ყვირილი და სტვენა: თბილისში კონსტიტუციის ცვლილებების განხილვა ჩაიშალა

© Sputnik / Alexander Imedashviliირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქტივისტები განხილვაზე ჩაფხუტებით მივიდნენ და ხელისუფლებას მშრომელთა უფლებების დაცვისკენ ამ ფორმით მოუწოდეს.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა, რომელიც თბილისის საკონცერტო დარბაზში (ფილარმონიაში) უნდა გამართულიყო, სტუდენტებისა და საზოგადოებრივი მოძრაობა „აუდიტორია 115"-ის აქტივისტების პროტესტის გამო ჩაიშალა.

შახტი - Sputnik საქართველო
ტრაგედია შახტში: საქართველოს პრემიერი მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ ქვეყნის მთავარ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვის დაწყება და სიტყვით გამოსვლა ვერ მოახერხა, რადგან აქტივისტებმა ყვირილი და სტვენა დაიწყეს, რა დროსაც მათ ტყიბულის შახტში ოთხი დაღუპული მეშახტის ხსოვნის ნიშნად ხელში ჩაფხუტები ეკავათ. მანამდე „აუდიტორია 115"-მა ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართა.

„ჩვენ გვქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დღეს იგეგმებოდა პროვოკაცია, ამაზე ჩემი კოლეგები შეხვედრის წინ საუბრობდნენ. ჩვენი დღევანდელი ამოცანაა კონსტიტუციაზე მსჯელობა. გთხოვთ, აქ შეკრებილ 2500 ადამიანს მივცეთ საშუალება, იმსჯელონ კონსტიტუციაზე", — მიმართა კობახიძემ შეკრებილებს.

მიუხედავად პარლამენტის სპიკერის მცდელობისა დაეშოშმინებინა აქტივისტები, დარბაზში ყვირილი და სტვენა არ შეწყვეტილა. ამის შემდეგ კობახიძე იძულებული გახდა შეხვედრა შეეწყვიტა, აქტივისტებს კი „კომუნისტები“ უწოდა.

„სამწუხაროა, რომ რამდენიმე ათეული ახალგაზრდა კომუნისტი არ აძლევს 2500 მოქალაქეს კონსტიტუციის განხილვის საშუალებას. მინდა გითხრათ, რომ თქვენ არასწორი ნიშა აირჩიეთ. ილია ჭავჭავაძის ქვეყანაში ახალგაზრდა კომუნისტების ადგილი არ არის. მოგიწოდებთ, სწავლის გზას დაადგეთ", — განაცხადა კობახიძემ.

გიორგი მარგველაშვილი სტუდენტებთან - Sputnik საქართველო
„მე და კონსტიტუცია“ - საქართველოს პრეზიდენტი პროექტის მონაწილეებს შეხვდა

დღევანდელი შეხვედრა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში ფინალური უნდა გამხდარიყო.

საყოველთაო განხილვა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მაისის თვის დასაწყისში დაიწყო, მას შემდეგ, რაც მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დეპუტატებმა ცვლილებების პროექტი პარლამენტს გადაუგზავნეს. როდის გაიმართება თბილისის მოსახლეობასთან შეხვედრა, ჯერჯერობით უცნობია.

განახლებული კონსტიტუციის პროექტი საქართველოს ნახევრადსაპრეზიდენტო მმართველობის ფორმიდან საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის უფლებამოსილებები მცირდება, მთავრობისა კი იზრდება.

გარდა ამისა, გათვალისწინებულია პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევის გაუქმება და საპარლამენტო არჩევნების ახალი — მხოლოდ პროპორციული სისტემის შემოღება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ საყოველთაო განხილვისა და ვენეციის კომისიის შენიშვნების საფუძველზე „ქართული ოცნება" მზად არის შემუშავებულ პროექტში ცვლილებები შეიტანოს. „ქართული ოცნების" განცხადებით, კონსტიტუციის განახლებული პროექტი საქართველოს პარლამენტმა 2017 წელს უნდა მიიღოს, თუმცა, ის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა ძალაში.

გიორგი მარგველაშვილი ბათუმის მცხოვრებლებს შეხვდა - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი ძალაუფლების დაბალანსებული სისტემის მომხრეა

რაც შეეხება დაღუპულ მეშახტეებს, გასულ კვირაში ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში უბედური შემთხვევა მოხდა, როდესაც მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობის რემონტი მიმდინარეობდა. კომპანია „საქნახშირის" მონაცემებით, ბაგირის გამოცვლის დროს ჩაწყდა საბარგო კაბინა და ოთხი მაღაროელი დაახლოებით 400 მეტრი სიმაღლიდან ჩავარდა. მუშები დაიღუპნენ, მათი ცხედრების ამოყვანა მხოლოდ გამთენიისას მოხერხდა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა უბედური შემთხვევის შესახებ, თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლებიც „აუდიტორია 115"-ის ორგანიზებით ჩატარდა. აქციის მონაწილენი საშიშ საწარმოებზე შრომის პირობების კონტროლის გამკაცრებას მოითხოვდნენ. მომხდარ ტრაგედიაზე მთელი პასუხისმგებლობა მათ ხელისუფლებას დააკისრეს.

ყველა ახალი ამბავი
0