თბილისში გაიხსნა გამოფენა „შედევრები ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან"

© photo: Sputnikხალხი გადადის აღმაშენებლის გამზირზე თბილისის ცენტრში
ხალხი გადადის აღმაშენებლის გამზირზე თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პაბლო პიკასოს, ვასილი კანდინსკის, და ასევე ცნობილი ქართველი მხატვრების ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია გამოფენაზე „შედევრები ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან".

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. მსოფლიო და ქართული ხელოვნების უნიკალური ნიმუშების ნახვა შესაძლებელია გამოფენაზე „შედევრები ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან", რომელიც  შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ბერნანდო დადის, ლუკას კრანახის (უფროსი), გვიდო რენის, იან სტენის, იაკობ ვან რეისდალის, ოგიუსტ როდენის, პაბლო პიკასოს, ვასილი კანდინსკის, რობერტ ფალკის ნამუშევრები.

ასევე გამოიფინება ცნობილი ქართველი მხატვრების — ნიკო ფიროსმანაშვილის, ლადო გუდიაშვილისა და დავით კაკაბაძის შედევრები.

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები აქამდე ხელოვნების მუზეუმის კოლექციებში ინახებოდა და აღსანიშნავია, რომ ამ კონცეფციით ბოლო ათწლეულების განმავლობაში მათი წარდგენა  ფართო საზოგადოების წინაშე პირველად მოხდა, აღნიშნავენ მუზეუმში.

დამთვალიერებელი გაეცნობა  ქართული ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშებს: ღვთისმშობლის მცირე კარედი ხატი უბისიდან (XIV), ქვის, ძვლის, ლითონისა და თიხის სხვადასხვა დანიშნულების არტეფაქტები უფლისციხის არქეოლოგიური გათხრებიდან და მრავალი სხვა.

ხელოვნების სასახლე - Sputnik საქართველო
ხელოვნების სასახლეში სენსაციური გამოფენა იგეგმება

გამოფენა „შედევრები ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან" ერთ თვეს გასტანს.

გამოფენის პარალელურად დამთვალიერებელი გაეცნობა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის განვითარების გეგმას. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის 1830 წელს აგებული შენობა უკვე მრავალი წლის განმავლობაში სავალალო მდგომარეობაშია და მისი ინფრასტრუქტურა საჭიროებს სრულ განახლებას, ფონდსაცავებსა და საგამოფენო სივრცეებში კი კოლექციებისათვის შეუფერებელი კლიმატური პირობებია.

2016 წელს ეროვნულ მუზეუმს სარგებლობაში გადაეცა ხელოვნების მუზეუმის მომიჯნავე 3100 კვ.მ. ფართის მქონე შენობა, რომლის პროექტირება უკვე დასრულებულია. ახალი შენობის დაგეგმვისას გათვალისწინებულია ხელოვნების მუზეუმის შენობაში მძიმე პირობებში მომუშავე თანამშრომლების გადაყვანა და მუზეუმში დაცული კოლექციების გადატანა უსაფრთხო ადგილას, რაც შესაძლებელს გახდის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის სწრაფ რეაბილიტაციას. 

 

ყველა ახალი ამბავი
0