როგორ უნდა აჯობოს ქართულმა „მართალმა“ ღვინომ პეტიოსა და გალის გაბევრებულ ღვინოებს...

© FB/ Conde Nast Travellerსაქართველო, ღვინო
საქართველო, ღვინო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვერავინ იტყვის, ქართული მეღვინეობის სათავეები რომელ ათასწლეულში იწყება, არქეოლოგებს თუ დავუჯერებთ, სულაც ჩვენ „ვაჩუქეთ“ კაცობრიობას ყურძენი და მისი ნაჟური, ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ღვინის დაყენების ათასწლოვანი ტრადიციაც რომ გვაქვს.

თუმცა, ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, ასევე მდიდარია მისი ფალსიფიკაციის გამოცდილებაცო. რომ გავასავსავო ხელები და დავიწყო მტკიცება, ამას როგორ ვიკადრებდით-თქო, არ ვიქნები მართალი, რადგან თავად ვარ მომსწრე გასული საუკუნის მეორე ნახევარში, როცა „ქართული ღვინო“ ლამის მთელი საბჭოთა კავშირის მოთხოვნას აკმაყოფილებდა. ვითარება საგრძნობლად გამოსწორდა რუსეთის ბაზრის ჩაკეტვის შემდეგ, თუმცა, როგორც ქართველი ენელოგები ამბობენ, ღვინის ფალსიფიკაცია კვლავ მტკივნეულ პრობლემად რჩება. თურმე ეს მარტო ქართული პრობლემა არ ყოფილა, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ფრანგი მეღვინეები პეტიო და გალი ცნობილი „ფალსიფიკატორები“ ყოფილან.

ღვინის დეგუსტაცია - Sputnik საქართველო
ქართული ღვინის ტრიუმფი ლონდონის კონკურსზე

პეტიოს მეთოდი ჭაჭაზე შაქარწყლის დასხმასა და დადუღებას ითვალისწინებს, გალისა კი — ტკბილის გაბევრებას შაქარწყლის საშუალებით. იმის გათვალისწინებით, რომ ღვინო არის ყურძნის ტკბილის სრული ან ნაწილობრივი დუღილის შედეგად მიღებული პროდუქტი, გასაკვირი არ არის, რომ ფრანგი მეღვინეების მეთოდით მიღებულ სასმელს ენოლოგების უმრავლესობა იწუნებს. პეტიო და გალი მწვავედ გააკრიტიკა ილია ჭავჭავაძემაც შორეულ 1887 წელს:

„ბატონი გალლი არ დაგიდევთ და მასთან ერთად არ დაგიდევენ ისინიც, რომელნიც მართალის ღვინის მაგიერ ნახევარ შაქარწყალს და ნახევარ ყურძნის წვენს ასაღებენ; ამას ამბობენ, რომ ეს მუშტრის მოტყუება არ არის, ეს სიყალბე არ არისო. მაშ, აბა ერთი მუშტარს, ვინც უნდა იყოს, ეს უთხარით: წელს მეტად მჟავე ყურძენი იყო, ღვინო ცუდი დადგებოდა. ჩვენ ავიღეთ და რაც ყურძნის წვენი იყო, იმდენი შაქარწყალი გავურიეთ, ასე გავატკბილეთ და აი, მშვენიერი ღვინოა, იყიდეთ. თუ ასში ერთი მოგეკარებათ, დიდი საქმე იქნება“.

ახალი ღვინის ფესტივალი მთაწმინდაზე - Sputnik საქართველო
მზიანი თბილისი და ღვინის მდინარეები : ფესტივალში ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა

ფრანგი მეღვინეები, ღვინოზე დიდი მოთხოვნილების გამო, მის გაბევრებას ცდილობდნენ და სულაც არ თაკილობდნენ ამ საქმეს, პირიქით, თავი ლამის კოლუმბის დონის აღმომჩენები ეგონათ. თუმცა როგორც ირკვევა, აქაც ვერ პირველობენ. ისევ დიდი ილია:

„…ეს საკვირველი აღმონაჩენი, რომლის გამო ბ-ნმა პეტიომ საქვეყნოდ სახელი გაითქვა, მით უფროა საკვივრელი, რომ ათადამ-ბაბამდე თურმე აღმოჩენილი ყოფილა და არის. მერე სადა და ვისგან? თურმე ნუ იტყვით, საქართველოში და ქართველთაგან, მაგრამ რადგანაც ამას „ღონიაშვილიზაცია”, ანუ „ქანდარაშვილიზაცია” არა ჰქვიან, ამიტომაც ყური არავის უთხოვებია. პეტიომ კი აღმოჩენილის აღმოჩენითა ქვეყანაში სახელი მოიპოვა. ჩვენ ამით იმის თქმა არ გვინდა, რომ პეტიომ ჩვენი რამ მიითვისა და თავისის სახელით გამოამჟღავნა. ჩვენა გვწამს, რომ იგი თავისთავად მიხვდა, მან თავისთავად მიაგნო იმას, რაც ჩვენში დიდი ხანია მიგნებული იყო და არის დღესაც, და იქნება ჩვენი მიგნებული რამდენისამე საუკუნის ხნისაც იყოს და ევროპამ კი მარტო 1854 წელს მიაგნო.“

ანდრია გვიდიანი - Sputnik საქართველო
უნდა აიკრძალოს თუ არა ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტი?

იმ დროის რუსულ ბაზარზე ფრანგული და იტალიური ღვინოები დომინირებდნენ, ქართულს ისეთი გასავალი არ ჰქონდა, არა იმიტომ, რომ რამით ჩამორჩებოდა, უბრალოდ იმ პერიოდში საუკეთესოდ ითვლებოდა ყველაფერი ევროპული, ძირითადად ფრანგული. აი, მიზეზი, რის გამოც ქართული ღვინოები „იჩაგრებოდა“. ამ ვითარებიდან გამოსავალი, მაშინაც და ახლაც, ერთი არსებობს — ამასაც ილია ჭავჭავაძე გვასწავლის:

„- თუ ჰსურთ, რომ რუსეთის ბაზარში ჩვენმა ღვინომ ადგილი დაიჭიროს და ევროპულს ყალბს ღვინოებს აჯობოს და გზა დააცლევინოს, ეს მარტო იმით შესაძლოა მოხდეს, რომ გასამკლავებლად ევროპულს ყალბს ღვინოს ჩვენი მართალი ღვინო პირში წავუყენოთ. აქ ჩვენი გამარჯვება უეჭველია იმიტომ, რომ არ არი ქვეყანაზედ კაცი, რომელმაც მართალი ყალბს არ ამჯობინოს, რაც უნდა ეს ყალბი სამაცდურო იყოს. ჩვენს ღვინოებს სხვა იმედი არ უნდა ჰქონდეს“.

დიდი ილიას რჩევები საუკენეზე მეტი ხნისაა, მაგრამ დამეთანხმებით, დღესაც აქტუალურია და ახლაც იგივე ვითარების წინაშე ვდგევართ. რაც მეტ „მართალ“ ღვინოს დავაყენებთ, მით მეტ აღიარებას მოვიპოვებთ, ამას მოჰყვება ბაზრის გაზრდაც და მსოფლიო აღიარებაც. შორს ჩვენგან „გალიზაცია“ და „პეტიოზაცია“, ნამდვილ მარახოშ, ქართულ ქვევრის ღვინოს განა რამე სჯობს?

 

 

ყველა ახალი ამბავი
0