როდესაც მტერი სასიკვდილოდ ვერ გიმეტებს და ტაშს დაგიკრავს

© RIA Novostiსაფრანგეთი, პარიზი
საფრანგეთი, პარიზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik საქართველოს ჟურნალისტი თამაზ ჩიქვანაია საფრანგეთის გმირის, ქართველი თავადის - დიმიტრი ამილახვარის შესახებ გიამბობთ.

ყველა ეპოქას თავისი გმირები ჰყავს, გამორჩეული ადამიანები, რომელთა სიმამაცემ თუ ღირსეულმა საქციელმა ისტორიაში გარკვეული კვალი დატოვა. საბედნიეროდ, არც ჩვენი ერი უჩივის მსგავსი ადამიანების ნაკლებობას — რომელი ერთი გავიხსენო, შორეული წარსულიდან ცოტნე დადიანი თუ სულ ახლახან მამა ილია კარტოზიას უმაგალითო საქციელი? იქნებ ქეთევან წამებული თუ 60-იან წლებში პროფესორ იოსებ ჟორდანიას გმირობა, ოკეანეში ჩავარდნილმა თავისი სამაშველო ჟილეტი პატარა გოგონას უყოყმანოდ რომ მისცა და თავი უეჭველი სიკვდილისთვის გასწირა, რადგან ცურვა არ იცოდა. ნუ დაგვავიწყდება, რომ იმ თვითმფრინავში იმ ბავშვის დედაც იჯდა, თუმცა მხოლოდ მან, ქართველმა გმირმა ვერ გაიმეტა ბავშვი სასიკვდილოდ.

თბილისი - Sputnik საქართველო
„ქართველ ამერიკელთა ლიგა“, „ამერიკის ხმა“ და დიდი ერეკლე მეფის შთამომავალი

სწორედ ასეთებზე ამბობდა დიდი ილია ჭავჭავაძე: „ერი თავის გმირებში ჰპოულობს თავის სულსა და გულსა, თავის მწვრთნელსა, თავის ღონეს და შემძლებლობას, თავის ხატსა და მაგალითს. ამიტომაც იგი ზოგს იმათგანს წმინდანების გვირგვინითა ჰმოსავს და ჰლოცულობს. ზოგს დიდ-ბუნებოვანობის შარავანდედითა, და თაყვანსა სცემს სასოებით და მადლობითა. ამიტომაც საჭიროა იმათი ხსოვნა, იმათი დაუვიწყარობა“.

დღეს მინდა გიამბოთ ერთ დიდებულ ქართველზე, რომლის სიცოცხლეც სხვა ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა. 1906 წლის 31 ოქტომბერს თერგის ოლქის სოფ. ბაზორკინოში, პოლკოვნიკ გიორგი ამილახვრისა და ნინო ერისთავის ოჯახში დაიბადა საფრანგეთის მომავალი ეროვნული გმირი დიმიტრი ამილახვარი. 1918-1921 წ.წ. ამილახვრების ოჯახი თბილისში ცხოვრობს და დიმიტრი განათლებას თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში იღებს. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ოჯახი ჯერ თურქეთში, 1922 წელს კი პარიზში გადადის. 1924-1926 წლებში დიმიტრი ამილახვარი სენ–სირის პრესტიჟულ სამხედრო სკოლაში სწავლობს და 1926 წლიდან უმცროსი ლეიტენანტის ჩინით ირიცხება საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში. პარიზში დიმიტრი ამილახვარი ირინე დადიანზე დაქორწინდა და ორი შვილი — თამარი და ოთარი შეეძინა. ომის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე ქართველთა ოჯახმა საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო.

მიხაი ზიჩი - Sputnik საქართველო
სად არის დაკრძალული თამარ მეფე

II მსოფლიო ომის დროს დიმიტრი ამილახვარი მონაწილეობს ნავრიკის ცნობილ ბრძოლაში. ამის შემდეგ ლონდონში ხვდება შარლ დე გოლს და ერთიანდება თავისუფალ ფრანგულ ჯარში. აფრიკაში სამსახურის დროს, გამონაკლისის სახით, მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება და უცხოური ლეგიონის მე-13 ბრიგადის მეთაურად დაინიშნა. 1942 წ. ლიბიაში გერმანელების წინააღმდეგ ბრძოლისას დიმიტრი ამილახვარმა პირველად გამოიყენა ტანკსაწინააღმდეგო ბრძოლის ახალი სისტემა. ამასობაში საფრანგეთის პროფაშისტურმა ხელისუფლებამ მას დაუსწრებლად სიკვდილი მიუსაჯა. ნავრიკის, ერითრეის. ქ. მასუას, სირიის ქ. დამასკოს, ბირ–ჰაკეიმის, ელ–ალამაინის ბრძოლებისას დიმიტრი ამილახვარმა გმირობისა და თავდადების მაგალითი უჩვენა უცხოტომელებს. მისმა ბრიგადამ გადამწყვეტი როლი შეასრულა გერმანელი გენერლის რომელის არმიის წინააღმდეგ ბირ–ჰაკეიმის ბრძოლებში, რისთვისაც შარლ დე გოლმა პირადად დააჯილდოვა მხედრული წარჩინების უმაღლესი ნიშნით —„განთავისუფლების ჯვარი“. 1942 წ. მეორე ნახევარში დიმიტრი ამილახვარი მონაწილეობს ეგვიპტეში ელ–ამაინთან გამართულ ცხარე ბრძოლებში. 24 ოქტომბრის ბრძოლა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. პოლკოვნიკი დიდი პატივით დაკრძალეს ლიბიის უდაბნოში. ახლა იმ გმირობის შესახებ, რომლის გამოც საფრანგეთის პრეზიდენტის შარლ დე გოლის ბრძანებით, სიკვდილის შემდეგ დიმიტრი ამილახვარი დაჯილდოვდა „საპატიო ლეგიონის“ უმაღლესი ორდენით, ხოლო მისი სახელი მიენიჭა სენ–სირის სამხედრო საწავლებლის 1954-1956 წ.წ. 143-ე გამოშვებას.

კადრი ფილმიდან გიორგი სააკაძე - Sputnik საქართველო
გიორგი სააკაძე – გმირი, მოღალატე თუ ორსახა იანუსი?!

ლიბიაში გაცხარებული ომის დროს, დიმიტრი ამილახვარმა შენიშნა, რომ მისი თანამებრძოლი და მეგობარი დაიჭრა და მტრის ალყაში ექცეოდა, მაშინ ქართველი მტრის ბანაკში მარტოდმარტო შეიჭრა და დაჭრილი თანამებრძოლი ხელში აყვანილი გამოიყვანა. ფრანგი ოფიცრის გამბედაობით განცვიფრებულმა მოწინააღმდეგემ ცეცხლი შეწყვიტა, ხოლო როცა ამილახვარი თვალს მიეფარა, მტერმა ტაშით გააცილა უშიშარი ქართველი.

1944 წ. დეკემბერში უცხოელთა ლეგიონის ხელმძღანელობამ ირინე დადიანი მეუღლის ხსოვნის საღამოზე მიიწვია. საღამოზე დასასწრებლად ირინე ბავშვებთან და დასთან (ელისო დადიანი) ერთად სამხედრო მანქანით გაეშურა და ავტოკატასტროფაში დასთან ერთად დაიღუპა.

გადარჩენილ ობლებს მფარველობა დიმიტრი ამილახვრის მიერ გადარჩენილმა თანამებრძოლმა და შემდგომში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა გენერალმა კენინგმა გაუწია. ბავშვები „საფრანგეთის შვილებად“ გამოცხადნენ და მათი აღზრდა საფრანგეთის მთავრობამ იკისრა.

2005 წ. საფრანგეთში ფართოდ აღინიშნა დიმიტრი ამილახვრის დაბადების 100 წლისთავი. პარიზის ერთ–ერთ ქუჩას  მისი სახელი ეწოდა. ასე მიაგეს პატივი ფრანგებმა უცხოტომელს, რომელმაც გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ასეთი რამ ბრძანა: „ჩვენ, უცხოელებს, მხოლოდ ასე შეგვიძლია დავუმტკიცოთ საფრანგეთს გმირობა – სიცოცხლე შევწიროთ მას“ – და შეასრულა კიდეც. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ბედის ირონიას მივაწეროთ, რომ სამშობლოს სიყვარულით გულანთებულ ვაჟკაცს თავისი ქვეყნისთვის ბრძოლის საშუალება არ მიეცა…

 

ყველა ახალი ამბავი
0