თბილისი, 14 მაისი-Sputnik. ყოველწლიურმა, ტრადიციად ქცეულმა „ახალი ღვინის ფესტივალმა “ მთაწმინდის პარკში თავი მოუყარა მეღვინეებს, უბრალო მოქალაქეებსა და დედაქალაქის სტუმრებს.
ქართული ღვინის ფესტივალი მუდამ ზეიმია, მაგრამ როდესაც ღია ცის ქვეშ, მზიან ამინდში ტარდება, სულ სხვა მასშტაბებს იძენს. ამის დასტურია მთაწმინდისკენ მიმავალ გზაზე მანქანების დიდი რიგი და სტუმართა დიდი რაოდენობა ფუნიკულორზე.
ფესტივალი, ტრადიციულად ქვევრის მოხდით და დეგუსტაციით დაიწყო. „ახალი ღვინის ფესტივალის“ ორგანიზატორია „ღვინის კლუბი“ საქართველოში, მათ გვერდში დაუდგენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო, თბილისის მერია და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
ფესტივალის სტუმრები მთელი დღის მანძილზე აგემოვნებდნენ 2016 წლის მოსავლის ღვინოს და მათგან უკეთესებს არჩევდნენ. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 113 დიდმა თუ მცირე კომპანიამ, ღვინის ასოციაციებმა, სახელმწიფო ორგანიზაციებმა და ღვინის ბარებმა. მათ არც ოჯახური, ქვევრის ღვინის მწარმოებლები ჩამორჩენ.
ყველაზე მეტი დასახელების ღვინო კახეთიდან იყო, თუმცა წელს მათ აქტიურობაში დიდად არ ჩამორჩენ იმერეთის, ქართლის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიის, აჭარისა და სამცხე —ჯავახეთის მეღვინეები.
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ და ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩაატარეს მედია-ტური, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ღვინის მცოდნეებმა და ღვინის ტურიზმით დაინტერესებულმა პირებმა აშშ-დან, კანადიდან, იტალიიდან, შვეციიდან, ესპანეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ ცალკე სტენდზე წარმოდგენილი იყო იშვიათი და უნიკალური ჯიშის ღვინოები, რომელიც ჯიღაურის საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე დაიწურა.
საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობა- მევენახეობის სტუდენტებმა.
„ახალი ღვინის ფესტივალი“ თბილისში მერვედ ჩატარდა. მისი მთავარი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია, განათლების დონისა და სამომხმარებლო კულტურის ამაღლებაა.
ფესტივალის პარალელურად გაიხსნა ტრადიციული და თანამედროვე ხელნაკეთების გამოფენა. ფესტივალის სტუმრები თავად ცდილობდნენ თიხისგან ნაკეთობების გამოძერწვას.