ალისას საოცრებათა ქვეყანა და სარკისმიღმეთი...

CC BY 2.0 / Flickr / cea + / Alice in Wonderland castალისა საოცრებათა ქვეყანაში
ალისა საოცრებათა ქვეყანაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ მყუდრო და უკვე მთლად გაზაფხულიან აივანზე შეიძლება შემთხვევით თვალი მოჰკრათ თეთრ კურდღელს, რომელიც ჟილეტსა და ლაიკის ხელთათმანებში იქნება გამოწყობილი… ან კიდევ ლურჯ მუხლუხოს, რომელიც სადღაც ბუჩქებში, თეთრ სოკოზე მოკალათებული, კალიანს ეწევა… ან კიდევ ჩეშირის კატა „ჩეშიკს“, რომელიც, ძაღლებისგან განსხვავებით, ბუზღუნებს, როცა კმაყოფილია და კუდს აქიცინებს, როცა რამე არ მოსწონს… ან, მაგალითად, მითიურ გრიფონს, რომელსაც თავი და ფრთები არწივის აქვს, ტანი — ლომის და რომელიც გამუდმებით ახველებს და ამტკიცებს, რომ კლასიკური განათლება აქვს მიღებული… და კიდევ ბევრ-ბევრ საინტერესო ვინმეს…

დღეს მინდა ცოტა ხნით დაგაბრუნოთ ბავშვობაში და ჩვენ აივანზე ამოვიყვანო მშვენიერი, ნაზი, საოცარი ლოგიკური აზროვნებით დაჯილდოებული უნიჭიერესი პატარა გოგონა — ალისა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, გახსოვთ ბავშვობაში თქვენი უსაყვარლესი წიგნიდან „ალისა საოცრებათა ქვყანაში“, და რომლის პროტოტიპიც — ინგლისელი პატარა ლედი ალისა ლიდელი დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1852 წლის 4 მაისს ქალაქ ლონდონში.

ზღაპარი „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, რომელიც ოფიციალურად შედის იმ წიგნების 100-ეულში, ყველა ადამიანმა რომ უნდა წაიკითხოს, ასევე ზღაპარი „ალისა სარკისმიღმეთში“ დაწერა ცნობილმა მათემატიკოსმა ჩარლზ დოჯსონმა (ფსევდონიმი — ლუის კეროლი). მან ეს ზღაპარი მაშინ დაწერა, როცა სეირნობდა ოქსფორდში, მდინარე ტემზის მახლობლად, თავისი მეზობლისა და პატარა მეგობრის ალისას თხოვნით.

მიშელ მერსიე - Sputnik საქართველო
ძნელია იყო ლამაზი ქალი...

არ გაგიკვირდეთ, რომ მათემატიკოსმა ზღაპარი დაწერა. ლუის კეროლი ასევე მწერალი და პოეტიც იყო. ესეც არ გაგიკვირდეთ, რადგან ერთხელ ერთმა დიდმა მათემატიკოსმა ჰილბერტმა, როცა ერთ-ერთ ყოფილ მოწაფეზე ჰკითხეს, სად დაიკარგაო, ასე უპასუხა — „მას არ ეყო ფანტაზია გამოსულიყო მათემატიკოსი და პოეტი გახდა“.

ალბათ, პოეტები მაპატიებენ ამ ფრაზას, მაგრამ ეს ჩემი საყვარელი პასუხია შეკითხვაზე — რატომ ავირჩიე მე, ხელოვანთა ოჯახის წარმომადგენელმა, მათემატიკის ფაკულტეტი.

ისე კი, მინდა მოგახსენოთ, რომ არამათემატიკოსებისგან განსხვავებით დღეს მე ერთი პრივილეგია მაქვს — მათემატიკურ ლოგიკას სწორედ ლუის კეროლის წიგნით ვეუფლებოდი.

ლოგიკის ელემენტები ალისაზე ზღაპრებშიც არსებობს და, ალბათ, სწორედ ამიტომ არიან ისინი ასეთი საინტერესო და სხვა ზღაპრებისგან განსხვავებული.

შერონ სტოუნი - Sputnik საქართველო
58 წლის ასაკში მივხვდი, რომ სილამაზე მოდის შიგნიდან...

მაგალითად, ალისას და მეფის დიალოგი – როდესაც მეფე ალისას ასწავლის, „როდესაც ცუდად ხარ, თურმე, უნდა ხიჭვები ჭამო. სხვა ასეთ საშუალებას ვერ გამონახავ“. ალისა კი პასუხობს — „ხიჭვების ჭამაზე უკეთესი ხომ ცივი წყლის შესხმაა ან ნიშადურის შესუნთქვა?“ მეფის რეპლიკა ხომ ლოგიკის აპოთეოზია — „ვიცი, ვიცი, მაგრამ მე ხომ ვთქვი — სხვა ასეთ საშუალებას ვერ გამონახავ, ხომ არ მითქვამს — უკეთესი არ არსებობს“.

სხვათა შორის, თავად დიდი სალვადორ დალიც კი იმდენად აღაფრთოვანა ზღაპრებმა ალისაზე, რომ მან მისთვის საოცარი ილუსტრაციებიც კი შექმნა.

ალისას თავგადასავლებზე რამდენიმე მულტფილმი და მხატვრული ფილმიც კია გადაღებული.

განსაკუთრებით მომწონს 2010 წელს შექმნილი ტიმ ბერტონის ფილმი, რომელშიც უკვე გაზრდილი ალისა უბრუნდება საოცრებათა ქვეყანას. განსაკუთრებით მომეწონა ალისას როლის შემსრულებელი ავსტრალიელი მსახიობი მია ვასიკოვსკა და ჯონი დეპი — მექუდე — ტარანტ ცილინდრის როლში, თავისი განუმეორებელი „ჯიგა — დრიგათი“.

იცით, ზოგჯერ მგონია, რომ ზღაპარი ალისაზე ასე იმის გამო შეგვიყვარდა, რომ ბავშვობაში ყველას ერთხელ მაინც გვიოცნებია დაპატარავებაზე ან, პირიქით, გაზრდაზე, გაქრობაზე და სადმე გაჩენაზე, მათ შორის, სარკისმიღმეთში შესვლაზეც… თითოეულ ჩვენგანს გვქონდა საკუთარი საოცრებათა ქვეყანა, რომელიც ლუის კეროლმა გაგვიცოცხლა.

რაც შეეხება ალისას პროტოტიპს, ალისა ლიდელს, ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, ლუის კეროლი მასზე შეყვარებული იყო და მის მშობლებს სთხოვა ცოლად გაეყოლებინათ, როდესაც ალისა გაიზრდებოდა… ასევე ჰყვებიან, რომ როდესაც ალისა ახალგაზრდობაში დებთან ერთად ევროპაში მოგზაურობდა, ის შეხვდა დედოფალი ვიქტორიას უმცროს ვაჟს, პრინც ლეოპოლდს, რომელსაც ის ერთი ნახვით შეუყვარდა…

1880 წელს ალისა ცოლად გაჰყვა ლუის კეროლის მოსწავლეს კრიკეტისტ რეჯინალდ ჰარგრივსს. მათ გაუჩნდათ 3 ვაჟი — ალანი, ლეოპოლდი და კერილი. ლეოპოლდი და ალანი პირველ მსოფლიო ომში დაიღუპნენ.

ალისამ ლუის კეროლი ბოლოს 1891 წელს ნახა ოქსფორდში, სადაც მას დებთან ერთად ესტუმრა.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 1926 წელს ალისამ, სახლის კომუნალური გადასახადების დასაფარად, გაყიდა ალისაზე ზღაპრის ავტორისეული ხელნაწერი ეგზემპლარი, წიგნისა, რომელმაც ის სახელგანთქმულ ქალად აქცია.

რას იზამ, ცხოვრება, სამწუხაროდ, ხშირად სულაც არ ჰგავს ზღაპარს, მაშინაც კი, როდესაც ზღაპარს თავად შენ გიძღვნიან…

ბოლოს კი მინდა შემოგთავაზოთ შესანიშნავი ვიდეო ცნობილი კანადელი მომღერლის, დიზაინერისა და მსახიობის ავრილ ლავინის შესრულებით:

გისურვებთ წარმატებულ, ბედნიერ და „თეთრკურდღლიან“ დღეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0