თბილისი, 10 მაისი — Sputnik. აქცია "ღამე მუზეუმში" საქართველოში 27 მაისს გაიმართება — ქვეყნის თითქმის ყველა მუზეუმის დათვალიერება სტუმრებისთვის აბსოლუტურად უფასო იქნება.
"ღამე მუზეუმში" საერთაშორისო აქციაა, რომელიც მუზეუმების საერთაშორისო დღეს (18 მაისი) ეძღვნება და როდესაც მუზეუმების დათვალიერება ღამით შეიძლება.
ღონისძიებაში მონაწილეობს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში ყველა მუზეუმი. მუზეუმების სრული ჩამონათვალი იხილეთ უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
აქციის მონაწილე იქნება ასევე ორი უწყებრივი მუზეუმი — ქართული სპორტის მუზეუმი, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის მუზეუმი და ასევე კერძო მუზეუმი — ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების გალერეა.
დამთვალიერებლებისთვის მუზეუმები ღამის 1 საათამდე იქნება ღია.
"ღამე მუზეუმში" პირველად ბერლინში 1997 წელს გაიმართა. ორი წლის შემდეგ აქცია საფრანგეთში სახელწოდებით "მუზეუმების გაზაფხული" ჩატარდა. 2001 წელს ამ აქციაში უკვე ევროპისა და ამერიკის 39 ქვეყანა მონაწილეობდა, ხოლო 2005 წელს "მუზეუმების გაზაფხული" "ღამე მუზეუმში" გახდა.