ალბათ ყველას გყავთ ისეთი ადამიანი, ვისთვისაც უარის თქმა ღალატის ტოლფასია. სწორედ ამგვარ მდგომარეობაში აღმოვჩნდი და ორიოდ საათში უკვე კახეთის ამ გემრიელი ქალაქის ულამაზეს რაიონ ნადიკვარში, ფიჭვების ტყეში ჩაფლული სახლის აივანზე გაშლილ სუფრასთან მიმიპატიჟეს. ჩემი ინტერესი რომ დაეკმაყოფილებინათ, მასპინძელმა მითხრა, გუშინ, მოგეხსენება, ბავშვთა საერთაშორისო დღე იყო, ბევრი ღონისძიება ჩატარდა და ყველა დაკავებული გახლდით, ამიტომაც გადავწყვიტეთ, დღეს გვეზეიმა, ხომ არ დაგავიწყდა, 1 ივნისი „ფარჩოს“ დაბადების დღეა, გუშინ 82 წლისა გახდებოდაო.
„ფარჩოს“ ახლობლები ეძახდნენ, სპორტული ცხოვრებიდან გამოყოლილი მეტსახელი სიცოცხლის ბოლომდე შერჩა, ქართველმა სპორტისა და, კერძოდ, ხელბურთის მოყვარულებმა კი მშვენივრად იციან, რომ საუბარია თამაზ ანთაძეზე, ლეგენდარული თბილისის „ქარიშხალას“ კაპიტანზე.
ხელბურთი საქართველოში 60-იან წლებში პოპულარობით მხოლოდ ფეხბურთსა და კალათბურთს ჩამორჩებოდა. თამაზ ანთაძე იყო იმ ლეგენდარული გუნდის კაპიტანი, სადაც მსოფლიო დონის ვარსკვლავები – ჯემალ ცერცვაძე, ჯემალ აბაიშვილი, იმედო ფხაკაძე, ჯანო ბაგრატიონი და სხვები ბრწყინავდნენ. საბჭოთა კავშირის ჩემპიონის პირველი თასიც მან ჩაიბარა. სხვების მსგავსად, ისიც კალათბურთიდან მოვიდა ხელბურთში, კარგად თამაშობდა ჩოგბურთს, შესანიშნავად იდგა თხილამურებზე, იყო აზარტული წყალქვეშ მონადირე. სსრკ ორგზის ჩემპიონი (1962, 1964), სამგზის მეორე (1965, 1966, 1967) და მესამე (1963) პრიზიორი. საბჭოთა კავშირის ნაკრებში — 6 მატჩი, 6 გოლი.
მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა სცადა. ეს მოუსვენარი კაცი სპორტში „არქეოლოგიც“ იყო და შორსმხედველი სელექციონერიც. „ტყემალზე მჯდარ“ ყმაწვილს ჩამოიყვანდა, პერსპექტივას გათვლიდა მასში და ათიანშიც გაარტყამდა. ასე იყო სამშობლოშიც და უცხოეთშიც, კერძოდ, კუვეიტში, სადაც ამ ქვეყნის კლუბების „ალ-არაბის" (1989-1990), „კლაბ კუვეიტის" (1991-1992) და ქვეყნის ნაკრების (1993-1994) მწვრთნელი იყო. მისი ხელმძღვანელობით „ალ-არაბიმ" ქვეყნის თასი მოიგო (1990), „კლაბ კუვეიტი" მესამე პრიზიორი (1992), ნაკრები კი აზიის თამაშების ჩემპიონი გახდა (1994).
რაც შეეხება თელავს, 70-იან წლებში ტრესტ „ალაზანმშენის" მთავარ ინჟინრად მუშაობისას უდიდესი ამაგი დასდო კახეთის სპორტულ ცხოვრებას — მისი ხელმძღვანელობით აშენდა თელავში სპორტთამაშების დარბაზი, ჩოგბურთის კორტები, ხოლო გომბორის ქედზე, ცივის მთაზე — სამთოსათხილამურო ტრასა და საბაგირო. საბაგირო შემდეგ გუდაურში გადაიტანეს, ხოლო კორტებსა და დარბაზში დღესაც იმართება საერთაშორისო შეჯიბრებები. უცნაურია, რომ 45 წლისამ დაიწყო ხატვა და ლამის კიდევ ერთ პროფესიად ექცა — ცხოვრების ბოლომდე ხატავდა და გამოფენებშიც მონაწილეობდა. იუმორით სავსე, წლებს არ იტყობდა. მისთვის წლების მატება უბრალო არითმეტიკა იყო და არა სიმძიმე. 2002 წელს, გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე ისევ სპორტისკენ გაუწია გულმა და საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებს უთავკაცა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე, იქიდან ჩვეულებრივ, მხნედ დაბრუნდა, თუმცა, განგებამ სხვაგვარად განსაჯა…
ნადიკვარის ფიჭვნარში ბევრი ისაუბრეს, ბევრიც გაიხსენეს, მე კი გონებაში ორიოდ წლის წინ „ფარჩოს“ 80 წლისადმი მიძღვნილ იუბილეზე ერთი თელაველი კაცის ნათქვამი ამომიტივტივდა და ამ სიტყვებით მინდა ჩემი მოკრძალებული გახსენების დასრულება, რადგან უკეთესად ნაღდად ვერ ვიტყვი:
„შეიძლება ხმამაღალიც იყოს, მაგრამ თელავი ვალშია მასთან. ისე კი, თუ ვალს გაისტუმრებ, რაღაც მდორდება, ვალში ყოფნა კი მუდმივად რაღაცას გაიძულებს… და თუ ასეა, ვიყოთ ხანგრძლივად მასთან ვალში. სანამდე სუნთქავ — ცოცხლობ, სანამდე უყვარხარ, ახსოვხარ ხალხს — ცხოვრობ. ჰოდა, კაი ხანს მოუწევს ცხოვრება ამ თბილისელ—თელაველ კაცს“…