თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. 7 ივნისს საქართველო ოფიციალურად შეუერთდა პარიზის შეთანხმებას კლიმატის ცვლილების შესახებ, იუწყება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი.
პარიზის შეთანხმება, რომელსაც საფრანგეთის დედაქალაქში 2015 წლის დეკემბერში 194-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი, გახდა პირველი გლობალური კლიმატური შეთანხმება, რომელიც გლობალური დათბობის შეკავების სამოქმედო მსოფლიო გეგმას განსაზღვრავს.
შეთანხმება, რომელმაც კიოტოს ოქმი შეცვალა, არ ითვალისწინებს წიაღისეულ საწვავზე უარის თქმას და ნახშიროჟანგის გაფრქვევის შეზღუდვას. თუმცა, შეთანხმების ყველა მონაწილე ვალდებულია მიიღოს ზომები გაფრქვევის შემცირების, ტექნოლოგიური გადაიარაღებისა და კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციის კუთხით.
შეთანხმების მონაწილე ქვეყანებმა აიღეს ვალდებულება, რომ არ მოხდეს გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდა 2 გრადუსი ცელსიუსით ინდუსტრიამდელ პერიოდთან შედარებით და, შესაძლებლობის ფარგლებში, მოხდეს მისი დაწევა 1,5 გრადუს ცელსიუსამდე.
ამის გარეშე შეუძლებელი იქნება კლიმატის ცვლილების ისეთი უარყოფითი შედეგების შეჩერება, როგორებიცაა წყალდიდობები, მეწყრები, ზღვის დონის მატება, შტორმები, სანაპიროების ჩარეცხვა, მყინვარების დნობა, მტკნარი წყლის მარაგის შემცირება, გაუდაბნოების პროცესები, მოსავლიანი მიწების დეგრადაცია, ტყის საფარის შემცირება, ნალექების გახშირება, გვალვები, ზოგ ადგილებში – პირიქით – აცივება და ინფრასტრუქტურის დაზიანება.
„პარიზის შეთანხმება საშუალებას იძლევა, თანამედროვე ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების გამოყენებით დიდმა და პატარა, განვითარებულმა და განვითარებადმა ქვეყნებმა ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყონ ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას, ენერგოუსაფრთხოებას, კონკურენტუნარიან წარმოებასა და მსოფლიოს მდგრად განვითარებას", — ნათქვამია ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განცხადებაში.
პარიზის შეთანხმების ეფექტური განხორციელების მიზნით საქართველოს მზად აქვს „ეროვნულად განსაზღვრული წვლილის" დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ქვეყნის ხედვა სათბურის გაზების გაფრქვევების შემცირებისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის მიმართულებით.
საქართველო გეგმავს, რომ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორიდან 2030 წლამდე ეტაპობრივად შეამციროს სათბურის გაზების გაფრქვევა 15-25%-ით.
საქართველოს მიზანია — ენერგეტიკის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და ნარჩენების მართვის სექტორებში თანამედროვე კლიმატ-გონივრული ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა, მდინარეების კალაპოტებსა თუ შავი ზღვის სანაპირო ზოლში ნაპირდაცვითი ღონისძიებების განხორციელება, მაღალმთიან რეგიონებში წყალმოვარდნებისა და ღვარცოფების რისკის შემცირება, აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის დაცვა.
აღსანიშნავია, რომ სამრეწველო გაფრქვევის მოცულობით მსოფლიო ლიდერად აშშ მიიჩნევა. თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 1 ივნისს პარიზის შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის შესახებ განაცხადა და ეს იმით დაასაბუთა, რომ ამერიკისთვის ეს წამგებიანი შეთანხმებაა, და იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა მისი მონაწილე დარჩება, 2025 წლისთვის 2,7 მილიონი სამუშაო ადგილის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგება. ამ განცხადებამ მსოფლიო ლიდერების აღშფოთება გამოიწვია.