„ქართველ ამერიკელთა ლიგა“, „ამერიკის ხმა“ და დიდი ერეკლე მეფის შთამომავალი

© Sputnik / Levan Avlabreliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც 1918 წლიდან იღებს სათავეს.

1917 წელს რუსეთში მომხდარი რევოლუციის შედეგად იმპერია დაიშალა, საქართველოში ამავე პერიოდში შექმნილმა ეროვნული საბჭომ 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ აირჩიეს ნოე ჟორდანია. სწორედ ამ დღეს იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“.

ამ თემაზე დღეს ბევრი დაიწერება და ჩემზე კომპეტენტური ადამიანები ისაუბრებენ. მე კი ერთი ამბავი მინდა მოგითხროთ, რომელიც, შესაძლოა, ბევრმა არც იცოდეს. 1951 წლის 26 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა დინ აჩენსონმა ამერიკის მთავრობის სახელით ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ეს მოხდა რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ ახლადშექმნილი ქართული რედაქციის მეშვეობით. ვინ იდგნენ ამ ქართული რედაქციის სათავეებთან, ვისი ძალისხმევით შეიქმნა და ფუნქციონირებდა ეს რადიო, რომლის ჩახშობასაც საბჭოთა კავშირის მაშინდელი ხელმძღვანელობა ათწლეულების მანძილზე უშედეგოდ ცდილობდა – სწორედ ეს გახლავთ ჩემი მონათხრობის მთავარი თემა და ამიტომ რამდენიმე ათეული წლით უკან უნდა გავიხედოთ.

მიხაი ზიჩი - Sputnik საქართველო
სად არის დაკრძალული თამარ მეფე

1901 წლის ნოემბერში თბილისში დაიბადა ერეკლე ორბელიანი. მისი მამა, ჯამბაკურ ორბელიანი მეფის არმიის ოფიცერი, „ქართული დრუჟინის“ ერთ–ერთი ორგანიზატორი გახლდათ. დედა – ელისაბედ ბაგრატიონი (1870-1942), ერეკლე ბატონიშვილისა და თამარ ჭავჭავაძის უფროსი ქალიშვილი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, „საზანდარის“ ფსევდონიმით ცნობილი, „ვეფხისტყაოსნის" ფრანგულად მთარგმნელი, საქართველოს დამოუკიდებლობის დროს ორი გაზეთის – ფრანგული „ჟორჟი ინდეპედენტის" და ინგლისური „ჯორჯიან მესენჯერის“ დამაარსებელი და რედაქტორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ კი ფრანგული ენის კათედრის პროფესორი იყო. ასეთ ოჯახში აღიზარდა დიდი პაპის მოსახელე ერეკლე ორბელიანი და რა გასაკვირი იყო, რომ შესანიშნავი განათლება მიიღო. ერეკლემ კარგად იცოდა ენები, ამასთან, ბავშვობიდანვე გამოამჟღავნა მუსიკის დიდი ნიჭი. თბილისში ქართული გიმნაზიისა და კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ გერმანიაში განაგრძო სწავლა, ერთი წლის შემდეგ კი, როგორც პიანისტი, უკვე კონცერტებით გამოდიოდა გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში. ევროპის მერე კონცერტებით მოიარა ამერიკის შეერთებული შტატები და ლათინური ამერიკის ქალაქები. გამოდიოდა იტალიელ მომღერალ ბენიამინო ჯილისთან ერთად და ყველგან დიდი წარმატება ჰქონდა.

ავღანეთი, ხედი ქაბულზე - Sputnik საქართველო
ავღანთა რისხვა გიორგი გურჯი და მის საფლავთან მუხლმოყრილი ქართველი გენერალი

საქართველოს ოკუპაციის დროს ერეკლე ტურნეში იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა. 1924 წლიდან პარიზში ცხოვრობდა და კონცერტებს მართავდა. 1930 წელს კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდა და უკვე 1931 წლის ბოლოს სამი კონცერტი გამართა, პირველი – „ასტორ გალერეაში". მეორე კონცერტის შემდეგ „ნიუ–იორკ ჰერალდ ტრიბუნი“ წერდა, რომ მსმენელები გულითადად ესალმებოდნენ „ყოფილ ქართველ თავადს, რომელმაც ტიტულს მუსიკოსობა ამჯობინა“. მესამე კონცერტი ხალხით სავსე „სტეინვეის“ დარბაზში ჩატარდა. სერგეი რახმანინოვი, რომელიც ოჯახის მეგობარი და თამარ გრუზინსკაიას სალონის ხშირი სტუმარი იყო, ამბობდა, ჩემ შემდეგ ჩემს ნაწარმოებებს ყველაზე უკეთ ირაკლი ორბელიანი ასრულებსო. საშემსრულებლო მოღვაწეობის გარდა ერეკლე ორბელიანი წერდა მუსიკას, მათ შორის, რომანსებს ემიგრანტი პოეტების შალვა ამირეჯიბისა და სიმონ ბერეჟიანის ლექსებზე, რომელთაც ხშირად თვითონვე ასრულებდა.

ბათუმი - Sputnik საქართველო
დედით ქართველი ოსმალო სულთნისა და ფრანგი დედოფლის სასიყვარულო ისტორია

მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას, რუსეთის გამარჯვებისა და საქართველოს გათავისუფლების იმედის გაცრუების შემდეგ, საჭირო იყო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს საკითხს დააყენებდა როგორც ამერიკის საზოგადოების, ისე ადმინისტრაციის წინაშე. ამ მიზნით 1950 წლის 20 ნოემბერს ერეკლე ორბელიანის ბინაზე შეკრებილმა თეიმურაზ ბაგრატიონმა, ლეო დუმბაძემ, პავლე კვარაცხელიამ დააარსეს „ქართველ ამერიკელთა ლიგა“, რომელმაც მემორანდუმი გაუგზავნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას და ყველა ქართველს მიმართა მოწოდებით: „ჩვენი ერის ინტერესების აუცილებლობა მოითხოვს, ამ გადამწყვეტ მომენტში აქ ისმოდეს საქართველოს ხმა“ (ჟურნალი „ბედი ქართლისა“, N9).

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
სანამ ევროპისკენ მიმავალ ბილეთებს შეიძენთ, ანუ რჩევები პოტენციურ ტურისტებს...

რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ რედაქციაში ქართულ ენაზე მაუწყებლობის დაწყება საშუალებას მისცემდა „რკინის ფარდის“ მიღმა დარჩენილ ქართველებს, მშობლიურ ენაზე მიეწვდინათ ხმა თავისუფალი სამყაროსთვის. ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესასრულებლად საჭირო იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველთა შორის შესაფერისი ინტელექტუალური ძალების შეკრება, რომლებიც საქმეს სათანადოდ გაუძღვებოდნენ. ამერიკის ხელისუფლებამ ყურადღება შეაჩერა ერეკლე ორბელიანზე, რომელსაც უკვე კარგად იცნობდა ამერიკული საზოგადოება როგორც ცნობილ მუსიკოსს, ევროპული ენების კარგ მცოდნეს, ქართული სათვისტომოს აქტიურ წევრსა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთვის თავდადებულ მებრძოლს. ამიტომ სწორედ მას მიენდო „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის მოწყობა და კადრებით დაკომპლექტება. როგორც უკვე აღვნიშნე, 1951 წლის 26 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა დინ აჩენსონმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ეს „ამერიკის ხმის“ ქართული სექციის პირველი გამოსვლა იყო ეთერში. ამის მერე, 1952 წლის ოქტომბერში ქართულს სხვა განყოფილებებიც – სომხური, აზერბაიჯანული, უკრაინული და თურქესტანული შეუერთდა. გაერთიანებულ რედაქციას „საბჭოთა კავშირის სექცია“ უწოდეს და მის ხელმძღვანელად ერეკლე ორბელიანი დანიშნეს. სამწუხაროდ, მცირე ხნით, რადგან 1954 წლის 31 მარტს 53 წლისა გარდაიცვალა ლეიკემიით. დაკრძალულია ნიუ–იორკში.

ნარიყალა - Sputnik საქართველო
ქართველი ქალი, რომლის სილამაზისა და გონიერების წინაშე თვით ნაპოლეონი უძლური აღმოჩნდა

მე კარგად მახსოვს უკვე 60-70-იანი წლების პერიოდი, როგორ ჩუმად ვუყვებოდით ერთმანეთს, წინა ღამეს რა და როგორ მოვისმინეთ ამ აკრძალულ რადიოში. სიმართლეს ვიტყვი, ბევრი რამ იმდენად გაუგონარი იყო ჩვენი „გასაბჭოებული“ ცნობიერებისთვის, რომ ძნელად გვეჯერებოდა, თუმცა ასაკისა და გამოცდილების მატებასთან ერთად უკვე რეალურად აღვიქვამდით ინფორმაციას. დროთა განმავლობაში საშუალება მომეცა პირადად გამეცნო იქ მოღვაწე ადამიანები და ერთხანს (ძალიან მცირე დროით) მეთანამშრომლა კიდეც მათთან.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, მეგობრებო, და ნუ დავივიწყებთ იმ ადამიანებს, ვინც დიდი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ცნობიერების სწორი მიმართულებით განვითარებაში.

ყველა ახალი ამბავი
0