დაახლოებით 5 წლის წინ, ჩემი მეგობარი იტალიიდან დაბრუნების შემდეგ აღფრთოვანებული საუბრობდა ადგილობრივ სანელებელზე — „ორეგანო“. საჩუქრადაც კი ჩამომიტანა, აქ შეიძლება ვერ იშოვოო. შემდეგ, არა ერთხელ გადავაწყდი ინტერნეტში სამზარეულოს რეცეპტებზე დასმულ კითხვებს — რა მცენარეა ორეგანო, არის თუ არა ჩვენთან გავრცელებული, იხმარება თუ არა ეს სუნელი ქართულ სამზარეულოში.
შეძლებისდაგვარად, ყველგან ვცემ პასუხს, რადგან ხშირად, ერთი მცენარის სახელი ემთხვევა სხვა ენაზე სხვა სახეობის მცენარის სახელს და ხშირად მათი სახელები ისე ირევა, ლათინური დასახელების მოშველიების გარეშე, შეუძლებელი ხდება გარკვევა, რომელ მცენარეზე ვსაუბრობთ.
მაგალითად: საქართველოში გავრცელებული კვლიავი (ლათ.: Carum carvi, რუს.: Тмин), ჩვენთან ზირას სახელით არის ცნობილი. ნამდვილი ზირა (ლათ.: Cuminum cyminum, რუს.: Зира) სხვა ქვეყნებისთვის კარგად ნაცნობი სანელებელი, საქართველოში ბუნებრივად საერთოდ არ გვხვდება. ესპანურად თავშავას და მაიორანს (Origanum vulgare, Origanum majorana), ერთი სახელით მოიხსენიებენ, თუმცა ეს ორი მცენარე, ერთი გვარის წარმომადგენელი ორი სხვადასხვა სახეობაა.
თავშავა (Origanum vulgare L.), Душица. душлянка, შავბალახა, ოსური ჩაი, თავყვავილა, ლეილაღა, მარმიჭი, ჩაის პიტნა, ისხანი, ჩაიოთი. ტუჩოსანთა ოჯახის არომატული, თაფლოვანი, მრავალწლოვანი, ბალახოვანი მცენარეა, იისფერი ყვავილებით, სასიამოვნო არომატითა და პიკანტური, ოდნავ მომჟავო-მოტკბო-ცხარე გემოთი. სახეობა წარმოდგენილია 6 ქვესახეობით. საქართველოში ბუნებრივად გავრცელებული თავშავა უხსოვარი დროიდან ცნობილია, როგორც სამკურნალო მცენარე. იგი პირველად მოხსენიებულია დიოსკორიდეს ნაშრომში „Peri hyles jatrikes“ (სამკურნალო მცენარეები).
მცენარის სამშობლოა ხმელთაშუა ზღვისპირეთი. ბუნებრივად გვხვდება კავკასიაში, რუსეთში, ხმელთაშუა ზღვისპირეთის და დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ევრაზიის ზომიერი სარტყლების ქვეყნებში. როგორც ერთწლოვანი მცენარე, კულტივირებულია ევროპის და აზიის მრავალ ქვეყანაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. დიდი რაოდენობით მოყავთ იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, საბერძნეთში, მექსიკასა და ამერიკაში.
მცენარეში მრავლადაა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები: ეთერზეთები, ფლავონოიდები, ორგანული მჟავები, ტერპენები, მთრიმლავი ნივთიერებები, ფენოლები, ვიტამინები: ქოლინი, PP, K, B9, B6, B1, C, A, ბეტა კაროტინი. მიკრო და მაკროელემენტები: თუთია (Zn), სელენი (Se), რკინა (Fe), მანგანუმი (Mn), ფოსფორი (P), სპილენძი (Cu), ნატრიუმი (Na), მაგნიუმი (Mg), კალციუმი (Ca), კალიუმი (K),
მცენარეში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კონცენტრაციები იცვლება გეოგრაფიული მდებარეობის, კლიმატური ზონების, ნიადაგის შემადგენლობის და სეზონურობის მიხედვით. შესაბამისად, სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მოზარდი ერთ სახეობის მცენარეები განსხვავდება ერთმანეთისგან გემოსა და არომატის ინტენსივობით. ცნობილია, რომ თავშავას ყველაზე მძაფრი არომატის მქონე სახეობები იზრდება იტალიაში.
თავშავა რომისა და საბერძნეთის ანტიკური ხანიდან მოყოლებული, დღემდე იტალიური და ბერძნული სამზარეულოების წამყვანი სანელებელია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თავშავა პოპულარული გახდა ამერიკის (განსაკუთრებით ლათინური ამერიკის) ქვეყნებშიც. შედის ევროპული სანელებლების ნაკრებების (დუკი, ზატარი, იტალიური სუნელი, კარი, პროვანსული სუნელი) შემადგენლობაში. კარგად ეხამება შავ წიწაკას, რეჰანს, როზმარინს, ანისულს, ქონდარს და მაიორანს.
მცენარის ფოთლებს და ყვავილებს როგორც ნედლი, ისე ხმელი სახით იყენებენ სანელებლად პიცის, ბოსტნეულის, სოკოს, ხორცისა და თევზის ცივი და ცხელი კერძების, სალათების, კარტოფილის, სუპების, საწებლების, პაშტეტების, ძეხვეულის, სოუსების და გარნირების შესაზავებლად. კავკასიურ სამზარეულოში — კიტრის და სოკოს დასამჟავებლად. ციმბირში — ღვეზელების გულსართის — ხაჭოს, ხორცის და კვერცხის შესაზავებლად. რუსეთში უმატებენ ღვინოს, ბურახს და ლუდს.
თავშავა, როგორც სანელებელი, ქართული სამზარეულოსთვის უცხოა. თუმცა, არა ერთი საუკუნეა, მცენარის სამკურნალო თვისებები ცნობილია ხალხურ მედიცინაში. იმის მიუხედავად, რომ თავშავას, როგორც სუნელს, ევროპის და ამერიკის არა ერთი ქვეყანა მოიხმარს, მცენარე უფრო პოპულარული მისი სამკურნალო თვისებების გამოა.
ძველი ხალხების გადმოცემით, თავშავა მთლიანი ორგანიზმის გამაჯანსაღებელი და მრავალი დაავადების სამკურნალო უებარი მცენარეა, რომელიც ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, შარდმდენი, ნაღველმდენი, ოფლმდენი, ამოსახველებელი და ტკივილგამაყუჩებელი თვისებების გამო, გამოიყენება სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების, საჭმლის მომნელებელი სისტემის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ.
ხალხურ მედიცინაში არც თუ უსაფუძვლოდ, თავშავა „ქალების ბალახადაც“ არის მოხსენიებული. ეხმარება ორგანიზმს მშობიარობის შემდგომ ძალების მოკრებაში, საშვილოსნოს კუნთების აღდგენასა და მენსტრუალური ციკლის დარეგულირებაში, აძლიერებს ლაქტაციას. აწესრიგებს და ხსნის ძლიერ მენსტრუალურ ტკივილებს, მენოპაუზის დროს ხსნის უსიამოვნო ტკივილებს, შაკიკს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
თავშავას პრეპარატები შედის ბუნებრივი სამკურნალო ნაკრებების შემადგენლობაში. ეფექტურია გაცივების და ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისათვის. გამოიყენება იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ბრონქული ასთმის, ჰიპერტონული დაავადებების, ათეროსკლეროზის, ნერვული სისტემის აშლილობის, ნერვოზების, დეპრესიის, ისტერიის, უძილობის, ეპილეფსიის, გინეკოლოგიური პრობლემების სამკურნალოდ. ასევე, ჭარბი წონის კორექციისთვის და ზოგადად, ორგანიზმის გასაწმენდად.
თავშავას ნახარშის აბაზანები ეფექტურია ახალშობილებში რაქიტის და სიყვითლის დროს. ნაყენის კომპრესები — კანის სხვადასხვა დაავადებების (ფურუნკულოზის, ეგზემა) და ჭრილობების სამკურნალოდ. თავშავას ნახარშით თავის დაბანისას უმჯობესდება თმის სტრუქტურა, თმა ხდება დამყოლი და ბზინვარე.
და ბოლოს, თავშავას ჩაი ცნობილია, როგორც ალკოჰოლიზმის სამკურნალო უებარი საშუალება. ჩაის რეგულარულად სმისას ადამიანს უქრება ალკოჰოლის მიმართ მოთხოვნილება. თუმცა, გაითვალისწინეთ, გადამეტებული დოზებით თავშავას ჩაი მამაკაცებში იმპოტენციის, ფეხმძიმე ქალებში კი აბორტის პროვოცირებას იწვევს.
კვლავ მახსენდება სიტყვები: „მცირე ოდენობით საწამლავი წამალია, დიდი დოზით წამალი — შხამი“. ამიტომ, შეეცადეთ, მცენარეების მოხმარებისას (სანელებლად, თუ სამკურნალო მიზნით), დაიცვათ ზომიერება, რათა მაქსიმალურად მიიღოთ მათში დამალული, ჩვენთვის სასარგებლო სიკეთეები.