გრაფ კალიოსტროს სიყვარულის ფორმულა...

გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს იდუმალებით მოცული დილაა – აუცილებლად რაღაც უცნაური და ჯადოსნური უნდა მოხდეს, რადგან ჩვენ თბილისურ აივანზე კი არ ამოვა, სავარაუდოდ, უეცრად და არსაიდან გაჩნდება უნიჭიერესი მისტიკოსი და ავანტიურისტი, მაგი, ალქიმიკოსი, მეტაფიზიკოსი, მოგზაური და, საერთოდ, სასწაულად საინტერესო ადამიანი, რომელიც გამოჩენისთანავე წარმოთქვამს თავის ცნობილ ფრაზას: „გონება ექვემდებარება გრძნობებს, გრძნობები — გულს, გული – გონებას. წრე შეიკრა. ყველაფერი გონებით იწყება და გონებით სრულდება“.

და ეს გახლავთ ჯუზეპე ბალსამო, მომავალში ცნობილი, როგორც გრაფი ალესანდრო კალიოსტრო, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1743 წლის 2 ივნისს ქალაქ პალერმოში (თუმცა, თავად კალიოსტრო ამტკიცებდა, რომ ის დაიბადა იმ წელს, როდესაც მოხდა ვულკან ვეზუვის ამოფრქვევა, ანუ 79 წლის 24 აგვისტოს).

ჯინსები - Sputnik საქართველო
ჯინსები მეცვა „Levi Strauss”-ი, გულში უკრავდა ვალსი შტრაუსის...

ბევრი ბიოგრაფია მაქვს გადაკითხული, მაგრამ იშვიათად თუ მონახავ ვინმეს ისტორიაში, ასეთი საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება რომ ჰქონდეს გავლილი.

ზოგჯერ მგონია, როდესაც მისი მსახურები ამბობდნენ, რომ გრაფს 300 წელი ემსახურებოდნენ (გრაფის ერთ-ერთი მსახური აზუსტებდა ხოლმე, რომ გრაფთან სამსახური იმ წელს დაიწყო, როდესაც გარდაიცვალა გაიუს იულიუს კეისარი), არ ტყუოდნენ, რადგან ასეთი მჩქეფარე და მოვლენებით მდიდარი ცხოვრების გავლა სულ რაღაც 52 წლის განმავლობაში ცოტა არარეალურია.

ბავშვობაში ჯუზეპე გამოაგდეს ჯერ წმინდა როკის ეკლესიასთან არსებული სკოლიდან, შემდეგ ბენედიქტეს მონასტრიდან, სადაც ის დედამ გამოსასწორებლად გაგზავნა. ამის მერე ჯუზეპემ დაიწყო თავისი პირველი აფიორების ჩატარება — აყალბებდა დოკუმენტებს და ყიდდა რუკებს, სადაც ვითომ განძეულების ადგილები ჰქონდა მონიშნული.

რამდენიმე წარმატებული ოპერაციის შემდეგ ჯუზეპემ გადაინაცვლა სიცილიის ქალაქ მესინაში, სადაც, მისი დეიდის ვინჩენცა კალიოსტროს გარდაცვალების შემდეგ, გვარი გადაიკეთა უფრო ჟღერად კალიოსტროზე და საკუთარ თავს გრაფის ტიტულიც თავად უბოძა.

ციხე-სიმაგრე ბრანი რუმინეთში - Sputnik საქართველო
ვინ იყო სინამდვილეში დრაკულას მამა...

შემდგომ წლებში მან იმოგზაურა ეგვიპტესა და მალტაში, დაბრუნდა იტალიაში და ცოლად მოიყვანა რომის ერთ-ერთი ულამაზესი ქალბატონი ლორენცე ფელიჩიტატი, რომელიც იმდენად მოხიბლული იყო თავისი მეუღლით, რომ ასევე მონაწილეობდა მის ავანტიურებში.

კალიოსტრო ესტუმრა ინგლისსაც და საფრანგეთსაც, აღმოსავლეთის ტაძრებში ყოფნის დროს კი, მისი თქმით, „უკვდავების ელექსირის რეცეპტის“ საიდუმლო ამოხსნა.

სამწუხაროდ, კალიოსტროს „უკვდავების რეცეპტი“ დღემდე არ შემორჩენილა, მაგრამ სამაგიეროდ მეცნიერებმა ვატიკანში აღმოაჩინეს გრაფის მიერ შექმნილი „გაახალგაზრდავების ელექსირის“ მიღების წესი და მისი მოქმედების აღწერა.

ალისა საოცრებათა ქვეყანაში - Sputnik საქართველო
ალისას საოცრებათა ქვეყანა და სარკისმიღმეთი...

თურმე, ამ ჯადოსნური წამლის 2/3-ის მიღების შემდეგ ადამიანი კარგავს გრძნობას და ასეთ მდგომარეობაში რჩება მთელი 3 დღის განმავლობაში. ამ დროს მას აქვს კრუნჩხვები და კონვულსიები, თუმცა თავად ტკივილს ვერ გრძნობს.

როდესაც ის გონებაზე მოდის, იღებს წამლის დარჩენილ მესამედს, რის შემდეგაც წყნარად და უშფოთველად იძინებს. ძილში მას კანი სძვრება, სცვივა თმები და კბილები, რომლებიც რამდენიმე საათში თავიდან ეზრდება. 42-ე დღის ბოლოს, განახლებული და გაახალგაზრდავებული, და, რა თქმა უნდა, ბედნიერი პაციენტი ახალ ცხოვრებას იწყებს.

მთელ ამ პროცესში მე ნამდვილად მომხიბლა კბილების თავიდან გაზრდის იდეამ – რა ბედნიერებაა, დალევდი წამალს, დაიძინებდი და გაიღვიძებდი ახალი კბილებით, სულ აღარ დაგჭირდებოდა კანკალი სტომატოლოგთან ვიზიტის წინ.

გრაფ კალიოსტროს საოცარი ფანტაზიის უნარი გააჩნდა, ის ამტკიცებდა, რომ თავის დროზე ეგვიპტურ პირამიდებში ცხოვრობდა, სადაც გაიცნო უკვდავი ბრძენები, რომლებიც ალქიმიის ღმერთის საიდუმლოებას ინახავდნენ.

რომი - Sputnik საქართველო
ყველა გზა რომში მიდის...

ის მართლა აჯერებდა ადამიანებს, რომ ესაუბრება გარდაცვლილების სულებს, რომ შეეძლო უბრალო ლითონების ოქროდ გარდაქმნა და ლატარიის ბედნიერი ბილეთების გამოცნობა.

ძნელია თქმა, რა ნიჭით იყო სინამდვილეში დაჯილდოებული გრაფი კალიოსტრო, ვფიქრობ, მინიმუმ ჰიპნოზის ხელოვნებას მაინც ფლობდა, მაგრამ ერთი ფაქტია, ის გრძნობდა საშიშროების მოახლოებას და უცებ ეცლებოდა იმ ქალაქებს, სადაც მისი გამოაშკარავება ხდებოდა შესაძლებელი.

გრაფმა კალიოსტრომ საფრანგეთისა და ლონდონის შემდეგ იმოგზაურა ჰააგაში, ვენაში, კურლანდიაში და 1780 წელს გრაფი ფენიქსის სახელით სანქტ-პეტერბურგსაც ესტუმრა.

მიხეილ ხერგიანი სახლ-მუზეუმი მესტიაში - Sputnik საქართველო
ვეფხვი, რომელიც ცეკვავდა კლდეზე…

სწორედ მის რუსეთში ვიზიტზე, უფრო სწორად კი რუსეთიდან მის გაქცევაზეა გადაღებული მარკ ზახაროვის შესანიშნავი ფილმი „სიყვარულის ფორმულა“. ფილმის სცენარის ავტორია გრიგორი გორინი და ეს ფილმი სინამდვილეში ალექსეი ტოლსტოის ნაწარმოების „გრაფი კალიოსტროს“ თავისუფალი ეკრანიზაციაა.

გრაფ კალიოსტროს როლს კი ასრულებს არაჩვეულებრივი და უნიჭიერესი ბატონი ნოდარ მგალობლიშვილი, რომელზეც უფრო წესიერი, ღირსეული, კეთილშობილი და არაავანტიურისტი კაცი ჯერ არ შემხვედრია. ამიტომაც გრაფი კალიოსტრო მთელი გულით შემიყვარდა, და რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო მისი ბიოგრაფია, ვერაფრით ვერ ვიცვლი მისადმი დამოკიდებულებას, ანუ, სავარაუდოდ, არ ვარ ობიექტური…

თუმცა, ვინ იცის მართლა რას წარმოადგენდა ეს საოცარი გრაფი, რომელმაც იცოდა 4 ენა და ოთხივეზე აქცენტით საუბრობდა, რომელსაც უყვარდა მასიური ბეჭდები და მუდამ დაკრავდა ეგზოტიკური „ზაგარი“…

სხვათა შორის, მან იწინასწარმეტყველა საფრანგეთის რევოლუცია, ბასტილიის დაცემა, მარია-ანტუანეტას და ლუდოვიკო XVI-ის ტრაგიკული ბედი. ხოლო ლუდოვიკო XV-ს შეუკეთა უიშვიათესი ალმასი, რომელზეც ბზარი გააქრო. სხვა თუ არაფერი, გრაფ კალიოსტროთი აღფრთოვანებული იყვნენ თავად გოეთე და შილერი…

იმასაც ამბობენ, რომ გრაფმა თავისი სიცოცხლე სინამდვილეში ციხეში კი არ დაასრულა, რომელშიც რომის ინკვიზიციამ ჩააგდო, არამედ გაქცევა მოახერხა და დღესაც ცოცხალია. როგორც ჩანს, ცოტა „უკვდავების ელექსირი“ თავისთვის მაინც შემოინახა…

ბოლოს კი, კარგი განწყობისთვის, მინდა შემოგთავაზოთ „იტალიური სიმღერა“ ფილმიდან „სიყვარულის ფორმულა“:

გისურვებთ წარმატებულ, ბედნიერ და გრაფ კალიოსტროსავით საიდუმლო დღეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0