პრემიერი: საქართველო გარემოს დასაცავად ძალისხმევის გაზრდისთვის მზადაა

© facebook.com/GaribashviliOfficialსაქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კონფერენციაზე პარიზში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კონფერენციაზე პარიზში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ პარიზში გაეროს კლიმატური ცვლილებების კონფერენციაზე ამბიციურ შეთანხმებას მიაღწევენ.

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ხშირია სტიქიური უბედურებები და მთავრობა მზადაა, გარემოს დასაცავად ძალისხმევა გააათმაგოს, — განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზში გაეროს კლიმატური ცვლილებების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში ხშირია სტიქიური მოვლენები — სეტყვა, რომელიც მოსავალს ანადგურებს, ქარი, რომელიც სახლებს სახურავებს ხდის და წყალდიდობა, რომელიც ინფრასტრუქტურას ანადგურებს. თბილისში მასშტაბური სტიქიური უბედურება ივნისში მოხდა, რომელმაც 19 კაცის სიცოცხლე შეიწირა და გაანადგურა თბილისის ცენტრი. ძლიერი სეტყვისა და წვიმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ინფრასტრუქტურის ობიექტები, დედაქალაქის ზოოპარკი თითქმის მთლიანად დაინგრა, მის ბინადართა ნაწილი დაიღუპა, ხოლო ნაწილი ვოლიერებიდან გაიქცა და ცხოველები, მათ შორის მტაცებელი,  ქალაქში დასეირნობდნენ.

„საქართველოს რთული მთიანი ტოპოგრაფიის გამო ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით ხშირია სტიქიური მოვლენები —წყალდიდობა, მეწყერი და ღვარცოფი. გავიხსენებ ივნისში ჩვენს დედაქალაქში მომხდარ წყალმოვარდნას, რომელმაც 19 კაცის სიცოცხლე შეიწირა და გაანადგურა თბილისის ცენტრი. გარდა ამისა, ზღვის დონის აწევამ გამოიწვია ქარიშხლებისა და სანაპიროს ეროზიის ინტენსიფიკაცია, რამაც შედეგად მოიტანა სანაპიროებისა და ინფრასტრუქტურის განადგურება", – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ „საქართველოს მთავრობა მზად არის, გააათმაგოს ძალისხმევა გარემოს დასაცავად“.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
პარიზში საქართველოს პრემიერი მსოფლიო ლიდერებს შეხვდა

პრემიერ–მინისტრი დარწმუნებულია, რომ პარიზში გაეროს კლიმატური ცვლილებების კონფერენციაზე ამბიციურ შეთანხმებას მიაღწევენ, „ვინაიდან, უმოქმედობის შემთხვევაში, კლიმატური ცვლილებები მთელ მსოფლიოში გამოიწვევს ტოტალურ და არაპროგნოზირებად შედეგებს, რითაც საფრთხე დაემუქრება მილიონობით ადამიანის ცხოვრებას“.

გარდა ამისა, ღარიბაშვილმა ტერორიზმის პრობლემაზეც ისაუბრა. „ტერორიზმი არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ არსებობს გამოწვევები, რომლებსაც ვერც ერთი ქვეყანა მარტო ვერ გაუმკლავდება… დღეს, როდესაც ტერორისტები ცდილობენ საზოგადოების დაყოფას არა მხოლოდ პარიზში, არამედ ლიბანში, მალიში, ეგვიპტეში, ნიგერიაში, თურქეთში, ტუნისსა და მსოფლიოს სხვა წერტილებშიც, მნიშვნელოვანია ერთად დგომა იმ პროგრესის დასაცავად, რომელსაც მსოფლიომ ბევრ სფეროში მიაღწია“, – განაცხადა მან.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის შეფასებით, სერიოზული გამოწვევების ფონზე გრძელვადიანი მიზნების დასახვაა აუცილებელი.

 

ყველა ახალი ამბავი
0