პიტნა (ლათ. Mentha L.), ტუჩოსანთა ოჯახის, მრავალწლოვანი, არომატული ბალახოვანი მცენარეა, მოვარდისფრო-იისფერი ყვავილებით. გვარში 25 მდე სახეობა და 10-ზე მეტი ქვესახეობაა (ჰიბრიდული ფორმა) წარმოდგენილი. ჰიბრიდული ფორმების მრავალფეროვნება განპირობებულია ბუნებრივი ჰიბრიდიზაციის მაღალი უნარით როგორც ველურ, ისე კულტურულ პოპულაციებს შორის. მცენარის სამშობლოა მცირე აზია. ბუნებრივად გავრცელებულია ევროპასა და მცირე აზიაში, რუსეთის შუა და სამხრეთ სარტყელში, კავკასიაში, ციმბირში, უკრაინაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ამერიკის ზომიერ სარტყელში.
საქართველოში მთის ქვედა და შუა სარტყლის ტენიან მდელოებზე, ტყის პირებზე, ბუჩქნარებში, მდინარეთა სანაპიროებსა და სხვა ადგილებში ბუნებრივად გვხვდება 4 სახეობა: მინდვრის პიტნა (Mentha arvenis L.), წყლის პიტნა, ტენცო (Mentha aquatica L.), ტყის პიტნა (Mentha longifolia (L.) Huds.) და ომბალო (Mentha pulegium L.). სანელებლად ყველაზე ფართოდ გამოიყენება პიტნის ჰიბრიდული სახეობა — ბაღის პიტნა (Mentha piperita L.), რომელიც მიიღეს XVII საუკუნეში, ინგლისში. აქედან მოხდა მისი გავრცელება ევროპის, აზიის და ამერიკის ზომიერი კლიმატის ქვეყნებში. საქართველოში ეს სახეობა შემოტანილია XIX საუკუნის ბოლოდან.
როგორც არომატული სანელებელი, პიტნა მოხსენიებულია მათეს სახარებაში. ასევე, ფარაონების სამარხებსა და ასირიელების ლურსმნული დამწერლობის ფირფიტებზე. ეგვიპტის ფარაონების სამარხებში ნაპოვნია პიტნის საკმეველის ნაშთები.
ტუჩოსანთა ოჯახში გაერთიანებულ არომატულ სანელებლებს შორის პიტნა ყველაზე დიდი ოდენობით შეიცავს მენთოლს. გარდა მენთოლისა, მცენარეში დიდი ოდენობით არის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები: ეთერზეთები, ცხიმები, შაქრები, ფლავონოიდები, ფიტონციდები, ვიტამინები და მინერალური მარილები.
პიტნა ერთერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სანელებელია, რომელსაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის სამზარეულო იცნობს. წარმოუდგენელია ქართული სამზარეულო ნადუღში გადაზელილი პიტნის გარეშე. იშვიათად მოიძებნება ისეთი მრავალმხრივი გამოყენების მცენარე, რომელიც პოპულარულია კულინარიულ, საკონდიტრო, კანფეტების, ნამცხვრების, დესერტების, ნაყინის და სხვა ტკბილი ნაწარმის, ალკოჰოლური, არაალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელების, პარფიუმერული, კოსმეტიკური და ჰიგიენური საშუალებების წარმოებაში, ჰომეოპათიაში, ხალხურ მედიცინასა და თანამედროვე ფარმაცევტულ მრეწველობაში.
პიტნის ველურად მოზარდი და კულტურული სახეობები უძველესი დროიდან არაბულ და აღმოსავლურ (ჩინეთსა და იაპონიაში) მედიცინაში დამსახურებული პოპულარობით სარგებლობს. ჯერ კიდევ ავიცენა იყენებდა შინაგანი სისხლდენის, თავის ტკივილის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, მადის დაკარგვის და ვენების სამკურნალოდ. შუა საუკუნეებიდან პიტნის გამოყენება სამედიცინო მიზნით დაიწყეს ევროპის ქვეყნებშიც.
როგორც კანის გამაგრილებელი, გამაჯანსაღებელი და ოფლის საწინააღმდეგო საშუალება, პიტნის ეთერზეთებს დიდგვაროვნები იყენებდნენ არომატული აბაზანებისათვის. პიტნის სამკურნალო არომატული ცხელი ორთქლი წმენდს ბაქტერიებისგან კანსა და ზედა სასუნთქ გზებს.
სასიამოვნო არომატთან ერთად, გამაგრილებელი და ანტისეპტიკური თვისებების წყალობით, პიტნა უხსოვარი დროიდან გამოიყენება პირის ღრუს მოვლის საშუალებების, კბილის პასტების, სუნთქვის გასაგრილებელი ელექსირების და მიქსტურების დასამზადებლად. კუჭ-ნაწლავის და გულის დაავადებების, ნერვული აშლილობის, ბავშვებში რაქიტის და სიყვითლის სამკურნალოდ.
ძველი ბერძნების და რომაელების აზრით, პიტნის არომატი ხელს უწყობდა საუბრის სასიკეთოდ წარმართვას სუფრაზე. ამიტომ, სასადილო ოთახის იატაკსა და მაგიდებს ჰაერის გასაწმენდად აპრიალებდნენ პიტნის ფოთლებით, სტუმრებს კი თავაზობდნენ დაწნულ გვირგვინებს. ითვლებოდა, რომ პიტნის არომატი ამაღლებს განწყობას და ხსნის გონებას. ძილის მოსაწესრიგებლად მცენარის ფოთლებს ალაგებდნენ ბალიშებში.
ძველი ებრაელები პიტნის ზეთს იყენებდნენ სუნამოებში, იტალიაში — ამზადებდნენ პიტნის ღვინოს, აღმოსავლეთში გასაგრილებლად უმატებდნენ შარბათს (ტკბილი სასმელი ყინულით), შუა საუკუნეების სასახლის კარის მზარეულები პიტნის ესენციით ფერავდნენ კერძებს, ამერიკაში იყენებდნენ გამაგრილებელი სასმელებისთვის.
თანამედროვე ფარმაცევტული წარმოება პიტნის პრეპარატებს უშვებს სხვადასხვა ფორმით. სპაზმოლიზური, ანტისეპტიკური, ანტისპაზმური, ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი, ანტიბაქტერიული, შარდმდენი, ოფლმდენი, ნაღველმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო და ინსექტიციდური თვისებების გამო, გამოიყენება არა ერთი დაავადების სამკურნალოდ. მაგ.: მომნელებელი ტრაქტის მოსაწესრიგებლად მეტეორიზმის, ენტერიტის, გასტრიტის, ღებინების დროს, თავის ტკივილის, შაკიკის, ნევრალგიების, სასუნთქი და საშარდე გზების ანთებითი დაავადებების, სუნთქვის გაძნელების, რინიტის, სინუსიტის, გრიპის, ნაწლავური პარაზიტების, ყურის და კანის ინფექციური დაავადებების, გამონაყრის, ქავილის, ალერგიების, სოკოვანი დაავადებების, პროსტატიტის, სიყვითლის, ჰორმონული დისბალანსის, რევმატიზმის, ართრიტების სამკურნალოდ.
პიტნის ეთერზეთები ეფექტური დამამშვიდებელი საშუალებაა ნერვული აშლილობისა და დეპრესიების დროს. აუმჯობესებს მეხსიერებას, აწესრიგებს ძილს, ხელს უწყობს მეხსიერების გააქტიურებას გონებრივი გადაღლილობის დროს.
ეფექტურია პიტნის ზეთის წასმა კანის ღია ადგილებზე კოღოებისგან დასაცავად.
პიტნა იყო მნიშვნელოვანი ექსპერიმენტის ნაწილი, რომლითაც მეთვრამეტე საუკუნის 80-იან წლებში, ინგლისელმა ქიმიკოსმა ჯოზეფ პრისტლიმ ხანგრძლივი ძიების შემდეგ აღმოაჩინა, რომ მცენარე შთანთქავს ნახშირორჟანგს და ჰაერს ამდიდრებს ჟანგბადით. ამ აღმოჩენისთვის მან ლონდონის სამეფო საზოგადოებისგან მეცნიერების ოქროს მედალი დაიმსახურა. შემდეგ, ჰოლანდიელმა სწავლულმა ექიმმა იენ ინგენ-ჰოუსმა დაადასტურა, რომ მცენარის მიერ ჰაერის გაწმენდა ხდება მზის სხივების ზემოქმედების დროს. ეს იყო ექსპერიმენტი, რომლის შედეგადაც იქნა აღმოჩენილი ფოტოსინთეზის უნარი მწვანე მცენარეებში.
გაითვალისწინეთ, რომ ყვავილების ენაზე პიტნა უმანკოების, სიკეთის, სტუმართმოყვარეობის, ახალგაზრდობისა და სილამაზის სიმბოლოს წარმოადგენს.
და ბოლოს, ძალიან საინტერესო მასტერკლასი უკრაინული ტელევიზიისაგან — როგორ მოამზადოთ პიტნის მურაბა!