თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ფსევდოპატრიოტული ისტორიოგრაფია, საინტერესო ისტორიების მიჩქმალვა, ფაქტების ნიველირება და ქვეყანაში ისტორიის შესწავლის დაბალი დონე — ამაზე ისაუბრა ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა, ლიტერატურისმცოდნემ და გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის თბილისის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა ლაშა ბაქრაძემ საჯარო ლექციაზე.
ბაქრაძის ლექცია მუზეუმის კვირეულის და მუზეუმების საერთაშორისო დღის ფარგლებში, რომელთა თემა 2017 წელს არის „მუზეუმები და სადავო ისტორიები: მუზეუმი საუბრობს უთქმელზე".
ლაშა ბაქრაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ისტორიის მრავალი ფაქტი წარმოდგენილია ცალმხრივად. მაგალითად, მონღოლთა იმპერია ქართულ ისტორიაში წარმოდგენილია მხოლოდ და მხოლოდ როგორც დამღუპველი მოვლენა, მისი სხვა ძლიერი მხარეები განხილული არ არის.
„საქართველოს ისტორიაში მონღოლებზე გვესმის მხოლოდ ის, რომ მათ ყველაფერი დაანგრიეს. მაგრამ ვერსად ვერ ნახავთ იმას, რომ მონღოლთა იმპერია, ისევე, როგორც ალექსანდრე მაკედონელი, გლობალიზაციის გარკვეული წანამძღვარი იყო. მონღოლთა იმპერია არ იყო ჩამორჩენილი და მხოლოდ სასტიკი, როგორც ეს საქართველოს ისტორიაში ჩანს. ეს იმპერია მრავალ საკითხში ძალიან თანამედროვე იყო — ფინანსურ საქმეში, საგზაო და საფოსტო მიმოსვლაში. რა თქმა უნდა, როგორც დამპყრობლები მონღოლები გაუგონარი სიმხეცით გამოირჩეოდნენ. მაგრამ მათ შექმნეს დიდი იმპერია, რომელიც იმ დროში ძალიან თანამედროვე იყო. ამაზე ქართული ისტორია არ საუბრობს", — აცხადებს ბაქრაძე.
ბაქრაძის თქმით, საქართველოს ისტორია — ეს არის გმირების და არა ყოველდღიურობის ისტორია. ის მხოლოდ გმირულ ფიგურებზე, მტრების და საქართველოს დაპყრობის ისტორიებზე მოგვითხრობს და დუმს მრავალ პარალელურ, არანაკლებ საინტერესო და არადამპყრობლურ პერიოდებზე. განსაკუთრებულად ფერმკრთალად არის წარმოდგენილი საქართველოს ქალთა ისტორია, როდესაც დასავლეთში, ბაქრაძის თქმით, ქალთა როლი ქვეყნების ისტორიაში საოცარია.
ლაშა ბაქრაძის თქმით, ამ ყველაფრის გამო და საქართველოს ისტორიის შესახებ სხვადასხვა თვალსაზრისის ცოცხალი დისკუსიების არ არსებობის გამო, ქვეყნის სკოლებსა და უნივერსიტეტებში ამ საგნის შესწავლა მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის საინტერესო არ არის. ამასთან დაკავშირებით, თავად ისტორიის და ლიტერატურისმცოდნეობის დარგი საქართველოში დაბალ დონეზეა.
„ეს ჩვენთვის ნებისმიერი დარგის პრობლემაა. ჩვენთან არსებობს ჩამოყალიბებული აზრები, და ამ აზრებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებული მოსაზრება არ უნდა გაჩნდეს. ჩვენთან არ შეიძლება გადაიხედოს, გადაისინჯოს ადრე დაწერილი, რადგან ეს ხელშეუხებელია. ეს სერიოზული პრობლემაა ჩვენთან. ამ დროს კი დასავლურ ისტორიოგრაფიაში გამუდმებით მიმდინარეობს ღირებულებათა გადაფასება, წარსულის ახლებურად შეფასება", — აღნიშნა ბაქრაძემ.
მუზეუმების კვირეული 16-20 მაისს იმართება, ხოლო მუზეუმების საერთაშორისო დღეს სტუმრების შესვლა თავისუფალი იქნება. ღონისძიება მუზეუმების საერთაშორისო დღეს ეძღვნება, რომელიც ყოველ წელს 18 მაისს აღინიშნება. ეს დღე 1977 წელს ICOM-ის (International Council of Museums) მე-11 გენერალურ კონფერენციაზე დაფუძნდა. 1978 წლიდან დღესასწაულის აღნიშვნა 150-ზე მეტ ქვეყანაში დაიწყეს.
ამ დღეს მუზეუმებში, ტრადიციულად ეწყობა ღია კარის დღე, გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები, სამეცნიერო კონფერენციები, ლექციები და კულტურული და სამეცნიერო-შემეცნებითი ღონისძიებები. საქართველოს ეროვნული მუზეუმი უერთდება ამ კამპანიას და უკვე მე-10 წელია მუზეუმის საერთაშორისო დღეს ტრადიციულად აღნიშნავს „მუზეუმის კვირეულით".