კვლიავი (Carum carvi L.), იგივე ზირა, ზირაკი, მკვლიავი, კვლია, გიცრულ, კუმინი, тмин და სხვ. — 1 მ. სიმაღლის, ორწლიანი, ბალახოვანი მცენარეა ქოლგოსანთა ოჯახიდან. ველური სახით გვხვდება კავკასიაში, რუსეთის ევროპულ ნაწილში, ციმბირსა და აზიის ზომიერი კლიმატის ზონებში, ინდოეთის და პაკისტანის სუბტროპიკულ რაიონებში. კულტივირებულია ყველგან. ხარობს მდელოებზე, ტყისა და გზის პირებზე. ყვავილობს და ნაყოფებს იძლევა მეორე წელს. გვარში გაერთიანებული 30 სახეობიდან საქართველოში გვხვდება მხოლოდ 5 სახეობა.
კვლიავის თესლურა ნაყოფები და მწვანე ნაწილები შეიცავს 3-7 % ეთერზეთებს, 10-23 % ცილოვან ნივთიერებებს, 12-22% ცხიმოვან ზეთებს. ეთერზეთების შემადგენლობაში შემავალი კარვაკროლი, სპირტები და ეთერები მცენარეს სპეციფიურ გემოსა და არომატს ანიჭებს. მცენარეში უხვადაა ფლავონოიდები, ფისები, მინერალური მარილები, მთრიმლავი ნივთიერებები. ფესვებში კი — ასკორბინის მჟავა და ნახშირწყლები.
კვლიავი უძველესი სანელებელი და სამკურნალო მცენარეა, რომლის ზეთიანი ჭურჭელი ნაპოვნია ეგვიპტის ფარაონების სამარხებში. ძველი ეგვიპტელების და მუსულმანთა მოციქულის მუჰამედის აზრით „კვლიავის თესლები კურნავს ყველა დაავადებას სიკვდილის გარდა“. ავიცენა მცენარის თესლებს ენერგიის მასტიმულირებელ და დაღლილობის საწინააღმდეგო საშუალებად მიიჩნევდა. არაბი ქალები კი თაფლთან და წიწაკასთან ერთად, იყენებდნენ, როგორც აფროდიზიაკს (აფროდიზიაკი — საყვარელი ადამიანის მოსანუსხად დამზადებული არომატული ბალახების და სანელებლების ნარევი).
მსოფლიოში უძველესი დროიდან ცნობილი კვლიავი, მორფოლოგიური ნიშნებით და გემოთი ოდნავ წააგავს კამას და ცერეცოს. სანელებლად გამოიყენება მცენარის თესლი. უკეთესია გამოყენების წინ დაფქვა, რადგან დაფქული სუნელი მალე კარგავს არომატს და უფრო მეტიც, არასასიამოვნო სუნს იღებს. ძალიან საინტერესო სანელებელია, რადგან, არასწორი მოხმარების შემთხვევაში, სხვა სანელებლებს „ჩაგრავს“ და მთლიანად ცვლის კერძის გემოს. სწორი მოხმარების შემთხვევაში კი მცენარის სასარგებლო თვისებები კერძში ისე გადადის, რომ გემოს არ უცვლის მას. ალბათ არცოდნით არის გამოწვეული, ის, რომ კვლიავს ხშირად არ იყენებენ.
ქართულ სამზარეულოში კვლიავს იცნობენ ზირას სახელით და ძირითადად გამოიყენება ხორციანი კერძების დასამზადებლად.
სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულო, კვლიავს სუპების, გარნირების, სოუსების, მოხარშული ცომეულის, ბოსტნეულის, ხორცის, კარტოფილის და სხვა კერძების დასამზადებლად მოიხმარს. მოტკბო გემოსა და მძაფრი არომატის გამო, გამოიყენება პურის ცხობისას. საყოველთაოდ ცნობილი „რიგის პური“ შეიძლება თამამად ჩაითვალოს ტრადიციული „კვლიავის პურის“ მემკვიდრედ. ბალტიისპირეთის სამზარეულოში ამატებენ ყველს, კეფირს, ხაჭოს. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, კვლიავი ჰოლანდიური ყველის არა ერთი სახეობის აუცილებელ ინგრედიენტს წარმოადგენს. ინდოელები იყენებენ თითქმის ყველა კერძში.
აღსანიშნავია, რომ კვლიავში შემავალი მიკროელემენტები აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, დევნის ტოქსინებს, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს კალორიების წვას (ხელს უშლის ცხიმების შეწოვას და დალაგებას უჯრედებსა და ქსოვილებში), გადაყავს კალორიები ენერგიაში. სხვა სანელებლებისგან განსხვავებით, კვლიავი არ ზრდის კერძის კალორიულობას. ამ თვისებების წყალობით კვლიავი წონის კორექციისათვის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს.
კვლიავის პრეპარატები სხვადასხვა სახით, გამოიყენება ხალხური და არა ერთი ქვეყნის ოფიცინალურ მედიცინაში მთელი რიგი დაავადებების სამკურნალოდ. ვეტერინარიაში — ცხენების და მსხვილრქოსანი პირუტყვის კოლიკების დროს. ეთერზეთები კი — არომატიზატორად პარფიუმერიასა და საპნის წარმოებაში.
ხალხური მედიცინა კვლიავის ნაყოფებს ფხვნილისა და ჩაის სახით იყენებს როგორც მადის მომგვრელი, ტკივილგამაყუჩებელი, შარდმდენი, სპაზმოლიზური, ამოსახველებელი და კრუნჩვის საწინააღმდეგო საშუალება. მუცლის შებერილობის, მეტეორიზმის, ნაწლავური სპაზმების, ქრონიკული შეკრულობის, ბრონქული ასთმის, მასტიტის, ჰიპერტონიის, ეპილეფსიის, გაცივების დროს. ასევე, სექსუალური პოტენციის ასამაღლებლად. არ არსებობს უკეთესი მცენარეული საშუალება მენსტრუალური ტკივილების დასაამებლად.
კვლიავის ნაყოფები ყველაზე ეფექტური მცენარეული საშუალებაა მეტეორიზმის საწინააღმდეგოდ, მათ შორის ჩვილებისთვის, რითაც საპატიო ადგილი უკავია ხალხურ და თანამედროვე მედიცინაში. სუფთა სახით შედის გალენური პრეპარატების შემადგენლობაში.
კვლიავის შემცველი პრეპარატები გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, მათ შორის, ნაღვლის ბუშტის და ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ. გასტრიტის და მომნელებელი ფერმენტების შემცირებული სეკრეციის დროს აუმჯობესებს კუჭის მოტორულ და სეკრეტორულ ფუნქციებს, გამოიყენება როგორც ნაღველმდენი საშუალება. აქვს შეკრულობის და მეტეორიზმის საწინააღმდეგო მოქმედება. გააჩნია ანტისეპტიკური, ანესთეზიური და სპაზმოლიზური თვისებები. ფართოდ გამოიყენება ჩვილებისთვის მეტეორიზმით გამოწვეული მუცლის ტკივილის დროს და მომნელებელი სისტემის მოსაწესრიგებლად.
აუმჯობესებს ლაქტაციას მეძუძურ დედებში. შარდმდენი მოქმედების წყალობით, ათავისუფლებს ორგანიზმს ჭარბი სითხისგან, რაც ეფექტურად გამოიყენება სითხის შეკავებით გამოწვეული შეშუპებების დროს. გამოდევნის კენჭებს თირკმელებისა და შარდის ბუშტისგან, ხსნის რევმატიულ და პოდაგრით გამოწვეულ ტკივილებს. ზრდის იმუნიტეტს, ეფექტურია გაცივების, ანგინის, სურდოს, ბრონქული ასთმის და მშრალი ხველის დროს. აგრეთვე, კანის ალერგიების, ლაქიანობის, შეშუპების, ფერისმჭამელების, წყლულების, მეჭეჭების და სოკოვანი დაავადებების დროს. წმენდს და აუმჯობესებს კანის ფერს და სტრუქტურას. კოსმეტოლოგიაში გამოიყენება თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალებების დასამზადებლად.
მაღალი ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით, თანამედროვე ფარმაკოლოგია კვლიავის წყალს და ეთერზეთებს იყენებს ონკოლოგიური დაავადებების, მათ შორის პროსტატის ადენომის სამკურნალოდ.
ეთერზეთები გამოიყენება არომათერაპიაში. მათი მატონიზირებელი ზემოქმედება აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ხსნის დაღლილობას, დეპრესიას, თავის ტკივილს. აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრირებას და ძილის ხარისხს.
და ბოლოს, ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ საკმაოდ პოპულარული და ცნობილი ანისულის არაყი, სკანდინავიაში „აკვავიტა“, ჰოლანდიასა და გერმანიაში „კუმელი“, სწორედ კვლიავისგან მზადდება.
* — ლათ.: digestivus — საშუალება, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. არომატული სასმელების საერთო დასახელება, რომელიც აპერიტივისგან განსხვავებით, ისმება ჭამის შემდეგ.