საქართველოში 20-საუკუნოვანი ისტორიის მქონე „ღუმუ" და მასთან დაკავშირებული რიტუალები

© wikimedia.orgღომის თავთავი
ღომის თავთავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე საქართველოში მივიწყებულ მარცვლეულზე – ღომზე გვიამბობს.

ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მიწათმოქმედების შედეგად შექმნილ კულტურულ მცენარეთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურა — ღომი საქართველოს დასავლეთ ნაწილში (სამეგრელო, იმერეთი, გურია, აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი) სიმინდის შემოსვლამდე (XII ს) და მის მერეც (XX საუკუნემდე) ძირითადი სასურსათო საბურღულე კულტურა იყო. ღომის კარბონიზირებული ნაშთები აღმოჩენილია ნოქალაქევისა (IV-VIII სს) და ვანის (ძვ.წ.აღ. II-I სს ფენებში) ტერიტორიაზე.

© ნინო გოცაძის პირადი არქივიღომი - Setaria italic a (L.) P. Beauv.
საქართველოში 20-საუკუნოვანი ისტორიის მქონე „ღუმუ და მასთან დაკავშირებული რიტუალები - Sputnik საქართველო
ღომი - Setaria italic a (L.) P. Beauv.

ღომი (Setaria italica (L.) P. Beauv.) ლაზურად — „ნჩხვა’რ’ი“, „ქურუმი“, ჭანურად — „ღომ-უ“, „ღომი“, მეგრულად — „ღუმუ“, „ჩხვერი“, ერთწლოვანი, ფეტვისნაირი კულტურაა. სწორმდგომი, ცილინდრული, დაუტოტავი, ან სუსტად დატოტვილი, მწვანე, ან იისფერი ღეროებით, ლანცეტა ფორმის გრძელი, ფართო ფოთლებით და მძლავრი ფუნჯა ფესვთა სისტემით. ღეროს სიმაღლე ჯიშებისა და ნიადაგის ნოყიერების მიხედვით, მერყეობს 1-2 მ-მდე. არ ახასიათებს ჩაწოლა. ღეროს დაბოლოებაზეა 15-50 სმ. საგველა ყვავილედი — თაველი, რომლის მეორე და მესამე რიგის ტოტებზე მოკლე ყუნწიანი მრავალი თავთუნია, მომრგვალო, ოდნავ წაგრძელებული, ან კვერცხისებრი მარცვლებით. ქართული ღომის ჯიშებისათვის დამახასიათებელია თეთრი, ან ყვითელი მარცვალი. ყვავილობა იწყება დილის 5 საათიდან, თაველის შუა ნაწილის ზევით მდებარე თავთუნიდან და ვრცელდება ერთდროულად აღმავალი და დაღმავალი მიმართულებით 3-7 საათის განმავლობაში.

© HIMALAYANCROPS.ORG Setaria italica - ღომის მარცვალი
საქართველოში 20-საუკუნოვანი ისტორიის მქონე „ღუმუ და მასთან დაკავშირებული რიტუალები - Sputnik საქართველო
Setaria italica - ღომის მარცვალი

ღომის შესახებ ცნობებს ვხვდებით ძველ ქართულ წყაროებში, საქართველოში მყოფი უცხოელი მოგზაურების ჩანაწერებში. XV-XIX საუკუნეების იტალიელი, ფრანგი და გერმანელი მოგზაურების, მისიონერებისა და მეცნიერების ჩანაწერების მიხედვით, ღომი დასავლეთ საქართველოს მიწათმოქმედებაში (განსაკუთრებით სამეგრელოში),  ერთ-ერთი წამყვანი კულტურა იყო. ჟან შარდენის გადმოცემით — მეგრელები, აფხაზები, შავი ზღვის სანაპიროზე მცხოვრები კავკასიელები, ისე იყვნენ შეჩვეულნი ღომს, რომ მას ხორბლის პურსაც კი ამჯობინებდნენ.

Mentha pulegium - Sputnik საქართველო
უმანკოების, სიკეთის, სტუმართმოყვარეობის, ახალგაზრდობისა და სილამაზის სიმბოლო

საქართველოში გავრცელებული იყო ღომის არა ერთი ჯიში: „ჩქინებურა“, „ჭითა ღუმუ“, „ბარამულა“, „ძირდაბალა“, „ხუჭილა“, „ჯორიელა“, „ბოჯგა“, „კუდა ღომი“, „კოძუა“, „ჩაქურა“, „მათრახა“, „ყვითელი უსახელო“, „ხითირა თეთრი“, „გველიკუდა“, „კვირიხინა“, „კუნწურაულა“, „მგლისკუდა“, „ბობოყვაური“, „ორთითა“, „ბურჩხა ღომი“, „ხოტორა“, „კირჩხეულა“, „აჭარულა“, „გუდურე“, „ხაზარალა“, „ბაწარაი“ და სხვა. განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა ღომის საადრეო ჯიშები: „შვიდკვირია“ და „მოცოროზი“. ეს ჯიშები დამწიფებას ორ თვეში იწყებდა, რაც საშუალებას აძლევდა გლეხს,  მიწის ერთ ნაკვეთზე ხორბლის შემდეგ ღომი მოეყვანა და სეზონზე ორი მოსავალი მიეღო.

© ნინო გოცაძის პირადი არქივიხულა - ბეღელი გ. ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ
საქართველოში 20-საუკუნოვანი ისტორიის მქონე „ღუმუ და მასთან დაკავშირებული რიტუალები - Sputnik საქართველო
ხულა - ბეღელი გ. ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ

დამწიფებული ღომის ყანა ოქროსფერი, ყვითელი, ან მიხაკისფერია. მოსავალს მშრალ ამინდში, სპეციალური ხის ან რკინის დანით იღებდნენ. მოსავლის აღებამდე ცალკე ირჩეოდა საღი სათესლე თაველები, რომელსაც ღეროიანად ჭრიდნენ და კონებად შეკრულს ბეღელში — ხულაში ინახავდნენ, ან დაწნულს გასაშრობად ჯარგვალში კიდებდნენ.

ხორბლის ყანა შავნაბადას მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე - Sputnik საქართველო
ქართული ხორბალი და საქართველო - ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი კერა

ღომის მაღალი კვებითი ღირებულება განპირობებულია მარცვალში ცილების მაღალი შემცველობით (10,8-21,1%). განსაკუთრებით მაღალია სრულფასოვანი ცილების — ალბუმინების შემცველობა (40-60%). ღომში ბევრია ვიტამინები (B, B2, C, E, PP, A). კილგაუცლელი მარცვალი საუცხოო კონცენტრირებული საკვებია ფრინველებისთვის, ჩალა — საქონლისთვის.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ღომის დათესვის, მოვლის, მოსავლის აღების და შენახვის განსხვავებული ადათ-წესები ჰქონდათ.

მოსავლის აღების შემდეგ აუცილებლად იმართებოდა დასალოცავი პურობა — „ოწესური“. ლოცვას ოჯახის უფროსი წევრი ასრულებდა. სალოცავ ჭურთან მიიტანდნენ გოჭის, ან ქათმის გულღვიძლს, სანთელ—საკმეველს და, რაც მთავარია, ღომის „მუნჭას“ (პირველ კონას) და მოწიწებით მადლობას წირავდნენ ღმერთს, ღომის გამჩენსა და მაცოცხლებელ ანგელოზს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა ახალი მოსავლის გამოყენება.

© ნინო გოცაძის პირადი არქივიჯარგვალი - გ. ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ
საქართველოში 20-საუკუნოვანი ისტორიის მქონე „ღუმუ და მასთან დაკავშირებული რიტუალები - Sputnik საქართველო
ჯარგვალი - გ. ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ

სამეგრელოს, გურიის და იმერეთის მოსახლეობა დაფქვილი ღომის მარცვალს იყენებდა მჭადის გამოსაცხობად. ღომის კილგაცლილი მარცვლიდან კი ამზადებდა საუცხოო, დიეტურ საკვებს, სქლად მოხარშულ ფაფას — „ღომის-ღომი“. ცოტამ თუ იცის, რომ ბევრისთვის საყვარელი „ღომი“ — სიმინდის ფქვილისგან მომზადებული ფაფაა და არაფერი აქვს საერთო ნამდვილ ღომთან.

სამეგრელოში ღომის მარცვლიდან ამზადებდნენ ნაირგვარ კერძს: „ჩხუკა“ — ძალიან სქელი ფაფა, შეზავებული მარილით, თაფლით და ნიგვზით. „ელარჯი“ — ჭყინტი ყველი, ჩაზელილი ღომის მარცვალთან. „იაფოფხი“ — ღომის ფქვილისაგან გამომცხვარი ხაჭაპურისებრი ნამცხვარი, ზევიდან მოყრილი დაჭრილი ნიგვზით და ხახვით. „ფუნჩხული“ — ნიგვზითა და ზეთით შეზავებული მოხარშული ღომის მარცვალი. „ხავიწი“ — თაფლითა და ღომის ფქვილით მომზადებული ფაფა. იმერეთში ღომისაგან ამზადებდნენ რბილ ნამცხვარს, ან „პუდინგს“, რომელიც სუფრაზე აუცილებელი კერძი იყო. მოხარშული ღომისგან მზადდებოდა პური, რომელიც დიდხანს ინახებოდა. გურიაში ღომის გაცეხვილი მარცვლისგან ხარშავდნენ რძიან ფაფას, როგორც საუცხოო დიეტურ საკვებს.

© ნინო გოცაძის პირადი არქივინალია - „ნანია“, გ. ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ
საქართველოში 20-საუკუნოვანი ისტორიის მქონე „ღუმუ და მასთან დაკავშირებული რიტუალები - Sputnik საქართველო
ნალია - „ნანია“, გ. ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ

ლაზეთში ღომის გაცეხვილი მარცვლისგან დღემდე ამზადებენ ოთხნაირ საკვებს: სუპი — „ჩორბა“. ფაფა — „ღომუ“, რომელიც მზადდება „ჩაღვისაგან“ („ჩაღვი“ — რძეში არეული ღომის გაცეხვილი მარცვალი). „ნოგუბეი“ — პარკოსნების მარცვლებთან ერთად მოხარშულ კომბოსტოს ემატება ღომის გაცეხვილი მარცვალი. თუ აქვთ, უმატებენ დანაყილ ნიგოზს და მიირთმევენ არაჟანთან და შავ ბადაგთან ერთად. „კაპლამა“ — მის მოსამზადებლად გამოიყენება „ჩაღვი“, რომელსაც  ემატება კარტოფილი და ისპანახი.

© SPUTNIK/ ALEXANDER IMEDASHVILIღომი და სულუგუნი ქართული ტრადიციული სამზარეულოს განუყოფელ ნაწილად იქცა
საქართველოში 20-საუკუნოვანი ისტორიის მქონე „ღუმუ და მასთან დაკავშირებული რიტუალები - Sputnik საქართველო
ღომი და სულუგუნი ქართული ტრადიციული სამზარეულოს განუყოფელ ნაწილად იქცა

უძველესი დროიდან ღომი მრავალი საკულტო რიტუალის აუცილებელი ელემენტი იყო: სამეგრელოში ახალი წლის დილას, მეკვლე წყაროზე ღომის მარცვლებიან მუჭას წყალში ჰყოფდა. წყლიდან ხელის ამოღების შემდეგ, თუ მარცვლები მშრალად დარჩებოდა, გვალვიან წელიწადს ელოდნენ, თუ სველი — ნესტიანს. გურიაში კალანდობაზე თუ ღომის ხარშვა ქვაბის შუაგულიდან დაიწყებოდა, იმ წელს უხვ მოსავალს მხოლოდ იმ სოფელში ელოდნენ, თუ ნაპირებიდან — ყველგან კარგი ჭირნახულის მოლოდინი უნდა ჰქონოდათ. იმერეთში ბარბარობის დღეს მწარე გოგრაში (კვახი) ყრიდნენ  გაუცეხველ ღომს (ჩხოს) და დგამდნენ დამხობილი გოდრის წინ. გოდორს გარშემო უვლიდნენ წიწილებივით მოწიაქე ბავშვები. გოდორზე დგებოდა ერთი ბავშვი, რომელსაც ხელში ქათმის კვერცხი ეჭირა. სამჯერ მოტრიალდებოდა, იტყოდა — „ღმერთო, ასე გაამრავლე ჩვენსას ჭუჭულები და ქათმები“, გადმოხტებოდა გოდრიდან, დაჰკრავდა ფეხს კვახს და ღომის ჩხოს აქეთ-იქით გაფანტავდა. მოსახლეობას სწამდა, რომ ოჯახის ბარაქა გაფანტული ღომის მარცვლების რაოდენობაზე იყო დამოკიდებული.

გარდა საკვები ღირებულებისა, ღომის მარცვალს სამკურნალოდაც იყენებდნენ. როგორც დიეტური საშუალება, იყენებდნენ კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს. თაფლითა და ღომის ფქვილით შემზადებული ფაფით კვებავდნენ ხშირად მელოგინე ქალს. ღომისგან მზადდებოდა გაცივების საწინააღმდეგო წამალი — „ტიბუ“, რომელსაც ასმევდნენ ავადმყოფს ოფლის მოსადენად: ერთ ჭიქა ღომის მარცვალს ჩაყრიდნენ 2-3 ლ. ადუღებულ წყალში, უმატებდნენ 1-2 ცალ დანაყილ ნიორს, 1-2 კოვზ სუფთად დანაყილ ქონდარს და მწარე წიწაკას.

ღომი ითესებოდა აპრილის ბოლოდან მთელი მაისის განმავლობაში. საღომედ ირჩევა სარეველებისაგან საგულდაგულოდ გასუფთავებული მიწა, რომელიც შემოდგომაზე მზადდება. კარგ მოსავალს იძლევა შავმიწა, ყომრალ და ალუვიურ ნიადაგებზე. ჰექტარზე საჭიროა 10-12 კგ. თესლი. მაღალი მოსავლის მისაღებად აუცილებელია მზრალად ხვნის დროს ნიადაგის განოყიერება  გადამწვარი ნაკელით. ოპტიმალურ პირობებში იძლევა 2-7 ტ/ჰა მარცვალს.

ძველთაგანვე კოლხების მასაზრდოებელი კულტურა ღომი მაღალი ღირებულების სასურსათო მარცვლეულია, რომელიც დღეს საქართველოში იშვიათად გვხვდება — ის სიმინდმა ჩაანაცვლა.

ყველა ახალი ამბავი
0