჩვენ, თქვენ და დანარჩენებს", — აღნიშნა ჯეჯელავამ.
მინისტრი დარწმუნებულია, რომ მოსწავლეები, რომლებმაც სკოლის გამოსაშვები გამოცდების ბარიერი ვერ გადალახეს, შეძლებენ პროფესიულ სასწავლებელში ჩაბარებას, პროფესიის მიღებასა და დასაქმებას.
„მერე, თუ სწავლის ხასიათზე მოვლენ, უმაღლესშიც ჩააბარებენ, სკოლის პროგრამის გამოცდების გადალახვასაც შეძლებენ და ბედნიერად იცხოვრებენ", — აღნიშნა ჯეჯელავამ.
მინისტრის განცხადებით, სპეციალისტები განსაზღვრავენ ახალ ბარიერს, ხოლო უკვე არსებული – „მინიმუმის მინიმუმია". მან აღნიშნა, რომ თუ ადამიანმა იცის გამართულად წერა-კითხვა, გამართულად ანგარიში და სკოლის პროგრამა, ბარიერს აუცილებლად გადალახავს. მან ასევე მოიტანა გერმანიის მაგალითი და აღნიშნა, რომ იქ სკოლის ატესტატს კურსდამთავრებულთა მხოლოდ 30% იღებს, ხოლო საქართველოში — 80%.
„არ მგონია, ეს იმას ნიშნავდეს, რომ ჩვენ 3-ჯერ უფრო მეტად ყოჩაღები ვართ, ვიდრე გერმანელები. საქმე ის არის, რომ 12 კლასის ატესტატი და უმაღლესი განათლება არის განსაკუთრებით მოტივირებული და მონდომებული ბავშვებისთვის", — აღნიშნა მინისტრმა.
როგორც გასულ წლებში, ისე ახლაც სკოლის მოსწავლეებს ტექნიკური საგნების ჩაბარება უფრო გაუჭირდათ, ვიდრე ჰუმანიტარული საგნების.
მეთორმეტეკლასელებმა საატესტატო გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, გეოგრაფიაში, ბიოლოგიაში, ისტორიაში, ფიზიკაში, მათემატიკასა და ქიმიაში ჩააბარეს.