თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კვირას პარიზში გაემგზავრება, სადაც გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაში (COP21) მიიღებს მონაწილეობას, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.
უწყების ინფორმაციით, ღარიბაშვილი ღონისძიებას საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის მიწვევით დაესწრება.
„საქართველოს მთავრობის მეთაური პატივს მიაგებს პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. 30 ნოემბერს ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე“, — აღნიშნულია განცხადებაში.
ელისეის სასახლის ინფორმაციით, კონფერენციაში 138 ქვეყნის სახელმწიფო და მთავრობის მეთაური მონაწილეობს. ღონისძიების ფარგლებში იგეგმება ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება, რომელიც გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის კიოტოს ოქმს ჩაანაცვლებს.