თბილისი, 7 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში უფროსკლასელთათვის უკვე მეორედ გამართული კონკურს „მე და კონსტიტუციის“ ფინალისტებს უმასპინძლა.
კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ფინალში 12 გუნდი შეიკრიბა. გამარჯვებული გუნდი ბრიუსელში გაემგზავრება. საქართველოს პრეზიდენტი კონკურსის ფინალისტებს საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციის ცოდნის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
„კონსტიტუცია არ უნდა იყოს მარტო პოლიტიკური ელიტების, მარტო განსწავლული იურისტების, მარტო ძალიან ჭკვიანი კონსტიტუციონალისტების საქმე. კონსტიტუცია, როგორც ქვეყნის მთავარი დოკუმენტი, რომელიც იწყება სიტყვებით „ჩვენ საქართველოს მოქალაქენი“ და რომელშიც ერთიანდება საქართველოს მთელი მოსახლეობა, უნდა იყოს ყოველი ჩვენთაგანის“, — განაცხადა მარგველაშვილმა კონკურსის ფინალისტებთან შეხვედრისას.
კონკურსს „მე და კონსტიტუცია“ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორია" ახორციელებს. მასში საქართველოს სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები ერთმანეთს კონსტიტუციის ცოდნაში ეჯიბრებიან.
კონკურსი სამ ეტაპად ტარდება. პირველ ეტაპზე გუნდებმა უნდა მოამზადონ ვიდეორგოლი თემაზე „მე და კონსტიტუცია“, რომელიც ისეთი კრიტერიუმების მიხედვით ფასდება, როგორიც არის კრეატიულობა და შინაარსობრივი გამართულობა.
მეორე ეტაპზე საუკეთესო ვიდეორგოლების ავტორებმა კონსტიტუციის შესახებ კომპეტენტური ჟიურის შეკითხვებს პასუხი უნდა გასცენ, სპეციალისტები ასე შეამოწმებენ ბავშვების ცოდნას ამ სფეროში.
მესამე ტურში გუნდებს დაევალებათ წარმოადგინონ საკუთარი პრეზენტაცია თემაზე: „კონსტიტუციის საუკეთესო მხარეები“, ასევე მიუთითონ, რა არის მასში შესაცვლელი და უპასუხონ ჟიურის კითხვებს. ამის შემდეგ გუნდების კაპიტნების კონკურსი ჩატარდება, რომლებსაც 10 შეკითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევთ.